"აღმაშენეებლზე უძრავი ქონების ფასი გახუთმაგებულია" - განახლებული გამზირი გაიხსნა

"აღმაშენეებლზე უძრავი ქონების ფასი გახუთმაგებულია" - განახლებული გამზირი გაიხსნა

თბილისის მერიის პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთში სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. განახლებული აღმაშენებლის გამზირი დღეს გაიხსნა.

ღონისძიებაში მონაწილეობა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მიიღეს. მათ განახლებულ გამზირზე ჩამოიარეს და მოსახლეობას გაესაუბრნენ.

პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას განახლებული აღმაშენებლის გამზირის გახსნა მიულოცა.

"მინდა მივულოცო ყველას ამ ულამაზესი ისტორიული უბნის აღდგენა. უპრეცედენტოდ მოკლე დროში დასრულდა პირველი ეტაპი და პრაქტიკულად, 7 თვის განმავლობაში შესრულდა უზარმაზარი სამუშაო. აღდგენილია ქუჩა, რომელიც პრაქტიკურად არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მთლიანად აღდგენილია არა მარტო გარეგნული იერ-სახე, ასევე აღდგენილია სადარბაზოები, მათ შორის, კედლის მოხატულობა, ეზოები, კომუნიკაციები მთლიანად არის განახლებული", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პირველი ეტაპი, ხოლო მეორე ეტაპი გულისხმობს საფეხმავლო მარშრუტების აღდგენას, ასევე მე-19 საუკუნის ბაღების აღდგენას.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, უპირველეს ყოვლისა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. "უძრავი ქონების ფასი არის გახუთმაგებული. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იქნება ეს ადგილი ტურისტებისთვის, რადგან ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი უბანი თბილისში", - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, დღევანდელ ღონისძიებაზე მთავრობას არავინ დაუპატიჟებია და ყველა თავისით მივიდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, განსაკუთრებით დაზიანებულ შიდა ეზოებში ჩატარდა შუშაბანდების რესტავრაცია და განხორციელდა ეზოების კეთილმოწყობა. სახლებზე მოეწყო ახალი ცხაურები. გამზირზე მთლიანად შეიცვალა საკომუნიკაციო სისტემა: გაზის, წყლის, საკანალიზაციო მილები, ინტერნეტ და სუსტი დენის ქსელები. მოეწყო სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემა, რომლის არარსებობის გამოც შენობების კონსტრუქციულ მდგრადობას საფრთხე ექმნებოდა. დავით აღმაშენებლის გამზირის ნაწილი გახდა საფეხმავლო.

აღმაშენებლის გამზირზე ჩატარდა კეთილმოწყობის სამუშაოები, დამონტაჟდა გარეგანათების სისტემა, დაიგო სხვადასხვა სახეობის ქვაფენილი და მოეწყო გზის საფარი. საფეხმავლო ნაწილში დაიდგა სკამები და სასმელი წყლის ფანტანები. ამასთანავე, დამონტაჟდა ლითონის 6 ქანდაკება. გამწვანდა ტერიტორია, კერძოდ, N59 შენობის კედელზე მოეწყო ვერტიკალური ბაღი, დაირგო ხეები, კეთილმოეწყო 2 სკვერი, ფასადები გაფორმდა დეკორატიული ყვავილებით. პროექტის ფარგლებში დასაქმდა 1 200-მდე ადამიანი.

"პროექტი "ახალი ტფილისის" პირველი ეტაპის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 30 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. საფეხმავლო ქუჩა გახდა აქტიური საჯარო სივრცე, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე საინტერესო და მიმზიდველი გახდა ტურისტებისთვის და საინვესტიციო ჯგუფებისთვის, რაც ქალაქისა და ქვეყნის ეკონომუკური მდგრადობის საწინდარია. პროექტ "ახალი ტფილისის" I ეტაპის ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები დავით აღმაშენებლის გამზირზე განხორციელებულია, ხოლო შიდა სამუშაოები, როგორც პროექტით გათვალისწინებული იყო 2016 წლის ბოლომდე დასრულდება. მომდევნო წელს "ახალი ტფილისის" ფარგლებში, მშრალი ხიდის, ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იგეგმება", -აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

Renovated Aghmashenebeli Avenue opens in Tbilisi

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი