“მოზარდ მაყურებელთა თეატრი” მორიგი პრემიერისათვის ემზადება

“მოზარდ მაყურებელთა თეატრი” მორიგი პრემიერისათვის ემზადება

მოზარდ მაყურებელთა თეატრი მორიგი პრემიერისათვის ემზადება. 28 ოქტომბერს 19:00 საათზე ყველაზე პატარა მაყურებელისთვის თოჯინური წარმოდგენის „ზურმუხტის ქალაქის ჯადოქარი“ ( ქართულ ენაზე) პრემიერა შედგება, ხოლო 29 ოქტომბერს 17:00 საათზე ამავე სპექტაკლის რუსულენოვანი ვერსიის წარმოდგენა გაიმართება. სპექტაკლი ამერიკელი მწერლის, ფრენკ ბაუმის ცნობილი რომანის, „ოზის ჯადოქრის“ მიხედვით დებიუტანტმა რეჟისორმა დენ ხლიბოვმა დადგა.

სპექტაკლი განხორციელდა ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.

პიესის თარგმანი ანანო მირიანაშვილს ეკუთვნის. ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი დენ ხლიბოვი. დამდგმელი მხატვარი ნინო ჩიტაიშვილი, მხატვარი-მეთოჯინე მაია სულხანიშვილი. მუსიკალური გაფორმება ალექსანდრა ლორთქიფანიძის, ქორეოგრაფი დავით მეტრეველი, სიმღერების ტექსტის ავტორი ნინო პაპიაშვილი და ნინო მანაგაძე.

მონაწილეობენ მსახიობები: ვასილ ამურველაშვილი, ლაშა გრძელიძე, სერგო შვედკოვი, ირინე კუკულაძე, თამარ ლორთქიფანიძე, მაია მალხაზიშვილი, ეკატერინე თვაური, ასმათ ქურციკიძე, ტატიანა ალიოშკინა, ნინო მანაგაძე, ლევან კაციაშვილი, ედმონ გაბედავა, რატი ნავაძე, ნიკოლოზ დონი, ალექსი ლობოვი, დენ ხლიბოვი.

სპექტაკლის შესახებ:

კანზასის შტატს თავს საშინელი ქარბორბალა დაატყდა, რომელმაც პატარა გოგონა ელი და მისი ერთგული ფინია ტოტო სახლიანად ჰაერში აიტაცა და ზღაპრულ ქვეყანაში გადააფრინა. ელი სასწრაფოდ შინ დაბრუნებას გადაწყვეტს, მას ხომ იქ დეიდა და ბიძა ელოდებიან, თუმცა კანზასში დასაბრუნებლად გოგონამ ჯერ ზურმუხტის ქალაქამდე უნდა მიაღწიოს, სადაც კეთილი ჯადოქარი გუდვინი ეგულება. მხოლოდ მას შეუძლია ელის და ტოტოს დახმარება. გოგონა ყვითელი აგურით მოფენილ გზას გაუყვება და ამ მოგზაურობისას გაიცნობს საფრთხობელას (რომელსაც მიაჩნია, რომ ჭკუა აკლია), რკინის ტყის მჭრელს (რომელიც უგულობას განიცდის) და მშიშარა ლომს. ელი სამივეს დაარწმუნებს, რომ დიდებული ჯადოქარი გუდვინი ყოველ მათგანს დაეხმარება და მეგობრები გზას გაუდგებიან, ერთად გადალახავენ წინააღმდეგობებს და საბოლოოდ ნანატრ მიზანსაც მიაღწევენ.

კეთილი ზღაპარი მეგობრობასა და ერთგულებაზე, სიმამაცესა და სიყვარულზე ჩვენს პატარა მაყურებელს გულგრილს არ დატოვებს და კიდევ ერთხელ დაარწმუნებს იმაში, რომ სასწაულის ყოველთვის უნდა გჯეროდეს და მუდამ უკეთესის იმედით იცხოვრო.

სპექტაკლის ხანგრძლივობა 75 წუთი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი