თსუ-ში სწავლა დაიწყო - რა სიახლეებით ხვდება ახალ სასწავლო წელს უნივერსიტეტი, რომელიც მსოფლიოს 980 საუკეთესოთა შორის დასახელდა

თსუ-ში სწავლა დაიწყო - რა სიახლეებით ხვდება ახალ სასწავლო წელს უნივერსიტეტი, რომელიც მსოფლიოს 980 საუკეთესოთა შორის დასახელდა

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" თსუ-დან აცნობეს, სტუდენტებს სწავლის დაწყებას თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძე, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია და დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრები და წამყვანი უნივერსიტეტების რექტორები მიულოცავენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, 2016/17 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თსუ-ში 3500-მდე აბიტურიენტი ჩაირიცხა. მათ შორის 70%-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა. ღონისძიებაზე ერთიანი ეროვნული გამოცდის შედეგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტები სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 26 სექტემბერს გამოცხადდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და "ჯეოსელის" ერთობლივი პროექტის - სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის ახალი სეზონის დაწყება. "შემოდგომის ლეგენდა" წელს მერვედ ჩატარდება. კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა შემოქმედებითად დაჯილდოებულ სტუდენტს შეუძლია.

"ახალ სასწავლო წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა თსუ სასწავლო კორპუსებსა და კვლევით ინსტიტუტებში, მათ შორის N3 სასწავლო კორპუსში; ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის შენობაში, სადაც განთავსებულია მედიცინის ფაკულტეტი; ელეფთერ ანდრონიკაშვილის ახელობის ფიზიკის ინსტიტუტში; ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში; პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში", - აცხადებენ სახელმწიფო უნივერისტეტში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 200-ზე მეტი აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს, უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. მათ შორის, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული აფხაზურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სტუდენტები.

აღსანიშნავია, რომ თსუ "თაიმსის" მსოფლიოს უნივერსიტეტების 2016-2017 წლების რეიტინგში (Times Higher Education World University Rankings) მოხვდა.

რეიტინგში თსუ-მ მსოფლიოს 980 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის 801-ე პოზიცია დაიკავა და ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოდან და კავკასიის რეგიონიდან, რომელიც რეიტინგში დასახელდა. რეიტინგის თანახმად, თსუ 354-ე ადგილს იკავებს ევროპის მასშტაბით.

რეიტინგის ავტორები უნივერსიტეტებს 5 ძირითადი სფეროს მიხედვით აფასებენ. ეს სფეროებია: სწავლება, კვლევა, ციტირება (კვლევის გავლენა), საერთაშორისო ცნობადობა და ინდუსტრიული შემოსავლი (გამოგონებებისა და ინოვაციების წარმოებაში დანერგვა).

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ყველაზე მაღალი შეფასება საერთაშორისო ცნობადობისა (37,8%) და ინდუსტრიული შემოსავლის (32,9%) კომპონენტში მიიღო.

რეიტინგის თანახმად, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტად ოქსფორდის უნივერსიტეტი დასახელდა, რომელმაც წელს ბოლო ხუთი წლის ლიდერ აშშ-ში მდებარე კალიფორნიის ტექნოლოგიის უნივერსიტეტს გადაუსწრო. ხუთეულში ასევე მოხვდნენ სტენფორდის უნივერსიტეტი (აშშ0, კემბრიჯის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (აშშ).

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი