პატრიარქი 18 ნოემბერს რუსეთში გაემგზავრება

პატრიარქი 18 ნოემბერს რუსეთში გაემგზავრება

18 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე რუსეთში გაემგზავრება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარემ გერასიმემ (შარაშენიძემ) განუცხადა, პატრიარქი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრებთან ერთად 18-24 ნომბერს მოსკოვში, რუსეთის პატრიარქის კირილის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), მეუფე გერასიმე, გორის და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის განცხადებით, რუსეთის პატრიარქის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით რუსეთში სხვადასხვა ავტოკეფალური ეკლესიების პატრიარქები და დელეგაციები ჩავლენ. კერძოდ, ალექსანდრიის, იერუსალიმის, სერბეთის პატრიარქები და სხვა ეკლესიების ხელმძღვანელები. ასევე, ზუსტდება ინფორმაცია მიიღებს თუ არა დაგეგმილ საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობას მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი.

მეუფე გერასიმეს განცხადებით, ილია მეორე მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილთან და სხვა მართლმადიდებელ პატრიარქებთან ერთად 20 ნოემბერს ერთობლივ წირვაში მიიღებს მონაწილეობას.

რაც შეეხება გავრცელებული ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიების ხელმძღვანელები რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღოს, მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ "ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს".

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვიდან თბილისში 25 ნოემბერს დაბრუნდება.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი (ერისკაცობაში ვლადიმირ მიხაელის ძე გუნდიაევი) 1946 წლის 20 ნოემბერს ლენინგრადში დაიბადა.

2008 წლის 6 დეკემბერს რუსეთის პატრიარქის ალექსი II-ის გარდაცვალებიდან მეორე დღეს რუსეთის წმინდა სინოდმა კირილე პატრიარქის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნა. 2009 წლის 27 იანვარს 700-დან 508 ხმით წმინდა სინოდმა იგი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად აირჩია. 2009 წლის 1 თებერვალს კი ინტრონიზაცია შედგა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი