"ჩემს თათულიკოს, რომელიც 4 წლისაა, ქორწილი აქვს!" - ვიდეო თბილისის ბაგა-ბაღიდან, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა

"ჩემს თათულიკოს, რომელიც 4 წლისაა, ქორწილი აქვს!" - ვიდეო თბილისის ბაგა-ბაღიდან, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა

თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში გადაღებულ ვიდეოს ინტერნეტსივრცეში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეოზე, რომელიც 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღშია გადაღებული, აღსაზრდელების მასობრივი ქორწილია ასახული. როგორც აღმოჩნდა, ქორწინების ცერემონია ბაღში აღსაზრდელების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

იხილეთ ვიდეო

ერთ-ერთი აღსაზრდელის ნათესავი ამ ფაქტის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზეც წერს:

"არ შემიძლია არ მოგიყვეთ. ხვალ, ჩემ ბიძაშვილის შვილს, თათულიკოს, რომელიც ოთხი წლის არის, ქორწილი აქვს. დიახ ქორწილი. საბავშვო ბაღის მასწავლებელმა, არგუმენტად გვაჩვენა პროგრამა ბაღის აღსაზრდელებისთვის, სადაც არის ასეთი პუნქტი: "ოჯახი და ტრადიციები", ქვეპუნქტი: "ქორწილი". ამ ქვეპუნქტის მიხედვით, ბიჭებმა უნდა აირჩიონ გოგონები, რომელზეც სურთ დაქორწინება. მშობლებს დაავალეს მიიტანონ ტკბილეული.

გოგონებს ჩააცვან კაბები, ფატებს თვითონ საბავშვო ბაღი უზრუნველყოფს. არ ვიცი როგორ წყვილდებიან იმ შემთხვევაში, თუ ბიჭების და გოგონების რაოდენობა თანაბარი არ არის (ნუ ეს იმიტომ, რომ ტრადიციებს აწვებიან). ამასობაში, დემეს, თათულის უმცროს დეიდაშვილს აქვს შეკითხვა: "ჯვარისწერა იქნება?" უფროსი დეიდაშვილი აცხადებს, რომ ქორწილს სიძის ოჯახი კისრულობს. ასეა თუ ისე, ხვალ, თათულის ქორწილი აქვს!" - წერს ინტერნეტმომხმარებელი.

ასევე წაიკითხეთ: რას ამბობს ბაღის დირექტორი, რომლის აღსაზრდელებსაც "ქორწილი გადაუხადეს"

ვიდეოს ფეისბუქზე ათობით გაზიარება და კომენტარი აქვს. ფეისბუქ-მომხმარებლები აღშფოთებას ვერ მალავენ და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსგან ბაღის ხელმძღვანელობის მიმართ მკაცრ რეაგირებას მოითხოვენ:

"ეს არის მარაზმი, ხალხო. გააზიარეთ და მშობლებს თქვენს გარშემო უთხარით და აუხსენით, რომ ეს არის სიმახინჯე!"

"თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო რამ გამოგათაყვანათ ესე? არც ადრე ბრწყინავდით პრინციპში და ჯერ კიდევ ვერ ვპატიობ თავს, რომ გრძლად და დეტალურად არ დამიწერია, რა ხდება საჯარო ბაღებში, მაგრამ ეს რა უბედურებაა, 4 წლის ბავშვებისთვის მეტი სასწავლებელი ვერაფერი ნახეთ, გარდა იმისა, როგორ აირჩიოს ბიჭმა ცოლი და წარმატებით გათხოვდეს გოგო?"

"ანომალია და სადიზმი!! - მეტი არაფერი რომ არ მოგდის თავში მასწავლებელს ზეიმის ან ღია გაკვეთილის დროს"

"რომელი ზრდასრული პედაგოგის გონებაში "მოიხარშა" იდეა,რომ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს "ქორწილობანა" თუ რაღაც ამდაგვარი იდიოტობა გაათამაშებინონ? პატრონი არ ჰყავს,ეტყობა,მაგ ბაღს! რა მარაზმია"

"სად ბაღში ხდება ესა? "ზეიმების" ორგანიზატორის და მასწავლებლის პროფესია აერია? ეს ტვინზე უნაოჭო "მასტავლებელი" კინწისკვრითაა გასაგდები"

"ბაგა-ბაღში რატომ უნდა იყოს დღის თემა და საერთოდ თემა "ქორწილი" და რატომ უნდა გაითამაშონ შემდეგ ეს ბავშვებმა? ამას თუ იმით გაამართლებენ, რომ ეს მხოლოდ თამაში და გართობაა, არასწორია მაინც, რადგან ამ ასაკში ბავშვი ხომ თამაშით შეიმეცნებს სამყაროს. ეს თამაში (ზეიმი) კი ძალიან საშიშია, რადგან არ არის საბავშვო: ქორწილის რიტუალი, ფატა, ბეჭდის გაკეთება, ქმარი, ცოლი... შეიძლება მხოლოდ ზეიმის სიუჟეტია, მაგრამ ეს აქტი მაინც ხორციელდება ბავშვში, მის ცნობიერებაში და კაცმა არ იცის მომავალში რა შედეგს გამოიღებს..." - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

AMBEBI.GE ცდილობს დაუკავშირდეს 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღისა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს და მათ კომენტარებს ამ საკითხთან დაკავშირებით სულ ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.

300-წლოვანი ვაზი, ვენახის უნიკალური ჯიშები და უძველესი ყანწი მსოფლიოში - რის სანახავად დადიან ტურისტები წინანდალსა და ნაფარეულში

"რადისონ ბლუ ბათუმი” ადასტურებს, რომ სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდგინდა

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს