ტაძრის სახურავზე ამოსული 17 ხე და მაკურნებელი წყარო - როგორ ახდა ქალწულმოწამე წმინდანის ვედრება უფლისადმი

ტაძრის სახურავზე ამოსული 17 ხე და მაკურნებელი წყარო - როგორ ახდა ქალწულმოწამე წმინდანის ვედრება უფლისადმი

საბერძნეთში, წმინდა ქალწულმოწამე თეოდორას სახელი არა მხოლოდ ბერძენი, არამედ სხვა ეროვნების მართლმადიდებლებისთვის კარგად არის ცნობილი. არკადიაში, სოფელ ვაცაში არსებული მისი სახელობის პატარა ტაძრის მოსალოცად მორწმუნეები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან. ამის მიზეზი კი წმინდანის სახელობის პატარა ეკლესიის სახურავზე უფესვოდ ამოსული 17 ხეა და ის წყარო, რომელიც ტაძრის ძირიდან გამოდის და კურნების ძალა აქვს. მნახველებს უკვირთ, როგორ დგანან ხეები ფესვის გარეშე, ან რატომ არ ინგრევა ასეთი სიმძიმისგან ტაძარი, ან როგორ გამოედინება ტაძრის საძირკველიდან დაუშრეტელი წყარო, რომელსაც მაკურნებელი ძალა აქვს.

ქალწულმოწამე თეოდორას წამების შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. გადმოცემით, წმინდა თეოდორა X საუკუნეში, პელოპონესში ცხოვრობდა. მას ბავშვობიდანვე უყვარდა უფალი და გადაწყვიტა თავი უფლისთვის მიეძღვნა. იგი, როგორც ბერი, მამათა მონასტერში ცხოვრობდა და მამაკაცად იცნობდნენ. სოფლიდან სოფელში დადიოდა, ხალხს უფლის სიყვარულს უქადაგებდა.

ერთ სოფელში გასათხოვარი ქალი დაფეხმძიმდა. ქალს შეეშინდა, რომ სიკვდილით დასჯიდნენ. წმინდა თეოდორას ცილი დასწამა, რომ მისგან იყო ფეხმძიმედ. თეოდორა დააპატიმრეს. მან არ გაამხილა, რომ ქალი იყო და სიკვდილით დასაჯეს. წმინდანმა სასჯელი, როგორც უფლის ნება, ისე მიიღო. წმინდა ქალწულმოწამემ სიკვდილის წინ ინატრა: მისი სხეული ეკლესიად ქცეულიყო, თმა - ხეებად და სისხლი - წყლად. თეოდორას სიკვდილით დასჯის შემდეგ მიხვდნენ, რომ იგი ქალი იყო. იმ ადგილზე ეკლესია ააშენეს. ტაძრის სახურავზე კი 17 ხე აღიმართა, რომელთა სიმაღლე 15 მეტრზე მეტია.

იხილეთ ვიდეო

წმინდანის აღსრულების შესახებ მეორე ვერსიაც არსებობს. ამ ვერსიის მიხედვით, ძველ საბერძნეთში არსებობდა კანონი, რომლის თანახმად ყველა ოჯახიდან ერთი კაცი ჯარში უნდა წასულიყო. ვისაც ოჯახში მამაკაცი არ ყავდა, ჯარისკაცს ქირაობდა. თეოდორა ღარიბი ოჯახის ერთადერთი ქალიშვილი იყო. მას მამა ავადმყოფი ყავდა. ოჯახს მატერიალური საშუალებაც არ გააჩნდა, ვინმე დაექირავებინა. ამიტომ მამაკაცის ტანსაცმელში გადაცმული 17 წლის თეოდორა ჯარში წავიდა. სახელად თეოდორე დაირქვა.

მოგვიანებით იგი ერთ ქალს შეუყვარდა. თეოდორამ უთხრა, რომ ის ცოლს ვერ მოიყვანდა, რადგან აღთქმა ჰქონდა დადებული. ქალმა ეს არ დაიჯერა, ერთი ჯარისკაცისგან დაფეხმძიმდა და ჯარის უფროსთან იჩივლა, რომ თეოდორესგან დაორსულდა და ცოლად მოყვანას ითხოვდა.

თეოდორამ უარყო, რომ ქალი მისგან იყო ფეხმძიმედ, მაგრამ სიმართლე ვერ გაამხილა. იგი სიკვდილით დასაჯეს. სიკვდილის წინ კი მან ილოცა, უფალს სთხოვა: ჩემი თმებისგან ხეები აღმოცენდეს, ჩემი სისხლისგან - ნაკადული და ჩემი სხეული ტაძარი იყოსო.

სიკვდილით დასჯის შემდეგ მას ჯარისკაცის ტანსაცმელი გახადეს და  მიხვდნენ, რომ უდანაშაულო დასაჯეს. იმ ადგილზე ნაკადული წამოვიდა. გადმოცემის თანახმად წლების შემდეგ ერთმა ბერმა ხილვა ნახა და იმ ადგილზე პატარა ტაძარი ააგეს, რომლის სახურავზეც უფესვოდ 17 ხე აღმოცენდა.

წმინდა ქალწულმოწამე თეოდორას ხსენების დღეს ეკლესია 11 სექტემბერს აღნიშნავს.

ეკა ბახუტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი