სტიქია აჭარაში - გადაუღებელმა წვიმამ ხელვაჩაურის, ქედისა და შუახევის მოსახლეობა დააზარალა

სტიქია აჭარაში - გადაუღებელმა წვიმამ ხელვაჩაურის, ქედისა და შუახევის მოსახლეობა დააზარალა

რამდენიმე დღეა აჭარის მთელ ტერიტორიაზე გადაუღებლად წვიმს, რის შედეგადაც მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მეწყრული მოვლენები განვითარდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიამ განსაკუთრებით ხელვაჩაურის, ქედისა და შუახევის მოსახლეობა დააზარალა.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისათვის გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს ქედის სხვადასხვა თემში, 7 მიმართულებით. სოფელ უჩხითში გოჩაძეების უბანში შიდა საავტომობილო გზაზე განვითარდა მეწყერი, რის გამოც 15 ოჯახს ჩაკეტილი აქვს გზა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” აჭარის მთავრობაში განუცხადეს, გამოდარებისთანავე დაიწყება მუშაობა ხარაულაში, ასევე ჯალაბაშვილებსა და ჯაიმელაში, სადაც 6-6 ოჯახი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.

გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ზედა მახუნცეთში, ბელტაური-დავითაძეების მიმართულებით და სოფელ გულებში. სოფელ გულებში განვითარებული სტიქიურმა მოვლენებმა საფრთხე შეუქმნა დისამიძეების 5 სულიან ოჯახს, რის გამოც პრევენციის მიზნით ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აუცილებლობის შემთხვევაში მოხდება ოჯახზე კომპენსაციის გაცემა, ან დროებითი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 10-მდე ლოკაციაზე საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ამჟამად მძიმე ტექნიკის საშუალწებით მიწის მასისგან იწმინდება სოფელ სარფში კალენდერეს დასახლება, ზედა ჯოჭოს, ახალშენის, კიბეს და ორთაბათუმის ტერიტორიები. ასევე სოფელ ხეღრუში საავტომობილო გზა. მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა მეწყრულ ზონაში ვითარებას გამგებელი გეოლოგებთან და სხვა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად პირადად გაეცნო. საშეშედ გამოყენების მიზნით ტერიტორიაზე წაქცეული ხეების დასამუშავებლად მოსახლეობამ მოითხოვა დრო, რის გამოც სოფელ ხელვაჩაურში მოსახლეობის თხოვნით დღეს გაწმენდითი სამუშაოები აღარ განხორციელდა.

პარალელურად მიმდინარეობს ზარალის ოდენობის დათვლა. სოფლებში, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბის ხელმძღვანელი, მოადგილეები და გეოლოგები არსებულ ვითარებას სწავლობენ.

მესამე დღეა გადაუღებლად წვიმს შუახევშიც. ჭარბი ატმოსფერული ნალექების შედეგად მეწყერული პროცესები განვითრდა შვიდ ობიექტზე. სოფელ ტაკიძეების ორ უბანში. რამდენიმე ლოკაციაზე დააზიანდა საავტომობილო გზები. მიწის მასა ჩამოიშალა სოფელ ჭვანაში, ჭვანა-წყალსაყრის გზის დასაწყისში, სოფლების, ნიგაზეულის, ნენიის, წაბლანას გზებზე. აღნიშნულ მონაკვეთებზე მოძრაობა არ შეფერხებულა. მუნიციპალიტეტის გამგეობაში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

”ელექტროენერგია და სასმელი წყალი შეუფერხებლად მიეწოდება ყველა მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს. სიტუაცია მართვადია. მობილიზებულია როგორც გზებისა და სამელიორაციო სისტემების სამსახურის, ასევე აჭარის სამაშველო სამსახურის ტექნიკა. მუნიციპალიტეტებსა და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში მოქმედებს ცხელი ხაზი და საგანგებო შტაბი“, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

ამ დრომდე მიმდინარეობს 67 წლის ჰოლანდიელი ტურისტის სამძებრო სამუშაოები, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთის თაღოვან ხიდთან ადიდებულ მდინარეში ჩავარდა. ადგილზე მყვინთავებთან ერთად მობილიზებულია შსს და საგანგებო სამაშველო სამსახურები. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროდან აცნობეს, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი