რა შეთავაზებას მიიღებენ საუკეთესო სტუდენტები - განათლების მინისტრის კომენტარი

რა შეთავაზებას მიიღებენ საუკეთესო სტუდენტები - განათლების მინისტრის კომენტარი

ჩვენ ვაპირებთ, საუკეთესო სტუდენტებს პირდაპირ შევთავაზოთ, რაღაც პერიოდი მეცნიერებაში მოსინჯონ თავი და დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი ისე მოიხიბლება სამეცნიერო სამუშაოთი, რომ "ჩარჩება" და გააგრძელებს ჩვენი სახელოვანი სამეცნიერო სკოლების განვითარებას, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განუცხადა, რომელმაც "მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში" ჩატარებული სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე სტუდენტებისთვის დღეს ლექცია წაიკითხა.

განათლების მინისტრის თქმით, სტუდენტების ჩართვა სამეცნიერო საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ ბოლო წლებში მეცნიერების, როგორც ძირითადი საქმიანობის, პოპულარობა შემცირდა.

"ჩაითვალა, ჩვენ ვერ გვყავდა მეცნიერები ისეთ მატერიალურ და მხარდაჭერის პირობებში, როგორც საჭიროა და ამიტომ ბევრმა სტუდენტმა ამ მიმართულებაზე უარი თქვა. რომ ნახოთ, საუკეთესო სკოლის ყველაზე მაგარი მოსწავლეები ბიზნესსკოლებზე ოცნებობენ ჩვენთან, როდესაც წესით და რიგით მეცნიერებაზე უნდა ოცნებობდნენ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლაშიც და უმაღლეს სასწავლებლებშიც ვცადოთ, რომ მეცნიერების, როგორც კარიერის, როგორც პროფესიის პოპულარობა გაიზარდოს. მგონია, რომ მსგავსი ფესტივალები ამას ხელს შეუწყობს. აქტივობა ყოველ წელს უფრო მაღალია", - განაცხადა ჯეჯელავამ.

რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ მეცნიერების განვითარების ხელშეწყობას, განათლების მინისტრის თქმით, ბოლო რამდენიმე წელიწადში 3-ჯერ გაიზარდა მეცნიერების დაფინანსება. "სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ინფრასტრუქტურას მიეხედა. მოგეხსენებათ, რომ წინა წლებში ძალიან ბევრი ინსტიტუტის შენობა გაყიდეს, დაანგრიეს, გააუბედურეს და ჩვენ ახლა ვცდილობთ, ეს აღვადგინოთ და განვავითაროთ. ასევე, სამეცნიერო კლევითი ინსტიტუტები უნივერსიტეტებს შეუერთდა, ანუ სასწავლო პროცესში ჩართვის საშუალება მიეცათ, რაც თავისთავად სტუდენტების მოზიდვის და გააქტიურების წინაპირობაა. მომავალ წლებში გაგრძელდება დაფინანსების ზრდაც და საუკეთესო სტუდენტებსაც ჩვენ ვაპირებთ, რომ პირდაპირ შევთავაზოთ მეცნიერებაში რაღაც პერიოდი მოსინჯონ თავისი თავი. დარწმუნებული ვართ, რომ ბევრი მათგანი ისე მოიხიბლება სამეცნიერო სამუშაოთი, რომ "ჩარჩება" და გააგრძელებს ჩვენი სახელოვანი სამეცნიერო სკოლების განვითარებას", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, "მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი" 17-25 სექტემბერს გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში 150-მდე სხვადასხვა ღონისძიება (კონფერენციები, საჯარო ლექციები, პრეზენტაციები, ვორქშოპები, ტრენინგები, ღია კარის დღეები, სამეცნიერო შოუები და სხვა) ჩატარდა. მასში 50-მდე უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება მონაწილეობდა. რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ორგანიზებული სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციები ერთიან სივრცეში გაერთიანდა, რაც მიზნად ისახავდა: სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა დაახლოებას; სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მომავალი მეცნიერების მიღწევების ერთმანეთისთვის და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას; სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერას და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მნიშვნელობისა და პრესტიჟის ზრდას. კონფერენციების დასასრულს სტუდენტებს სიტყვით მიმართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრებს. სამეცნიერო ფოტოკონკურსის გამარჯვებულებს სამინისტროს მიერ დაწესებული ჯილდოები გადასცა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი