ილია მეორე რუსეთში მიემგზავრება - რა ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას პატრიარქი მოსკოვში

ილია მეორე რუსეთში მიემგზავრება - რა ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას პატრიარქი მოსკოვში

18 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე რუსეთში გაემგზავრება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარემ გერასიმემ (შარაშენიძემ) განუცხადა, პატრიარქი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრებთან ერთად 18-24 ნომბერს მოსკოვში, რუსეთის პატრიარქის კირილის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), მეუფე გერასიმე, გორის და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის განცხადებით, რუსეთის პატრიარქის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით რუსეთში სხვადასხვა ავტოკეფალური ეკლესიების პატრიარქები და დელეგაციები ჩავლენ. კერძოდ, ალექსანდრიის, იერუსალიმის, სერბეთის პატრიარქები და სხვა ეკლესიების ხელმძღვანელები. ასევე, ზუსტდება ინფორმაცია მიიღებს თუ არა დაგეგმილ საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობას მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი.

მეუფე გერასიმეს განცხადებით, ილია მეორე მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილთან და სხვა მართლმადიდებელ პატრიარქებთან ერთად 20 ნოემბერს ერთობლივ წირვაში მიიღებს მონაწილეობას.

ამასთან 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს პატრიარრქი მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მრევლს დალოცავს.

"იმის გამო, რომ რუსეთის პატრიარქის იუბილე ემთხვევა გიორგობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მოსკოვში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრში ჩაატარებს ლოცვას და იქ მყოფ ქართველ მრევლს დალოცავს. ეს ძალიან დიდი სიხარული იქნება მათთვის, თანადგომა, ნუგეში, ლოცვა- კურთხევა პატრიარქისგან და მილოცვა წმინდა გიორგის დღესასწაულთან დაკავშირებით", - განაცხადა მეუფემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიების ხელმძღვანელები რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღოს, მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ "ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს".

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვიდან თბილისში 25 ნოემბერს დაბრუნდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი