პატრიარქი არჩევნებს ეხმაურება - "ეს გამარჯვება ერთი პარტიისა კი არ იყო, მთელი საქართველოს გამარჯვებაა"

პატრიარქი არჩევნებს ეხმაურება - "ეს გამარჯვება ერთი პარტიისა კი არ იყო, მთელი საქართველოს გამარჯვებაა"

"ეს გამარჯვება ერთი პარტიისა კი არ იყო, მთელი საქართველოს გამარჯვებაა. ვისაც ჰგონია, რომ წაგებულია, ისიც გამარჯვებულია და ამას გილოცავთ" - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას ბრძანა.

ნახეთ ვიდეო

უწმინდესმა მრევლს ქვეყანაში არჩევნების მშვიდობით ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ ესეც ნაბიჯია იმისა, რომ საქართველოში სიყვარული იზრდება. "მე მინდა მოგილოცოთ მშვიდობით ჩატარებული არჩევნები, რომელიც გუშინ გაიმართა. ესეც ნიშანია, რომ იზრდება სიყვარული საქართველოში. მაგრამ მე მინდა ამავე დროს ვთქვა, რომ ეს გამარჯვება ერთი პარტიისა კი არ იყო, მთელი საქართველოს გამარჯვებაა. ვისაც ჰგონია, რომ წაგებულია, ისიც გამარჯვებულია და ამას გილოცავთ. მე მინდა ვთხოვო გამარჯვებულთა პარტიას, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმათ და სიყვარული გამოაჩინონ იმათ მიმართ, რომელთაც ჰგონიათ, რომ წააგეს. სინამდვილეში ყველანი, მთელი საქართველო გამარჯვებულია", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა არჩევნებზე საუბრის დაწყებამდე, ტაძარში სიყვარულის შესახებ იქადაგა. უწმინდესმა აღნიშნა, რომ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულის, იოანე ღვთისმეტყველის მიძინებას აღნიშნავს, რომელიც უფალს განსაკუთრებულად უყვარდა.

პატრიარქის თქმით, წმინდა მოციქული სიყვარულის შესახებ განსაკუთრებულად ქადაგებდა.

"წმინდა იოანე ღვთისმეტყველი არის მქადაგებელი სიყვარულისა. სიყვარული არის საფუძველი ადამიანის არსებობისა, ადამიანის ცხოვრებისა. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი გარდაცვალებამდე სიყვარულს ქადაგებდა. როდესაც მისი მოწაფეები ეკითხებოდნენ, ასე ხშირად რატომ ქადაგებდა სიყვარულზე, მან უთხრა, რომ მთელი სახარების არსი სიყვარულშია. სიყვარული არის მთავარი, რომელიც არ მთავრდება არც აქ და არც საიქიოში. ღმერთმა ინებოს, რომ სიყვარული სუფევდეს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ოჯახებში, ჩვენს გულში, მთელს მსოფლიოში", - აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქმა ტაძარში შეკრებილ მრევლს ასევე მიულოცა ივერის ღვთისმშობლის ხატის ასლის ჩამობრძანება, რომელიც 90-იან წლებში, ათონის მთიდან საქართველოში ჩამოაბრძანეს.

დღესვე პატრიარქმა მღვდელმონაზონი დავით კემულარია ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენის ხარისხში აიყვანა. ტაძარში მსახურების დროს ასევე ითქვა, რომ ხუთშაბათს, 13 ოქტომბერს, 18.00 საათზე სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლოცვას პატრიარქი სვეტიცხოვლის ტაძარში ჩაატარებს. ხოლო წირვას 14 ოქტომბერს, 10.00 საათზე მღვდელმთავრებთან ერთად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაიწყებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი