აღვივებს თუ არა აგრესიას ქართული ზღაპრები პატარებში და როგორია მსოფლიო პრაქტიკა - ფოლკლორისტების პასუხი ჯეჯელავას

აღვივებს თუ არა აგრესიას ქართული ზღაპრები პატარებში და როგორია მსოფლიო პრაქტიკა - ფოლკლორისტების პასუხი ჯეჯელავას

"კომბლე მოძალადეა და ცუდი მეცხვარე", - თქვა განათლების მინისტრმა, სანდრო ჯეჯელავამ და პრაქტიკულად, უამრავი ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია...

ამ თემას აგერ უკვე ერთი კვირაა, საზოგადოება განიხილავს... არის თუ არა ქართული ზღაპარი პატარებში აგრესიის გამაღვივებელი და საერთოდ, რა არის ის? ამ თემაზე სპეციალისტს, პროფესორ ქეთევან სიხარულიძეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის გამგეს ვესაუბრეთ.

- როდესაც ქართული ზღაპრის პერსონაჟზე ბატონი მინისტრის მოსაზრება მოვისმინე, შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მას ზოგადად ფოლკლორზე საკმაოდ ზერელე ინფორმაცია აქვს (მის ზოგად განათლებას ცხადია, არ ვეხები, ფაქტია, რომ განსწავლული ადამიანია)...

- დიახ, ნამდვილად არ იცის, რა არის ზღაპარი. ბატონ სანდროსთან, წელიწად-ნახევრის წინ, ამ თემაზე მინისტრობამდე მქონდა საუბარი, როდესაც გადაცემა "კომუნიკატორში" მომიწვიეს. მივესალმები მის ყველა სიახლეს, რომლის გატარებასაც სკოლებში აპირებს, მაგრამ ზღაპარი სხვა მოცემულობაა, მასში ცოტა ღრმად ჩახედვაა საჭირო და როდესაც არ გვაქვს შესაბამისი კომპეტენცია, მიმაჩნია, ასეთი კატეგორიულებიც არ უნდა ვიყოთ!.. 

ზღაპარი უნივერსალური მოვლენაა და როდესაც ქართულ ზღაპარზე ვლაპარაკობთ, მაშინ მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებზეც უნდა ვილაპარაკოთ, მასშტაბი უნდა გავზარდოთ... მინისტრმა არა მარტო ზღაპარი არ იცის, არ იცის ფოლკლორული შემოქმედება, რომელმაც დიდი ხნის წინ შეწყვიტა არსებობა. ის, რაც გვაქვს, უკვე მემკვიდრეობაა და ვერაფერი შეცვლის, რადგანაც ქმნადობის პროცესი ფოლკლორმა დაამთავრა და მხოლოდ ანეკდოტის ჟანრით არის გამოხატული...

ამასთან, ხალხურ შემოქმედებას დრო სჭირდება, ხალხში უნდა გავიდეს, ვარიანტების სახით იარსებოს, რომ ვაღიაროთ...

- მსოფლიო ხალხთა ზღაპრებზე რომ ვისაუბროთ...

- ზღაპარი ევრაზიის კონტინენტზე ძირითადად ერთგვაროვანია, განსაკუთრებით ეს ჯადოსნურ ზღაპრებს ეხება, ისინი ეროვნული ნიშნით გამორჩეულები სულაც არ არის. ამიტომ, რა პრეტენზიაც წაუყენეს ქართულ ზღაპარს, ეს ევრაზიულ კონტინენტზე გავრცელებულ ყველა ზღაპარს ეხება, რადგანაც სიუჟეტები ყველგან მსგავსია... შეიძლება, დღევანდელი გადმოსახედიდან, მასში ბევრი რამ მართლაც უკვე ზედმეტია, თუნდაც სიმკაცრე, მაგრამ თუ ძველ ხალხებს გავითვალისწინებთ, რომელიც ყველა თვალსაზრისით მკაცრ პირობებში ცხოვრობდნენ, მაშინ ეს პრეტენზია უკანა პლანზე გადადის...

ადამიანს ბავშვობდანვე უნერგავდნენ, საზოგადოების წევრი რომ გახდებოდა, რა ფუნქცია უნდა ჰქონოდა. მამაკაცისთვის განსაკუთრებით სავალდებულო იყო თავისი ტერიტორიის, ტომისა თუ საკუთრების დაცვა შესძლებოდა. აღიარებულია, რომ ზღაპრის გმირი ყოველთვის კეთილი მიზნებისთვის იბრძოდა და ამიტომაც ჰყავდა შემწეები...

რაც შეეხება სასჯელის სისასტიკეს, არა მგონია, იმაზე მეტ აგრესიას იწვევდეს, ვიდრე ის მულტფილმები და კომპიუტერულ თამაშები, რომელსაც ახლა ბავშვები უყურებენ. მოკლედ, ახალგაზრდებში გაჩენილი აგრესიის მიზეზად, მხოლოდ ზრაპარს ნუ დავასახელებთ და მთელ პასუხისმგებლობას ნუ დავაკისრებთ...

- როგორც მინისტრმა ბრძანა, "კომბლე მოძალადეა და ცუდი მეცხვარე"...

- ამის შესახებ ერთხელ უკვე დავწერე და გავიმეორებ, რადგან ძალიან სერიოზული შენიშვნა მაქვს: მეზღაპრე კომბლეს მეცხვარეს არ უწოდებს და მაინცდამაინც ეკონომისტის თვალით ნუ შეხედავს ბატონი მინისტრი იმას, რომ კომბლეს 2 ცხვარი ჰყავს და ამიტომ ცუდი მეცხვარეა. მეტსაც გეტყვით, ის არ არის საერთოდ მეცხვარე, კომბლის მთლელია, კომბლებს თლის და ჭერში აწყობს... დიახ, გასათვალისწინებელია, რომ მწყემსი არ არის და ამიტომაცაა, რომ 2-ზე მეტი ცხვარი არ ჰყავს. ზღაპარს მისი ცხვრების რაოდენობა არ აინტერსებს, მთავარია, რომ კომბლის მოხმარებელია ანუ მეომარი, ფაქტობრივად, მტაცებლებს ებრძვის... მის მიმართ წაყენებული პრეტენზიით კი რა გამოდის? მტაცებელს საკადრისი პასუხი არ უნდა გავცეთ?!

- ზღაპარს დიდაქტიკური მნიშვნელობა ცხადია, აქვს...

- ზღაპრები საზოგადოების წევრებისთვის ყოველთვის დიდაქტიკური მნიშვნელობისაა, ჭკუის მასწავლებელი და გარკვეული ცოდნითაცაა სავსე; ადრინდელი ადამიანები განათლებას ხომ ზეპირგადმოცემით, ზღაპრებით იღებდნენ, ამიტომ ეს ჟანრი, თავისი წარმოშობით, შეიძლება საბავშვო არც იყოს, რადგანაც მაშინდელი საზოგადოებისთვის მას საგანმანათლებლო ფუნქცია ჰქონდა. ხოლო როცა მოიმატა განათლების წყარომ, საზოგადოებამ მეტი ცოდნა შეიძინა, ზღაპარმა საბავშვო რეპერტუარშიც გადაინაცვლა...

- კომბლეს რომ დავუბრუნდეთ... ფოლკლორისტები როგორ ხსნით, მისთვის კომბალს რა დატვირთვა აქვს?

- კომბალი მისთვის მნიშვნელოვანი საგანია, ჯერ ერთი, თავდაცვის იარაღია, რომელიც შემდგომ ბელადების ატრიბუტადაც იქცა და საერთოდ ის კვერთხის წინარე სახე გახლავთ. ამიტომ კომბლე უბრალო კაცი არ არის და მას აგრესორსა და მოძალადეს არაფრით დავარქმევდი. რატომ არის მოძალადე, როცა თავის საკუთრებას იცავს. ერთადერთი ბრიყვი მგელისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი ის ფორმულა, რითაც ცხვრები სხვა მტაცებლებს პასუხობდნენ, რომლებიც შემდგომ უკან იხევდნენ. მგელმა რადგანაც გაბედა, ამიტომაც მიიღო.

ზღაპარზე თავდასხმა უკვე იმაზე ცუდ შედეგს მოგვცემს, ვიდრე ბატონ ალექსანდრეს წარმოუდგენია. გამოდის, რომ ტრადიციის ამოძირკვისკენ მიდის საქმე. არ წავუკითხოთ, არ გავაცნოთ პატარებს ის, რაც მათია, რაც ხალხს სიბრძნედ მიუჩნევია? ფოლკლორი ხომ როგორც ხალხის სიბრძნე ასე იშიფრება?! ხალხი მისთვის მიუღებელს საგანძურში არავითარ შემთხვევაში არ გააჩერებდა. თაობიდან თაობას მხოლოდ იმას გადასცემდა, რა მისთვის ძვირფასი იყო.

- კი, მაგრამ შეიცვალა ცხოვრება და ამა თუ იმ საკითხის შესაფასების კრიტერიუმებიც...

- დიახ, შეიცვალა, რაც უწინ მისაღები იყო, ახლა აღარ გამოდგება, მაგრამ საერთოდ ამოვძრკვოთ და ამოვშანთოთ ის ფესვები, საიდანაც ამოვიზარდეთ? რა დავრჩებით მერე?!

ვიმეორებ, ზღაპარი ფოლკლორში ყველაზე უნივერსალური ჟანრია. იქ მიჯნა არ გადის. სიუჟეტები, სახეები, ზოგადად მსოფლიო ზღაპარში ისეა, რომ გამოსაკვლევიც არის, რა ხდება, ასე ერთგვაროვანი როგორ არის ეს ყველაფერი. რა მოცემულობაა ასეთი, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ხალხში თითქმის ერთნაირი სიუჟეტები, სახეები და გმირებია...

- სუპერმენსა და სპაიდერმენზე რას იტყვით?

- ისინი ცხადია, ჩვენი კულტურის ნაწილი არ არიან. თუ ძალიან უნდა მინისტრს, მაშინ მწერლებს შეუკვეთოს და დააწერინოს მსგავს გმირებზე ნაწარმოებები, ამის მოწინააღმდეგე არავინ იქნება, შეიქმნას ხარისხიანი ნამუშევრები და სუპერგმირებიც მოვძებნოთ... საქმე ის არის, რომ რაც ახალი პერსონაჟები ჰგონიათ, ყველაფერი საზრდოობს იმ ტრადიციებით, რომელიც მსოფლიოს ხალხებს საუკუნეების მანძილზე აქვთ გამომუშავებული. ყველაფერი, რაც ეკრანიზებულია, თუნდაც ფანტასტიკა, წამოსული და დამუშავებულია მითოლოგიიდან, ფოლკლორიდან, იმ საერთო ცოდნიდან, რაც მსოფლიო ხალხებს აქვს.

- გეთანხმებით, მსოფლიო ზღაპრების გმირები ერთმანეთს მართლაც ჰგვანან...

- კი, სპაიდერმენსაც თუ განვიხილავთ, ალბათ ნაცარქექიამდეც დავალთ... მოკლედ, ასეთი გამოსვლებით ფაქტობრივად, წყალში ვყრით იმ გამოჩენილი მეცნიერების (არა მარტო ქართველების მსოფლიოს მასშტაბით) კვლევებსაც, რომლებმაც ზღაპარი შეისწავლეს; მაგალითად, ამ მხრივ უძლიერესი იყო ფინური სკოლა...   

იმედია, ასეთი შეძახილით ზღაპარს ვერ მოერევიან, მათ ათასწლეულებს გაუძლეს. მით უფრო, რომ ზრაპარი და მისი ქმნადობაც დასრულებულია. ამასთან, ისევე როგორც ენა თავისი არსით, მოცემულობით არის იმპერატიული, ასეთივე იმპერატიულია ზღაპარიც!

ბატონ სანდროს იმაში ვეთანხმები, რომ სკოლაში ბევრი რამ შესაცვლელია, მაგრამ ვურჩევ, ზღაპარს ასე ზერელედ ნუ მოეკიდება!..

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი