ავტორი:

რატომ გახდა გინება მოდური - "უწმაწურობს ის, ვისაც უნდა, ყურადღება მიიქციოს"

რატომ გახდა გინება მოდური - "უწმაწურობს ის, ვისაც უნდა, ყურადღება მიიქციოს"

გინებას ძველად ასე განმარტავდნენ: "ესე არს ბილწად ხსენება, გინა შეურაცხება, გინა წაბილწვა, ავად ხსენება". ეს სიტყვა დღესაც ასე განიმარტება, არაფერი შეცვლილა, გარდა ერთისა - უბრალოდ, თანამედროვე ადამიანი, მეტად აგრესიული გახდა და მოუთოკავი ემოციების გამო ხშირად ბილწსიტყვაობს და სხვასაც შეურაცხყოფს...

გინება, ნებისმიერ შემთხვევაში, დასაგმობია, მით უფრო, როცა ეს საჯაროდ, თუნდაც, ტელეეთერში ხდება და მას მილიონობით ადამიანი ისმენს და უყურებს...

საქართველო რომ მოიარო და აქ არსებული ბილწი ფრაზების ყველანაირი ნიმუში შეაგროვო, სქელტანიანი "ნაშრომი" გამოვა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქართველები მდიდარ ლექსიკას ბოროტად ვიყენებთ... ისე, ამ "მარგალიტების" შეგროვების მცდელობა ერთხელ ეთნოგრაფს, თედო სახოკიას ჰქონდა და შემდეგ მის ნაკვალევს ვახუშტი კოტეტიშვილიც გაჰყვა, როდესაც სკაბრეზული ფოლკლორის ნიმუშები სახელად "მოუკრეფავნი" გამოსცა. მიუხედავად ამისა, ფოლკლორისტები გინებას ჟანრობრივ სტატუსს მაინც ვერ ანიჭებენ, რადგანაც მათი თქმით, ის ვერანაირ კლასიფიკაციას ვერ აკმაყოფილებს...

საქართველოში ბილწსიტყვაობის ყველაზე გავრცელებული ნაცვალსახელია "შენი" და "მაგის", თუმცა ბოლო დროს მათ ყველაზე ცუდი ვარიანტი "ჩემიც" შეემატა... ქართველები საკუთარ დედას ისე აგინებენ, თვალსაც არ ახამხამებენ...

ახლა რას ამბობდა და ამბობს ამ ყველაფერზე რელიგია: (ნაწყვეტი წერილიდან - სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ძმობა, 1913 წ.)

"...საგინებელი სიტყვები ხალხს, მიაჩნია აუცილებელად საჭიროდ ყოველ-გვარს ლაპარაკის დროს, ხუმრობაშიც და დარბაისლურ საუბარშიც, მეგობრებშიც, სიმთვრალეშიც და სიფხიზლეშიც. რა არის ამისი მიზეზი? მიზეზი არის უწმიდურობა გულისა, რომელიც სავსეა არაწმიდა ზრახვით და სწორედ ამიტომ ბოროტი სიტყვა ამ კაცის პირიდან ამოდის თავის თავად, ხანდახან უნებლიეთ... საყვარელნო, სიტყვის ნიჭი მოგვცა ღმერთმა, გვასწავლა მხოლოდ კეთილი. მაშ, საიდან არის სასირცხვილო და ცუდი სიტყვა? ეშმაკისაგან! აი, ვის სიტყვებს იმეორებ შენ ლანძღვა-გინების დროს.

ისიც იცოდე, ძმაო, ღმერთი ყველგან მყოფი, ყოვლისმცოდნე, ხედავს რასაც ჩვენ ვიქმთ. ამიტომ, როცა იგინები და ილანძღები, ნუ გვარწმუნებ, რომ გრწამს ღმერთი; შენ რომ ღმერთი გრწამდეს, არ იკადრებდი ლანძღვა-გინებას. ჭეშმარიტად, მაგინებელნი უგუნური მცოდველები არიან... გვახსოვდეს, საყვარელნო, რომ ყოველივე ჩვენის სიტყვებისათვის უნდა პასუხი ვაგოთ ღვთის წინაშე და ამიტომ სიფრთხილით მოვექცეთ ჩვენს სიტყვებს"

* * *

დავუბრუნდეთ იმას, როდესაც არანორმატიული ლექსიკა საჯარო სივრცეში, ტელეეთერით ისმის. ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე, ვინ არის ამაში დამნაშავე და რატომ გახდა გინება მოდური? - ამ თემაზე ფსიქოლოგ გიორგი ყიფიანს (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი) ვესაუბრეთ:

"თავიდანვე ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ, გინება ფილმში, პოლიტიკურ შოუში და ამა თუ იმ პირის სატელეფონო ჩანაწერში... ფაქტი ის არის, რომ დღესდღეობით ჩვენში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ბილწსიტყვაობას ტელეეთერში შეზღუდავს, არადა, პრაქტიკულად, ასეთი მექანიზმი ცივილიზებულ მსოფლიოში მიღებულია, რომ ბილწსიტყვაობა დღის ეთერში, ახალ ამბებში არ უნდა გავიდეს, რომ ტელელექსიკა შემაწუხებელი, კონტექსტიდან ამოვარდნილი არ უნდა იყოს. მოკლედ, ამას ყველა ქვეყანაში არსებული კანონმდებლობა არეგულირებს და დამრღვევს სოლიდურად აჯარიმებს", - ამბობს ბატონი გიორგი.

მისი თქმით, ჯარიმა ეკისრება იმ ტელეკომპანიას, რომლის ეთერშიც ისმის არანორმატიული ლექსიკა. რაც შეეხება ფილმს, თუკი მასში გამოყენებულია ბილწსიტყვაობა, ის უნდა გამომდინარეობდეს ნაწარმოების მხატვრული ღირებულებიდან, კომპოზიციიდან და არ უნდა იყოს უადგილო.

"საქართველოში ეს კანონი სპეციალურად გააუქმეს იმისთვის, რომ ტელეკომპანიებს ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შეძლებოდათ ბილწსიტყვაობის ეთერში გაშვება იმის გამო, რომ გადაცემის რეიტინგი გაეკეთებინათ და დღესდღეობით ვხედავთ ამა თუ იმ ტელეარხზე იმას, რომ კონფლიქტი უმეტესად გინებით სრულდება. მართლაც მძიმე ფაქტების მომსწრე ვხდებით იმის გამო, რომ ეს კანომდებლობა საქართველოში მოიშალა, რომელიც ბილწსიტყვაობის გავრცელებას კრძალავდა, ამის შედეგად ჩამოყალიბდა აზრი, რომ უწმაწურობა დასაშვებია და ამისთვის არავინ ისჯება, მით უფრო, ტელევიზიები... ამიტომაც არის, რომ სოციალურ ქსელშიც მოხშირდა ეს ყველაფერი, არა თუ ახალგაზრდებში, უფროსი თაობის ადამიანებშიც", - გვეუბნება რესპონდენტი.

- დღეს მგონი, უკვე ისეა, რომ თუ სტუმარი ტელეშოუში ბილწსიტყვაობს, თითქოს კარგ ტონადაც მიიჩნევა...

- ზოგიერთი ადამიანი ამ სიტყვების გამოყენებით ხაზს უსვამს თავის განსაკუთრებულობას და ამ დროს შეიძლება, მაღალი თანამდებობის პირიც კი იყოს. საზოგადოებაში ამ თვალსაზრისით ეთიკურმა სტანდარტმაც დაბლა დაიწია და გინებას აღარ ერიდებიან. ახლა რაც შეეხება ბილწსიტყვაობას და ტელეშოუში კონფლიქტის გამწვავებას, ხელს უწყობენ თავად გადაცემის წამყვანები. მაგალითად, სტუდიაში მოწვეულია ორი ადამინი, დისკუსია კონფლიქტში გადადის და წამყვანი იმ დისკუსიას არ აჩერებს. ასეთი მიდგომა აყალიბებს როგორც გადაცემის, ასევე დისკუსიის დაბალ კულტურას და ამ ყველაფერს კიდევ უფრო მძიმე შესახედს ქმნის, როდესაც ტელევიზია დაინტერესებულია კონფლიქტის გამწვავებით იმისთვის, რომ გადაცემა მეტად ყურებადი გახადოს. მიაჩნიათ, რომ თუ შოუ ჩხუბში გადაიზრდება, ყურადღებას უფრო მიიქცევს. მოკლედ, იაფფასიან სენსაციებზეა აქცენტი გაკეთებული.

- გამოდის, ეს ფაქტები ერთმანეთს ავსებს.

- დიახ, ერთი მხრივ კანონმდებლობა არ ზღუდავს ეთერში არანორმატიულ ლექსიკას, რამაც ფაქტობრივად ეთიკური სტანდარტის შეცვლა, დაბლა დაწევა გამოიწვია, გინება უზნეობად აღარ ითვლება. ამიტომ უწმაწურობს ის, ვისაც უნდა, ყურადღება მიიქციოს. ვიმეორებ, ფაქტია, რომ საზოგადოებაში ეთიკური და ზნეობრივი ნორმების ნგრევა მიმდინარეობს და ეს ყველაფერი სოციალურ ქსელშიც ჩვეულებრივი ამბავია. კანონი ბილწსიტყვაობის რეგულაციის შესახებ საბოლოოდ, 2009 წელს პარლამენტმა გააუქმა, რისკენაც სვლაც 2004 წლიდან ნელ-ნელა დაიწყო. ამის გამო არავინ არავის აჯარიმებდა. არადა, ცივილიზებული მსოფლიო ამ ყველაფერს, როგორც უკვე ვთქვი, სერიოზულად ებრძვის.

- თანამედროვე ქართულ სერიალებშიც ისმის მუდმივად გინება, რაზეც მაყურებელი ხშირად წუწუნებს. მე კი მგონია, რომ სერიალი რეალურ ცხოვრებას ასახავს. რას იტყვით?

- ბილწსიტყვაობა იქ სპეციალურად არის ხაზგასმული. კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი და გმირი განსაკუთრებულად იგინება ისეთ ადგილას, სადაც ის საერთოდ არ არის აუცილებელი. თუ საუბარია "ჩემი ცოლის დაქალებზე" მიმაჩნია, რომ ის პროპაგანდისტული სერიალია, რომელიც რაღაც თემების დასანერგად და დასამკვიდრებდლად არის შექმნილი...

მოკლედ, ყველაფერი წლების განმავლობაში ხდება, კონტროლი არაფერზეა და შედეგიც სახეზეა. ცივილიზებურ სამყაროში ასეთ საკითხებზე საზოგადოებრივი აზრი იქმნება, სასამართლოში განიხილება, მედია დისკუსიას მართავს. ამიტომ იქ კომერციული არხებიც კი ზრუნავენ თავიანთ პრესტიჟზე. კიდევ ერთი მაგალითი, იცით, როგორ აქვთ ეს ყველაფერი რეგულირებული? პირდაპირი რეპორტაჟი 5 წამის დაგვიანებით გადის, რამე რომ მოხდეს, უცებ დაამუშავონ და ფრაზა ამოჭრან. ეს კი იმისთვის, რომ მილიონობით დოლარის გადახდა არ მოუხდეთ ჯარიმის სახით.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