"მთელი დარბაზი ტიროდა... ვერც მე ვიკავებდი ცრემლს" - როგორ შეუყვარდა პატრიარქს კლასიკური მუსიკა

"მთელი დარბაზი ტიროდა... ვერც მე ვიკავებდი ცრემლს" - როგორ შეუყვარდა პატრიარქს კლასიკური მუსიკა

ილია მეორის კლასიკური მუსიკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ქართული საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია. პატრიარქის საგალობლები საზოგადოებაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. გულშიჩამწვდომი, სადა და მელოდიური საგალობლები პირველივე მოსმენისთანავე ახლობელი ხდება მსმენელისთვის. კათოლიკოს-პატრიარქის ცნობილი ქმნილებებია: "კირიე ელეისონ", "დავიღალე", "ავე მარია" და ა.შ.

პატრიარქის პირად არქივში არის ჩანაწერი, რომელშიც ილია მეორე მისი და მუსიკის დამეგობრების ისტორიას აღწერს:

"სემინარიასა და აკადემიაში კარგი მუსიკის მასწავლებელი გვყავდა - აქსიონოვი მიხაილ ნიკოლაევიჩი, რომელსაც მეფის დროს ჰქონდა განათლება მიღებული.

იგი განსაკუთრებით გვამზადებდა ხოლმე რუსეთის პატრიარქ ალექსი I-თან შესახვედრად. პატრიარქი ალექსი არისტოკრატიული წარმოშობის დიდგვაროვანი იყო, ფრიად განსწავლული პიროვნება, გვარად სიმანსკი. საზეიმო შეხვედრა სამი ნაწილისაგან შედგებოდა: პირველი ნაწილი იყო ოფიციალური მოხსენებები, მეორე - საეკლესიო საგალობლები, მესამე - კლასიკური მუსიკა: საგუნდო ნაწარმოებები, ნაწყვეტები ოპერებიდან... გუნდში 120 წევრი ვიყავით; ყველაფერი ძალიან

კარგად გამოგვდიოდა...

აკადემიაში ყოფნისას ჩემთან ოთახში ცხოვრობდა სტუდენტი ლიბანიდან, მართლმადიდებელი არაბი. აკადემიის ადმინისტრაციამ პატივი გვცა და დაგვიდგეს ფისჰარმონია.ხანდახან ვუკრავდით, ვარჩევდით ნოტებს. ზოგჯერ ჩავდიოდით მოსკოვში (აკადემია დაშორებულია მოსკოვიდან 70 კილომეტრით), ვესწრებოდით საოპერო დადგმებს დიდ თეატრში და ხან და ხან ვრჩებოდით კიდეც იქ, ერთ მოხუცებულ მონაზონთან, რომელიც ეხმარებოდა სტუდენტებს. ოპერის გამო ზოგჯერ აკადემიაში დაგვიანებითაც მივდიოდით და როცა გვეკითხებოდნენ სად იყავითო, ვპასუხობდით, - ბიბლიოთეკაში.

მახსენდება 1957 წელი (თუ არ ვცდები), ქართული კულტურის დღეები მოსკოვში, რომელიც გაიხსნა "დაისით" დიდ თეატრში. სტუდენტები წავედით. ზურაბ ანჯაფარიძე ასრულებდა მალხაზის პარტიას. მთელი დარბაზი ტიროდა. ვერც მე ვიკავებდი ცრემლს, იმდენად შთამბეჭდავი იყო. თავიდანვე ასე ძალიან შემიყვარდა კლასიკური მუსიკა" - იგონებს ილია მეორე.

პატრიარქის პირადი არქივიდან მასალებს ჟურნალმა "კარიბჭემ" ფეისბუქის გვერდზე მოუყარა თავი და მათი გაცნობის საშუალებას ინტერნეტმომხმარებლებსაც აძლევს. "კარიბჭის" ფეისბუქის გვერდზე პატრიარქის ცხოვრებიდან საინტერესო დოკუმენტური მასალები და უნიკალური ფოტოარქივიც ქვეყნდება, რომელსაც ინტერნეტმომხმარებლებში დიდი გამოხმაურება აქვს.

ასევე წაიკითხეთ:

"გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი..." - რას წერდნენ პატრიარქს მშობლები

ემოციური წერილები პატრიარქს - რას წერენ ბავშვები ილია მეორეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი