"თუ ეს კაცი ასე არ უყვარდათ, არჩევნები რანაირად მოიგო?" - ცნობილი ქართველების შეხედულებები ტრამპის გაპრეზიდენტებაზე

"თუ ეს კაცი ასე არ უყვარდათ, არჩევნები რანაირად მოიგო?" - ცნობილი ქართველების შეხედულებები ტრამპის გაპრეზიდენტებაზე

ამერიკის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესახებ მსოფლიოში ვნებათაღელვა არ ცხრება. ადამიანები მსოფლიოს მასშტაბით ღიად აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებას.

AMBEBI.GE დაინტერესდა, როგორ აფასებენ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი ქართველები ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს და რამდენიმე მათგანს ვთხოვეთ, საკუთარი მოსაზრება ჩვენთვის გაეზიარებინა...

ია ანთაძე, მედიაექსპერტი:

- ამერიკის საპრეზიდენტო არჩვენების შედეგებზე რომ ვისაუბრო, ჩემი კვალიფიკაცია არ არის შესაბამისი. იმგვარად და ისე ვერ ვისაუბრებ, როგორც ამაზე ამერიკანისტები ლაპარაკობენ, ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან ამერიკის ისტორია, არჩევნების ისტორია და საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები და ა.შ. უბრალოდ, ჩემს შთაბეჭდილებას გაგიზიარებთ, - მე დემოკრატიის მომხრე და ფანი ვარ, ამ მხრივ ამ არჩევნებში ვერაფერი პრობლემური ვერ დავინახე იმიტომ, რომ ამერიკის პრეზიდენტი ის ადამიანი გახდა, ვინც ამერიკელებმა თავისი სისტემის შესაბამისად აირჩიეს.

შესაძლებელია, ჰილარი კლინტონმა პიროვნულად ამომრჩევლის მეტი ხმა მიიღო, ვიდრე დონალდ ტრამპმა, მაგრამ იმ სისტემის მიხედვით, ის ადამიანია პრეზიდენტად არჩეული, ვისაც რეალურად მეტი მხარდაჭერა ჰქონდა ამერიკელებისგან. ეს იყო ჩემთვის მთავარი! რაც შეეხება ტრამპს, რასაც ექსპერტები ამბობენ, ამერიკას უნდა ცვლილებები და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ხმა სწორედ ამას მისცა. სანდერსის კამპანიაც ამის მაუწყებელი იყო, ამერიკელებს ცვლილებები უნდოდათ, მოწყურებულები იყვნენ. ამიტომ ამომრჩეველთა ნაწილმა ხმა მისცა არა დემოკრატ კანდიდატს, არამედ რესპუბლიკელ კანდიდატს, ტრამპს იმ ნიშნით, რომ პარტიულ კუთვნილებაზე მეტად ადამიანი სჭირდებათ, რომელიც ამერიკის ცხოვრებაში რაღაცას ძირეულად შეცვლიდა.

ახლა რჩება საკითხი, ამერიკის მოსახლეობა რამდენად არ განიხიბლება თავის მოლოდინში და რამდენად მოხდება ის ცვლილება, რასაც ისინი ელიან, რაც მართლაც საკითხავია იმიტომ, რომ ტრამპი თავისი კამპანიის დასაწყისში ამბობდა ერთს, კამპანიის ბოლოს კი ცოტა სხვანაირად საუბრობდა... ამიტომ მოლოდინის ხანა დადგა, რასაც პირველ რიგში ამერიკელები ძალიან ყურადღებით შეხედავენ, რა მოხდება. ცხადია, ეს ჩვენთვისაც საინტერესოა, რადგანაც ქართველებს სხვისთვის თვალყურის დევნება უფრო გვიყვარს, ვიდრე საკუთარი თავისთვის და ამიტომ ეს ყველაფერი მოსაწყენი არ იქნება...

ლაშა ჩხარტიშვილი, "დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი, ეკოლოგი:

- იმედია დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში არ მოხდება საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკის რადიკალური ცვლილება, თუმცა მე ამაში დარწმუნებული არ ვარ... ზოგადად ოლიგარქების პრეზიდენტობისა და ხელისუფლებაში ყოფნის მომხრე ნამდვილად არ ვარ და მიმაჩნია, რომ ეს იშვიათად, ნუ პრაქტიკულად, არასდროს მთავრდება კარგად სახელმწიფოსა და ხალხისათვის... რაც ძირითადად გამოწვეულია ამგვარი ადამიანების აზროვნების ტიპითა და ცხოვრების წესით, ისინი, როგორც წესი, უფრო მნიშვნელოვნად მსხვილი ბიზნესის, მათივე ტიპის ოლიგარქების ინტერესებს აყენებენ, ვიდრე წვრილი ბიზნესისა, რომელიც მრავალჯერ მეტ "ჩვეულებრივ" ადამიანს ასაქმებს, ვიდრე ოლიგარქიული კომპანიები...

ამასთანავე, მათ ახასიათებთ მესაკუთრეობრივი დამოკიდებულება სახელმწიფოსადმი, ისეთივე როგორც საკუთარი კომპანიის მიმართ... არც პირადი ბიზნესინტერესების უკანონო ლობირებაზე ამბობენ ხშირად უარს და არც საკუთარი ახირებების დაკმაყოფილებაზე, თუნდაც ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ხარჯზე... მათთვის ხშირად ნაკლებად მნიშვნელოვანია ისეთი ღირებულებები, როგორიცაა გარემოს დაცვა და სოციალური თანასწორობა... თუმცა, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა "დასავლურ დემოკრატიებში" არსებული მყარი და გამართული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების არსებობის გამო, თუნდაც ოლიგარქი პრეზიდენტის ნება-სურვილს გაცილებით ნაკლები ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე საქართველოს მსგავსი ე.წ. განვითარებული სახელმწიფოსთვის...

ია ფარულავა, მსახიობი:

"ისე მეკითხები, გეგონება სოსო ცინცაძე ვიყო. რომელი პროგნოზისტი მე ვარ? თან, მაშინ, როცა სრულიად მსოფლიო არაპროგნოზირებადი გახდა (იცინის)...

- სოსო ცინცაძე არ ხარ, მაგრამ წლების მანძილზე ამერიკაში ცხოვრობდი, როგორც მახსოვს, ამერიკის მოქალაქეც იყავი, ამიტომ, საინტერესოა შენი მოქალაქეობრივი პოზიციაც...

- ტრამპს მიაჩნია, რომ ეროკავშირი საჭირო არ არის და რაღაც საშინელი გამოსვლები ჰქონდა, გიჟური ლოზუნგები, მაგრამ მაინც მგონია, რომ რესპუბლიკური პარტიის გზას და მიმართულებას გააგრძელებს, არა მგონია, გადაუხვიოს. თუმცა, პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა. დღეს თუ პუტინის ძმაკაცია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალაც იქნება. ამიტომ ყველაფერი არის არაპროგნოზირებადი. მის გამოსვლას ვუყურებდი "ფეისბუქზე" ლაივი ჰქონდა, ხალხი უმეტესად გაბრაზებულ "სმაილიკებს" უწერდა. თუ ეს კაცი ასე არ უყვარდათ, არჩევნები რანაირად მოიგო, ვერ გავიგე?

ერთი რამ კი ფაქტია, დიდი ხანია ბევრს უყვარს, რადგანაც ნამდვილი ვარსკვლავია თავისი სატელევიზიო შოუებით, ცხოვრებით, ბესტსელერი წიგნებით და ამიტომაც, გინდა არ გინდა, ასეთი შედეგი დადგა... თუმცა, ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ჩვენ უკვე აღარაფერი გვაკვირვებს...

ქეთათო ჩარკვიანი, მუსიკოსი:

- ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას, ვინ იქნება ამერიკაში პრეზიდენტი, მნიშვნელოვანია საქართველოში ადამიანების მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, არჩევნებზე წასვლა, აქტიურობა, პროცესში ჩართულობა. მინდა, ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ადამიანებში მეტად ამაღლდეს. ხოლო რაც შეეხება ზესახელმწიფოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამ ეტაპზე ტრამპისნაირი ექსცენტრიული ადამიანი მხოლოდ 4 წლით წაუძღვება მას. იქ ყველაფერს ინსტიტუტები ისე არეგულირებენ, რომ წარმოუდგენელია, რაღაც კარდინალური და მასშტაბური ცვლილებები მოხდეს, რომელმაც შეიძლება, გვავნოს, ან პირიქით. ასე რომ, იმ დიდი სახელმწიფოს პრეზიდენტი ვინ იქნება, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა... თუმცა, ინდივიდუალიზმი როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ კვალს ტოვებს, მაგრამ 100%-ით არაფერია დამოკიდებული ვიღაც ექსცენტრიკულ ადამიანზე.

ვიმეორებ, მე საქართველოს მდგომარეობა უფრო მაღელვებს, სადაც არ არის ასე თუ ისე განვითრებული ესა თუ ის ინსტიტუტი და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაც არ აქვთ გააზრებული. ასეთ ქვეყნებში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ვინ არის სათავეში. ასე რომ, ტრამპის გაპრეზიდენტებაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. წინა მონაცემებით, ცნობილი იყო, რომ ამერიკის ინტელექტუალური ნაწილი, ასევე ჰოლივუდის ვარსკვლავები ჰილარი კლინტონს აძლევდნენ ხმას, მაგრამ რეალობამ სხვა შედეგი აჩვენა, გაიმარჯვა ტრამპმა. ასე რომ, ამერიკა არის საკმაოდ ჭრელი და აქედან გარკვეული დასკვნები უნდა გამოვიტანოთ...

მოკლედ, მთავარია, მოქალაქეობრივი შეგნება იყოს განვითარებული, მაგრამ პოლიტიკოსებისგან იმდენად იაფფასიან ხრიკებს ვართ მიჩვეული და იმდენად მოგვაბეზრეს თავი, რომ მათთვის ხმის მიცემა ზოგჯერ გვეზარება. მოკლედ, მსოფლიოსა და საქართველოში თითქმის ერთი პროცესი მიდის...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

Forbes-ის მიხედვით ბათუმი ინვესტიციებისთვის ევროპის საუკეთესო ქალაქია - რას წერს გავლენიანი გამოცემა ბათუმზე?

რა ვითარებაა და როდის აღდგება წყლის მიწოდება გუდაურსა და ბაკურიანში, სადაც უწყლობამ სეიოზული პრობლემები შექმნა

ხვალიდან მეგაშოუ "დიდი სცენის" ლა­ივ­კონ­ცერ­ტე­ბი იწყება