"მივხვდი, მარტოს უნდა გამეზარდა ბავშვი, მაგრამ ერთი წამით არ მიფიქრია აბორტზე" - თაკო მელიქიშვილი დედა გახდა

"მივხვდი, მარტოს უნდა გამეზარდა ბავშვი, მაგრამ ერთი წამით არ მიფიქრია აბორტზე" - თაკო მელიქიშვილი დედა გახდა

მომღერალი თაკო მელიქიშვილი გასულ ზაფხულს დედა გახდა. მას ვაჟი შეეძინა. ის პირველი ცნობილი ადამიანია, რომელმაც ბავშვი დაოჯახების გარეშე გააჩინა და ამის შესახებ, საჯაროდ პირველად Ambebi.ge-სთან ალაპარაკდა.

- მეორედ გავხდი დედა, ბიჭი გავაჩინე, რატი დავარქვი. ძალიან ბედნიერი ვარ. პრობლემური ორსულობა მქონდა, 7 თვიანი დაიბადა ჩემი შვილი. გადატვირთული სამუშაო რეჟიმი მქონდა, ვიმოგზაურე ისრაელში, სადაც კონცერტებზე ვიყავი მიწვეული. ისრაელიდან დაბრუნებულს ნაადრევი მშობიარობა დამეწყო. ჩემი და ჩემი შვილის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იდგა. რადიოში, პირდაპირ ეთერში დამეწყო მშობიარობა, ჩემმა თანამშრომელმა წამიყვანა სამშობიაროში, სადაც უნდა მემშობიარა. როდესაც მივედით კლინიკაში, მუცელი უკვე მოწყვეტილი მქონდა, ექიმებმა ბავშვის გულისცემა შეამოწმეს და საკეისრო კვეთით გავაჩინე ბავშვი.

- 7 თვის ორსულს ვინ მოგცათ ისრაელში გაფრენის უფლება?

- "ეკა ხოფერიას შოუს" გადაღებაზე მივდიოდით, თან მიწვევა მქონდა კონცერტზე, როცა აეროპორტში გაიგეს, რომ ორსულად ვარ. დამაკავეს, საზღვარზე ექიმის ნებართვის გარეშე არ მიშვებდნენ, როდესაც ჩემს ექიმს დაურეკეს, მან დაგვრთო ფრენის უფლება, ვინერვიულე და თვითმფრინავში ცუდად გავხდი. ლელა წურწუმია ხაჭაპურებით მოდიოდა ფრენის დროს ჩემთან, სკამს მისწორებდა, მაკა ზამბახიძე, ნოდიკო ტატიშვილი, ეკა ხოფერია მივლიდნენ.

- ვინ გეხმარება რატის აღზრდაში?

- პირველი შვილი 13 წლის მყავს, ჩემი ქალიშვილი იყო პირველი ადამიანი, ვინც გაიგო, რომ ძმა ეყოლებოდა. მე და ლიზი უფრო დაქალები ვართ, რადგან პატარა ასაკში გავაჩინე. ის ჩემი მესაიდუმლეა და ზუსტად ვიცოდი სადაც არ იყო საჭირო, იქ არ იტყოდა, რომ დედა ბავშვს ელოდებაო.

- რატომ მალავდი ორსულობას?

- არც ვმალავდი. ვინც ხვდებოდა, მათ ვპასუხობდი, რომ ბავშვს ველოდებოდი. ჩემთვის მიხაროდა ეს სიახლე. ისრაელში ვიყავით კრუიზში, ეკა ხოფერიას შოუსთან ერთად. როდესაც იქიდან დავბრუნდით და შოუ ეთერში გავიდა, მშობიარობა უცებ დამეწყო.

- ბავშვი მამის გარეშე რატომ გააჩინეთ?

- ასე მოხდა. ჩვენი ურთიერთობა დასრულდა შვილით, რომელსაც მე ვზრდი. მე ის ადამიანი ძალიან მიყვარდა და ამიტომაც გადავწყვიტე მისგან ბავშვის გაჩენა.

- ვინ არის მამა?

- არ მაქვს სურვილი მასზე ვისაუბრო. ჩემთვის მთავარი არის რატი, რომელსაც მე და ლიზი ერთად ვზრდით. 13 წლის მანძილზე სულ მინდოდა კიდევ ერთი შვილის გაჩენა. ბიზნესმენია, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს. როცა გავიგე ორსულად ვიყავი, 2-3 თვეში, ჩემი ინიციატივით დავასრულე ურთიერთობა. მივხვდი ეს ადამიანი პასუხისმგებლობას არ აიღებდა, ამიტომ ვარჩიე, ჩემი შვილისთვის დედაც და მამაც თავად ვყოფილიყავი. ახლა ალბათ აქვს ბავშვთან ურთიერთობის სურვილი...

- საკმაოდ მძიმე ორსულობა გქონდათ და ბავშვი 7 თვიანი გაჩნდა, ეს პირად ცხოვრებაში გადატანილი უსიამოვნების ბრალია?

- ალბათ ამის ბრალია... 3 თვის ორსული მარტო დავრჩი, ბევრგან ვმუშაობდი, ვნერვიულობდი და ამიტომაც დაიბადა რატი ნაადრევად. დალხენილი ცხოვრება და ბედნიერი ორსულობა რომ მქონოდა, ალბათ ბავშვი ნაადრევად არ დაიბადებოდა. ვერ ვიტყვი, რომ ეს ტკივილი გადავიტანე და კარგად ვარ, მაგრამ გაივლის ყველაფერი. იმ რთულ ორ თვეს ვერ დავივიწყებ. იმ მომენტში როცა განსაცდელში ვიყავი ვისი იმედიც მქონდა, ბევრი გვერდით არ დამიდგა. ის სტრესი, რაც მაშინ გადავიტანე არასდროს დამავიწყდება. მაშინაც კი, როცა წინ გავიხედე და მივხვდი, მარტო უნდა გამეზარდა ბავშვი, ერთი წამითაც არ მიფიქრია აბორტის გაკეთებაზე.

- იფიქრებდით, რომ თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა ასე დასრულდებოდა?

- როცა ბედნიერი ხარ, არ ფიქრობ ცუდზე.

- დაოჯახებას აპირებდით?

- არა, ჩვენ დიდი ხნის ურთიერთობა გვქონდა დაშორებამდე, მაგრამ დაოჯახებაზე არ მიფიქრია.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი