მალე საქართველოში უნიკალური ოპერაციები ჩატარდება - ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი თბილისში

მალე საქართველოში უნიკალური ოპერაციები ჩატარდება - ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი თბილისში

საქართველოში პირველად, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაცია იწყება. მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული კლინიკა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი, რომელიც მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის ბაზაზე გაიხსნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად გახსნა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განმარტავენ, მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული კლინიკა ონკოჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრს, სისხლის ბანკს, სხივური თერაპიის ახალ და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკის დეპარტამენტებს აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ კლინიკის ბაზაზე ასევე ამოქმედდა პედიატრიული განყოფილება, ბავშვთა რეანიმაციითა და ბავშვთა ონკოჰემატოლოგიის სამსახურებით.

პრემიერმა კლინიკის ხელმძღვანელ, პროფესორ გოჩა ინგოროყვასთან ერთად, კლინიკა დაათვალიერა და მოისმინა ინფორმაცია იმ თანამედროვე აპარატურის შესაძლებლობების შესახებ, რომლითაც ცენტრი აღიჭურვა.

"მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში ვნახეთ თანამედროვე აპარატურა, რომელიც ბოლო სიტყვაა ამ მიმართულებით. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგად, სტაბილური დაფინანსებიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა ასეთი დონის აპარატურის შეძენა.

ისრაელთან ერთად, მიმდინარეობს ექიმთა გადამზადების ერთობლივი პროგრამები და ერთობლივად ტარდება ისეთი ოპერაციები, რომლებსაც ადრე საქართველოში არ ატარებდნენ. მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში პირველად, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაცია იწყება. ყველა შესაბამისი პირობა ამ კლინიკაში შექმნილია, რაც მისასალმებელია, რადგან ჩვენ ხშირად გვიწევდა პაციენტების უცხოეთში გაგზავნა. ამ შემთხვევაში, ჩვენ აღარ მოგვიწევს გაგზავნა და ოპერაციები შესრულდება ქართველი მედიკოსების მიერ, მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში, რაც მისასალმებელია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ახალი სამსახურების გახსნის შედეგად, დამატებით 110 ადამიანი დასაქმდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი