თიკო ნატროშვილისა და გაგა ხაბულიანის სიყვარულის ისტორია ირინა ონაშვილისა და ლადო ვარძელაშვილის ქორწილიდან დაიწყო. ერთად ცეკვის შემდეგ გადაწყვიტეს, ერთმანეთის სახელები მაინც გაეგოთ. მერე იყო ქორწილის მეორე დღე, პაემანი და... ყველაფერი პარიზული ჯვრისწერით დაგვირგვინდა.გაგა:
- თიკო ჩემი მეგობრის ლადო ვარძელაშვილის ქორწილში გავიცანი. თიკო ირინას მეგობარია, მანამდე ტელეეკრანიდან ალბათ ნანახი მყავდა, მაგრამ რომ არ მოგატყუოთ, მისი სახელი და გვარი არ ვიცოდი. ქორწილის ბოლოს ახალგაზრდები შემოვრჩით, ყველა ცეკვავდა, მღეროდა. მე და თიკუნამაც ვიცეკვეთ ერთად.
თიკო:
- ვიცი, რომ გაგამ ჩვენს გაცნობამდე ჩემი სახელი და გვარი არ იცოდა. არც მაქვს იმის ამბიცია, რომ ყველამ უნდა იცოდეს ვინ არის თიკო ნატროშვილი. ზოგი არ იცნობს ამ სფეროს, არ კითხულობს ჟურნალებს. გაგაც ამ კატეგორიის ადამიანია, დიდად თავს არ იკლავდა დეფილეებზე სიარულითა და მოდელების გაცნობით (იღიმის). სადღაც ალბათ თვალიც მოუკრავს ჩემთვის, პირველად არ დავუნახივარ ქორწილში, მაგრამ სახელი არ იცოდა, უბრალოდ მოვიდა და მეცეკვა.
- რა იცეკვეთ?
- ტანგო და ვალსი არ გვიცეკვია, ჩვეულებრივი პრიმიტიული მოძრაობები იყო, კარგ განწყობას და ცოტაოდენ ალკოჰოლს რომ მოაქვს, ისეთი. მგონი, შვიდჯერ ვიცეკვეთ ერთად, ბოლოს გადავწყვიტეთ, სახელები გვეკითხა ერთმანეთისთვის.
- ტელეფონის ნომრები როდის გაცვალეთ?- გაგა ყოველთვის სიამაყით აღნიშნავს, რომ ტელეფონის ნომერი ჩემი ხელით დავუწერე, არ ვიცი, როგორ აგიხსნათ, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ეს ადამიანი "ჩემი" იყო. გაგამ ძალიან სწორი განმარტება მოუძებნა ჩვენი ურთიერთობის გაგრძელებას, ამას მეგობრობა ერქვა, მაგრამ მარწუხებში არ მოვქცეულვარ, ეს არ გამორიცხავდა ფლირტს. ტელეფონის ნომრის გაგებას რაღა უნდა, რომც არ მიმეცა, მაინც გაიგებდა. ან რატომ არ უნდა მიმეცა?! მანამდე ირინა ისე თბილად იხსენებდა გაგას, ვხვდებოდი, რომ ცუდი ადამიანი არ უნდა ყოფილიყო. ირინამ შეამჩნია, რომ მე და გაგა ერთმანეთს მივეკედლეთ და ცდილობდა შევეგულიანებინე. ქორწილის მეორე დღეს კიდევ შევხვდით ერთმანეთს, მესამე დღეს დამირეკა, მეოთხე დღეს ისევ შევხვდით... 11 ოქტომბერს გავიცანით ერთმანეთი და 24 იანვარს დავიწერეთ ჯვარი. დეკემბერში უკვე ვიცოდით, რომ ერთად ყოფნა გვინდოდა.
- ჯვარი პარიზში დაიწერეთ...
გაგა:
- ჰო, ასე მოხდა. თიკო პარიზში თავის საქმეზე მიდიოდა, ჩვენება ჰქონდა და გადავწყვიტე წავყოლოდი, ერთად გაგვეტარებინა შეყვარებულობის პერიოდი. მერე ისე განვითარდა მოვლენები, გადავწყვიტეთ, ჯვარი დაგვეწერა.
თიკო:
- დაახლოებით ოცდაათი სტუმარი გვყავდა
- სად მოაგროვეთ ამდენი ქართველი სტუმარი პარიზში?
- აქედან თვრამეტნი გავფრინდით. ნინო ცქიტიშვილი იყო იქ, ნატა სამადალაშვილი. იმ პერიოდში ისეთი ფასდაკლებები იყო მაღაზიებში, ბევრ ქართველს ნახავდით. კურიოზული სიტუაცია იყო, როცა შანზელიზეზე ვიღაცამ დამიძახა, თიკოო, ნატა იყო, სამადალაშვილი. თავი რუსთაველზე მეგონა (იღიმის).
- საქორწინო კაბა აქედან წაიღე?
- ეს არ იყო საქორწინო კაბა, ირაკლი ნასიძემ შემიქმნა ორიგინალური კაბა ჯვრისწერისთვის.
- თიკო, მითხარი, როგორ მოგწონს ოჯახური თანაცხოვრება, ალბათ ცალკე ცხოვრობთ...
- არა, გაგას მშობლებთან ერთად ვცხოვრობთ.
- გაგა დედისერთაა?
გაგა:
- არა, მე "დედისორა" ვარ. მყავს დაოჯახებული და და ძალიან საყვარელი დისშვილი.
თიკო:
- ოჯახურ თანაცხოვრებას რაც შეეხება, საინტერესოა თავისი პლუსებითა და მინუსებით, მაგრამ სიახლეა და მომწონს. აქამდე მხოლოდ საკუთარ თავზე ვიყავი პასუხისმგებელი, ახლა მეორე ადამიანზე, ჩემს მეორე ნახევარზეც ვზრუნავ. არავინ მაძალებს, ესა და ეს გააკეთეო, თვითონ მსიამოვნებს, როცა საყვარელი ადამიანისთვის კერძს მოვამზადებ.
- გაგა, თიკო კარგი კულინარია?
- კი, გემრიელ კერძებს აკეთებს. ჩვენი გემოვნებაც ემთხვევა ამ მხრივ. ორივეს გვიყვარს ცხარე კერძები, ქათმის ხორცი.
თიკო:
- ახლა მარხვაზე ვართ და სულ კომბოსტოს ვაჭმევ (იცინის). იმდენი ჭამა, მგონი, ცუდადაა უკვე. ცხიმიანი კერძები და ცომეული ჩემი მდგომარეობისთვის არც არის სასურველი.
- ფეხმძიმედ ხარ?
- ჰო, თუმცა ჯერ სულ ექვსი კვირის ორსული ვარ, შემოდგომაზე ველოდებით პატარას.
- თიკო, დაქორწინება შენს კარიერას ხომ არ შეუშლის ხელს?
- აქტუალური კითხვაა, იქიდან გამომდინარე, რომ არაერთმა მოდელმა გათხოვების შემდეგ კარიერა მიატოვა. მე ასე არ ვიქნები, ყოველ შემთხვევაში, გაგას გამო.
- ეს მანამდე გაარკვიე, სანამ ცოლად გაჰყვებოდი გაგას?
- ჩვენ ბევრი რამ გავარკვიეთ მანამდე. მათ შორის ერთ-ერთი თემა ეს იყო, თუმცა მე არ წამომიწყია ამაზე ლაპარაკი. გაგამ თვითონ მითხრა, რომ მის გამო პრობლემები არ შემექმნებოდა კარიერაში.
- სხვა საკითხებში თუ გაქვს შეზღუდვები, მაგალითად, ჩაცმის სტილსაც თუ გიკონტროლებს?
- არ აკონტროლებს, მაგრამ თვითონ მინდა, ისე მეცვას, როგორც გაგას მოსწონს. როგორც შევამჩნიე, გაგას ბოტასებიანი ქალები უფრო მოსწონს (იცინის), ამიტომაც დღეს ასეთ ფორმაში ვარ.
გაგა:
- მიყვარს თავისუფალი სტილი, კოსტიუმიც მომწონს, მაგრამ ვფიქრობ, რომ თიკოს ხასიათს ჩაჩაჩული შარვალი და ბოტასი უფრო უხდება, ვიდრე მაღალი ქუსლი.
- სიყვარულის დღე როგორ გაატარეთ?
- მე და ლადოს გვინდოდა, ორიგინალურად მიგველოცა მეუღლეებისთვის ეს დღე. ბევრი ვიფიქრეთ და საღამოს სამსახურის შემდეგ ჩავალაგეთ ჩანთები და ბაკურიანში წავიყვანეთ ცოლები. ოთხი წყვილი წავედით და მაგარი დრო გავატარეთ...
თიკო:
- ცუდი ის იყო, რომ ესენი "ბურანებით" წავიდნენ მთებში და მე სასტუმროში ვიჯექი ჩემი მდგომარეობის გამო. აუზში ჩადიოდნენ, მე ზემოდან ვუყურებდი... მოკლედ, მთელი შაბათი და კვირა სასტუმროში დავრჩი, ეს იყო ჩემი სიურპრიზი (იცინიან).
ნინო მჭედლიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”
(გამოდის ორშაბათობით)




















