"თითქოს მოვკვდი, მაგრამ ფიქრები მაიძულებენ სიცოცხლე დავიბრუნო..." - რამ დაასევდიანა და სად უნდა გაქცევა პეტრე კოლხს

"თითქოს მოვკვდი, მაგრამ ფიქრები მაიძულებენ სიცოცხლე დავიბრუნო..." - რამ დაასევდიანა და სად უნდა გაქცევა პეტრე კოლხს

ბევრს უყვარს, თუმცა გარკვეული ნაწილი საჯაროდაც აკრიტიკებს. საყვედურობს, მათ შორის იმას, რომ სოციალურ ქსელში აქტიურია, გარკვეულ საკითხებზე საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას არ უფრთხის.

ოპონენტებს მიაჩნიათ, სასულიერო პირისთვის ასეთი სითამამე ცოტათი უჩვეულოა... თავად პეტრე კოლხი, იგივე პეტრე კვარაცხელია, რომელიც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზია, სხვაგვარად მიიჩნევს: "არ ჩაკეტოთ უკანდასახევი გზა, არ შეეწიროთ საზოგადოებრივ მიდგომებს... გათავისუფლდით საკუთარი კომპლექსებისგან".

ის მხოლოდ მოძღვარი არ არის, პოეტიცაა, არაერთი პოეტური კრებულის ავტორი. მუზა არასდროს ტოვებს... ბოლო დროს სოციალურ ქსელში თითქოს ისეთი აქტიური აღარაა, როგორც ადრე, ის კი არა, ცოტა სევდიანიც კი ეჩვენებათ. თავად კი ჩემს კითხვებს ასე პასუხობს:

"ბოლო დროს სევდიანი კი არა, უფრო დაფიქრებული ვარ... თითქოს მოვკვდი, მაგრამ ფიქრები მაიძულებენ სიცოცხლე დავიბრუნო. სულ თვალწინ მიდგას ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს საფლავთან აცრემლებული ღმერთი. მეგობარს მოუხმო - "ლაზარე, გამოდი გარე"... და გახრწნილი სხეულიდან აღდგა. მეც მინდა, ვინმემ აღმადგინოს. ტერენტი გრანელის განწყობა მაქვს, "ქვემოთ საფლავებია და ზემოდან ფიქრები"... არ მიყვარს მოწყენილობა... მოსაწყენად არ მცალია. ეს ალბათ შუალედური მდგომარეობაა. მე უკიდურესობები მახასიათებს... ან ცოცხალი ვარ, ან მკვდარი... ოღონდ, დაუფიქრებლად მჯერა აღდგომის... გული გამალებით სცემს იესოს მოლოდინში, რომელიც სამარის ყრუ კედლებს შემინგრევს და მეტყვის, - პეტრე, სინათლეში გამოდი..."

- რა არის თქვენთვის თუნდაც პერიოდული სევდის მიზეზი?

- ყველაფერი სევდაა... დაბადება, გარდაცვალება, მოგზაურობა... ღიმილიც და სიხარულიც სევდაა... გზაჯვარედინზე ვდგავარ, ამჯერად არჩევანი დავუტოვე საკუთარ თავს და ვნახოთ, რა გადაწყევტილებას მიიღებს... არც მახსოვს, ბოლოს როდის გამეღიმა გულწრფელად. თავს ბედნიერებასაც ვუკრძალავ. ესეც ინდივიდუალურია... მატერია არასდროს მაბედნიერებდა... შემოდგომაა და ტერენტისეული "გაფრენები" დამემართა... მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების... სიცოცხლე და სიკვდილი გამოვცადე... ვნახოთ, სად მიმიყვანს ის გზა, რომელიც "არ არსებობს"...

- სოციალურ ქსელში დაწერილი თქვენი ერთ-ერთი ბოლო სტატუსი ასე იწყება: "ამ ბოლო დროს ხშირად მინდება, ყველაფერი დავყარო და გავიქცე. ერთადერთი, სულის ძაფზე გამობმული ადამიანები მიჭერენ". რას მიუძღვენით, რამ მოახდინა პროვოცირება?

- სადაც არ უნდა წახვიდე, თავს ვერ გაექცევი, მაგრამ თუ არ გაიქეცი, ვერც თავს იპოვი. ყველაფერი მტკივა - აწმყოც, წარსულიც და მომავალიც. ტკივილი ჩემი წარმომავლობა გახდა. ის მუდამ ძალაშია. ტკივილს კი ყველაზე მეტად ღიმილი უხდება... ჰოდა, გავიღიმოთ...

