"ჩემი შვილები ერთმა ქართველმა მოკლა და არა ქართველებმა, შენ რა შუაში ხარ?" - ტკივილნარევი მოგონება აფხაზეთიდან...

"ჩემი შვილები ერთმა ქართველმა მოკლა და არა ქართველებმა, შენ რა შუაში ხარ?" - ტკივილნარევი მოგონება აფხაზეთიდან...

ეს მცირე ტკივილნარევი მოგონება აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეს და კოლეგას ეკუთვნის (მის სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ). მასთან კავშირს ინტერნეტის საშუალებით ვახერხებთ. მისმა ნაამბობმა თითოელი ჩვენგანის გულისტკივილი და წარსული კიდევ ერთხელ შეგვახსენა... 23 წლის წინ, 27 სექტემბერს ხომ სოხუმი დავკარგეთ...

"ლამაზი, მზიანი დილა, უცნაური სიჩუმე. ზღვის, მთისა და ციტრუსის სუნი ტრიალებს ჰაერში. ყველას ღვიძავს და მაინც სიჩუმეა, შორიდან ისმის სროლის ხმა და ძალიან მცივა... კიდევ რამდენიმე წუთი და ყველა ქუჩაშია. ტირიან ბავშვები, გარბიან ძაღლები... ძალიან ახლოს რაღაც აფეთქდა... თითქოს ყველა მხრიდან ისვრიან და საკუთარი სუნთქვა მესმის... "რისთვის?!!! მიწა ხომ ტალახია!!!" - მომესმა იქვე ახლოს მოხუცი ბაბუის ხმა. ყველაფერი აირია...

გადიოდა დრო - სისხლით, შიშით, შიმშილით, ღალატით, დაცინვით და მრავალი უბედურებით. ვშიშობდი სიძულვილი არასოდეს გაქრებოდა, აღარ იქნებოდა მზე ხალისიანი, ზღვა მხიარული და ცა ისევ მოწმენდილი. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა... ვდგავარ ენგურის ხიდთან და სტუმარს ველოდები - თბილისელ სტუმარს. უცნაური შეგრძნება მაქვს, თან შიშის, თან სიხარულის... მთელი გზა ვიხსენებთ მხიარულ თავგადასავლებს, ლამაზ დღეებს, მეგობრებს და ნაცნობებს. ბოლოს საერთო ნათესავს მივაკითხეთ - დიდის მოწიწებით მიგვიღო.

გამკრა შიშმა, სტუმარს ეთნიკურობის გამო საფრთხე არ შექმნოდა, წასვლას ვჩქარობდი, რადგან იქვე ახლოს მცხოვრები მეორე ნათესავის მეშინოდა... მას ხომ ხუთი ოჯახის წევრი, მათ შორის ბავშვები აუფეთქეს... უცებ კართან ძაძებში ჩაცმული ქალი გამოჩნდა, სწორედ იმ ოჯახის წევრი, ვისიც მეშინოდა. მოდიოდა ნელა, სახის ცივი გამომეტყველებით, სტუმარს თვალს არ აშორებდა. სიჩუმე ჩამოვარდა... სტუმარს სახეზე ფერი არ ედო, - "ჩემს სახლს რატომ აუარეთ გვერდი, ჩამიარეთ?" - იკითხა და მე შემომხედა, - " ჩემთან რატომ არ შემოიყვანე?"... ხმა ვერ ამოვიღე, ვერაფერს ვუპასუხებდი. მერე სტუმარს მიუბრუნდა, დიდხანს უყურა... ალბათ ყველას გვესმოდა ერთმანეთის გულისცემა... "ჩემი შვილები ერთმა ქართველმა მოკლა და არა ქართველებმა, შენ რა შუაში ხარ?!" - უთხრა და შუბლზე ნაზად ეამბორა... მერე სკამზე ჩამოჯდა და ჩუმად, უხმოდ დაიღვარა ცრემლად...

მადლობა ღმერთს, რომ ამქვეყნად კეთილი და მოაზროვნე ადამიანები ცხოვრობენ... ისევ შემიყვარდა აქაური ჰაერი, ცა, მზე და ზღვა! ხშირად მახსენდება ეს ამბავი და იმედი მრჩება, რომ ყველაფერი კარგად იქნება! ნელ-ნელა ვხვდები მოხუცი ბაბუის სიტყვებს - "მიწა ტალახია... მიწა ტალახია..."

თეა ცაგურიშვილი

AMBEBi.GE

ფოტო: Human Rights Watch

193 აჭარაში, თბილისში კი 43 - როგორ ნაწილდება კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით

საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"დაგვიბრუნეთ მუსიკოსები რესტორნებში", "გახსენით სამორინეები", "გახსენით სკოლები" - ბათუმში აქცია იმართება