- გაქცევას სად აპირებთ და ვინ არიან ადამიანები, ვინც გიჭერენ?

- თუ გაქცევა გინდა, ვერავინ დაგიჭერს. სხვა საბაბი, მიზეზი, ალბათ ის არის, რომ გეზარება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. როცა საკუთარი თავი ზურგიდან მოგაწვება, შეიძლება ირმის ნახტომიც გააკეთო. ამ წამს აღმოვაჩინე, რომ საინტერესო პერიოდი მქონია. მადლობა ალაპარაკებისთვის. ვნახოთ, ვნახოთ...

- ძნელია მოძღვრისა და პოეტის ხვედრი? მთავრი სირთულე რა არის, სად გადის ზღვარი სასულიერო პირობასა და პოეტობას შორის?

- მეტირება... რა ვუთხრა, ამის გამო ძალა რომ მაქვს გამოცლილი?! რომ ხშირად წინააღმდეგობაში მოდის საეკლესიო დოგმები პოეტურ გაფრენებთან?! ორივე რომ ერთმანეთზე უმძიმესი ტვირთია?! ქრისტესაც რომ ემსახურები და პოეზიის ქურუმსაც, რომლის გაქრისტება გინდა?! რომ ვუთხრა, გაიგებს?! ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ...

- "დროა დავეუფლოთ ადამიანობას" - ესეც ერთ-ერთი ბოლო სტატუსთაგანია. ეს არც ისე მარტივი რამ არის. თუმცა, ამის პარალელურად, ნებისმიერს ხომ თავი ადამიანი ჰგონია...

- თუ ადამიანი არ ხარ, შეუძლებელია იყო კარგი ღვთისმსახური, კარგი პედაგოგი, იურისტი ან ექიმი... ყველა პროფესიას შეიძლება ზედმიწევნით დაეუფლო, მაგრამ ადამიანად ყოფნა უფრო ძნელია, ღმერთო!..

- როგორ გექცევიან პირადად თქვენ ადამიანები. თავლთმაქცებთან როგორ ურთიერთობთ? რა ხერხი გაქვთ მათთან გასამკლავებლად?

- ფარისეველთა რა ხანია დამყვება ჯარი... მათთან ურთიერთობას მარტივად ვაგვარებ - არ მჯერა ადამიანების და არც იმის საშუალებას ვაძლევ, რომ გული მატკინონ... ჩვენს გარშემო ან "ღმერთები" ცხოვრობენ, ან ნაძირლები... მე კი დიოგენეს ფარნით ისევ ადამიანებს დავეძებ... იმედია, ვიპოვი...

- ესეც თქვენი ფრაზაა: "არაფერი ეძიო საკუთარი თავის გარდა"... თუმცა ბევრმა არ იცის, ის როგორ ეძიოს, ან ეს სულაც არ უნდა. რა რჩევა შეგიძლიათ მათ მისცეთ?

- მოძღვრება ღმერთისა და ადამიანის შესახებ გვასწავლის, რომ თავი ვიპოვოთ... წარმართული ფილოსოფია და ქრისტიანობა თანაბრად გვეუბნება - შეიცან თავი შენი... ადვილია დაკარგო თავი (უნდა დაკარგო კიდეც), მაგრამ საინტერესო პროცესია მისი პოვნა...

- და ბოლოს თუ ჩვენს დიალოგს პირობითად, "გაქცევას" დავარქმევთ და მგონი, მთლად "გასაქცევად" სულაც არ უნდა გქონდეთ საქმე. პოეტი, მოძღვარი და 6 შვილის მამობა უფლისგან გამორჩეულთა ხვედრია... რას იტყვით?

- ხშირად ისე ვარ, სხვას კი არა, თავსაც ვემალები. არის პერიოდი (რაც დიდხანს გამიგრძელდა), როცა ყველას გარეშე გინდება ყოფნა. გინდა, მოწყდე ყოველდღიურობას და სადმე ველურ კუნძულზე დასახლდე, რომ ძალები ისევ აღიდგინო და ყველაფერი თავიდან დაიწყო... მხოლოდ ერთს გირჩევთ - არასდროს, ა რ ა ს დ რ ო ს არ წაართვათ თავს არჩევანის უფლება... არ ჩაკეტოთ უკანდასახევი გზა, არ შეეწიროთ საზოგადოებრივ მიდგომებს... გათავისუფლდით საკუთარი კომპლექსებისგან და ყველაფრის დაკარგვის ფასად შეინარჩუნეთ თქვენთვის ღირებული ადამიანი და ურთიერთობები...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი