ზეციური იერარქია - ყველაფერი, რაც ანგელოზთა დასების შესახებ უნდა იცოდეთ

ზეციური იერარქია - ყველაფერი, რაც ანგელოზთა დასების შესახებ უნდა იცოდეთ

სწავლება ანგელოზთა სხვადასხვა დასის არსებობის შესახებ, საღმრთო წერილზე დაყრდნობით, მრავალ ღმრთისმეტყველთან გვხვდება. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პავლე მოციქულის მოწაფის, წმინდა დიონისე არეოპაგელის შრომა: "ციური იერარქიის შესახებ". მან ანგელოზთა ცხრა დასი განაჩინა - სერაფიმნი, ქერუბიმნი, საყდარნი, უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი, მთავრობანი, მთავარანგელოზნი, ანგელოზნი. წმინდა დიონისე არეოპაგელის ანგეოლოგია საღმრთო სწავლებად შერაცხა ეკლესიამ. ამის თვალნათლივი ნიმუშია VIII საუკუნის უდიდესი ძეგლი, წმინდა იოანე დამასკელის "ზედმიწევნითი გადმოცემა მართლმადიდებლური სარწმუნოებისა". მისი თქმით, პირველი სამეული ანგელოზებისა არის ის, რომელიც მარადის ღმრთის გარშემოა და გადმოცემისაებრ უახლოესად და უშუალოდ შეერთებულია მასთან. ესაა ექვსფრთიანი სერაფიმების, მრავალთვალა ქერუბიმებისა და უწმინდეს საყდართა მწყობრი.

წმინდა დიონისეს სწავლებით, ყველა ზეციური დასი ზოგადად "ანგელოზად" იწოდება, რადგან ბერძნული სიტყვა "ანგელოზი" ნიშნავს "მაუწყებელს", "მაცნეს", "გამაცხადებელს", "მიმთხრობელს", ხოლო გამაცხადებლობითი თვისება ყველა ციურ არსებას აქვს, რადგან ისინი იერარქიული კიბის დაცვით ზემოდან ქვემოთ "მაუწყებლობენ", "გამაცხადებლობენ" საღმრთო ჭეშმარიტებას. მეორე მხრივ, საკუთრივი მნიშვნელობით "ანგელოზებად" იწოდებიან მხოლოდ ზეციურ ძალთა ყველაზე ქვემორე (ზემოდან მეცხრე) საფეხურზე მყოფი არსნი, რადგან ადამიანებს უშუალოდ მხოლოდ ისინი უცხადებენ ზენა არსთაგან გადმოცემულ ჭეშმარიტებას. წმინდა დიონისე ურყევად ადგენს, რომ ანგელოზურ დასთა იერარქია შეუძრავია და არასოდეს ირღვევა. ეს ნიშნავს: რაც არ უნდა აღმატებული გამოცხადება მიეცეს ადამიანს, ყველა ამგვარი მოვლენა სრულდება "ანგელოზთა" ანუ ყველაზე ქვედა, მეცხრე დასის წევრთა მიერ.

მაგალითად, "ესაიას წინასწარმეტყველებაში" აღწერილია, თუ როგორ გამოეცხადა ესაიას უზენაესი სერაფიმი. წმინდა დიონისე განმარტავს, რომ ამ შემთხვევაშიც ესაიას უშუალოდ და პიროვნულად გამოეცხადა არა მართლაც სერაფიმი, არამედ ყველაზე ქვედა ანუ მეცხრე დასის (საკუთრივ "ანგელოზთა" დასის) ერთ-ერთი წევრი. მაგრამ რადგანაც ამ უკანასკნელისგან ნაუწყები ჭეშმარიტება მომდინარეობდა სწორედ სერაფიმთაგან ანუ რადგანაც ეს ერთ-ერთი ანგელოზი (მეცხრე დასის წევრი) საკუთრივ სერაფიმის ბრძანებას ასრულებდა, შესაბამისად, ესაიას ხილვასაც სერაფიმის გამოცხადება ეწოდა, მსგავსად შიკრიკისა, რომელიც ბატონის ბრძანებას გადასცემს ადრესატს და ამ ბრძანების წყაროდ საკუთარ თავს კი არ წარმოადგენს, არამედ, ცხადია, თავის ბატონს.

ამრიგად, არეოპაგეტული სწავლებით, ანგელოზთა ზენა დასთა წევრები უშუალოდ არასოდეს ეცხადებიან ადამიანებს, არამედ ისინი მეცხრე დასის წევრების ანუ საკუთრივ ანგელოზების მეშვეობით უკავშირდებიან კაცთა შორის განწმენდილ პირებს. ყურადღებას იქცევს საკითხი იმის შესახებ, თუ ზეციურ ძალთა რომელ დასს ეკუთვნიან მთავარანგელოზებად სახელდებული მიქაელი და გაბრიელი, რომელთაგან პირველი დანიელს გამოეცხადა, მეორემ კი ყოვლადწმინდა მარიამს ახარა მხსნელის მოვლინების საიდუმლო. ამასთან დაკავშირებით შესაძლებელია სამი აზრის დაშვება:

პირველი - მიქაელი და გაბრიელი ეკუთვნიან "მთავარანგელოზთა" დასს (ზემოდან მერვეს) და პიროვნულად თვითვე გამოეცხადნენ დანიელსა და ყოვლადწმინდა მარიამს (უფრო ადრე - ზაქარიას). ასეთ შემთხვევაში, უნდა ვიფიქროთ, რომ "მთავარანგელოზთა" დასის წევრებიც, იშვიათ შემთხვევებში, უფლებამოსილნი არიან, პიროვნულად მოევლინონ წმინდა ადამიანებს ("ანგელოზთა" დასის შუამავლობის გარეშე).

მეორე - მიქაელი და გაბრიელი ეკუთვნიან "მთავარანგელოზთა" დასს, მაგრამ პიროვნულად თვით ისინი არ გამოსცხადებიან დანიელსა და ყოვლადწმინდა მარიამს (ან ზაქარიას), არამედ, ისევე როგორც ესაიასთან დაკავშირებული "სერაფიმისეული ხილვის" შემთხვევაში, ამჯერადაც უშუალოდ მივლინებულნი დანიელთან და მარიამთან (ან ზაქარიასთან) ანუ საღმრთო უწყების მათთვის უშუალოდ, პიროვნულად გადამცემნი, ე.ი. დავალების შემსრულებელნი უნდა ყოფილიყვნენ საკუთრივ "ანგელოზთა" დასის (ზემოდან მეცხრის) წევრები, მაგრამ მათ გამოცხადებას მაინც მიქაელისა და გაბრიელის გამოცხადებანი ეწოდა, რადგანაც ეს ანგელოზები მხოლოდ იმას ამცნობდნენ დანიელსა და მარიამს (და ზაქარიას), რაც სწორედ მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზებმა გადასცეს მათ ანუ ხსენებული ანგელოზები მათ წინაშე ლაპარაკობდნენ მიქაელისა და გაბრიელის პირით, წარმოადგენდნენ მიქაელისა და გაბრიელის პირს, განასახიერებდნენ მიქაელსა და გაბრიელს.

მესამე - მიქაელი და გაბრიელი ეკუთვნიან არა "მთავარანგელოზთა" დასს (ზემოდან მერვეს), არამედ "ანგელოზთა" დასს (ზემოდან მეცხრეს), მაგრამ თუ ისინი "მთავარანგელოზებად" იწოდებიან, იწოდებიან იმიტომ, რომ "ანგელოზთა" დასში მათი უპირატესობა წარმოჩინდეს. წმინდა დიონისე გვასწავლის, რომ ყოველ დასში არიან უპირატესნი და უდარესნი. ამიტომ მიქაელსა და გაბრიელს მთავარანგელოზები შეიძლება ეწოდოთ არა აუცილებლად დასობრივი გაგებით (რომ ისინი "მთავარანგელოზთა" დასს (ზემოდან მერვეს) ეკუთვნიან), არამედ მათი გამორჩეული ღირსების წარმოსაჩენად (რომ ისინი თავიანთი დასის სხვა წევრებზე უპირატესნი არიან). სხვაგვარად, სიტყვა "მთავარანგელოზი" მიქაელისა და გაბრიელისადმი ითქმის არა კერძოობითი, ნომენკლატურული (დასობრივი) შინაარსით, არამედ ზოგადი აზრით, ეპითეტურად, აქსიომატურად ანუ ღირსებითად (რომ ისინი თავიანთ დასში "მთავრობენ" სხვა "ანგელოზებს").

რაც შეეხება მეორე და მესამე აზრს, არეოპაგეტული სწავლების მიხედვით, ორივე მათგანი თანაბრად შესაძლებელია. თუმცა საეკლესიო ტრადიციაში შეიმჩნევა გადახრა მესამე თვალსაზრისისკენ.

წმინდა დიონისე არეოპაგელის გარდა ანგელოზურ დასებზე უთითებენ სხვა ავტორებიც. მაგალითად, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი, წმინდა კირილე იერუსალიმელი და სხვა. მაგრამ წმინდა დიონისე არეოპაგელის თხზულებათა გამოჩენამდე (VIს-ის დამდეგი და ნაწილობრივ შემდეგაც) ანგელოზურ დასთა იერარქიული რიგი სხვადასხვაგვარად აითვლებოდა ეკლესიის მამათა მიერ, უფრო სწორად, მათთვის იერარქიულ რიგს არ ენიჭებოდა დიდი მნიშვნელობა. წმინდა დიონისემ შემდეგი რიგი გადმოგვცა (ზემოდან ქვემოთ):

სერაფიმნი, ქერუბიმნი, საყდარნი - I დასი

უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი - II დასი

მთავრობანი, მთავარანგელოზნი, ანგელოზნი - III დასი

ამ რიგს მცირედი კორექცია გაუკეთა წმინდა მაქსიმე აღმსარებელმა (თანამედროვე მკვლევართა აზრით, იოანე სკვითოპოლელმა), რომლის მიხედვითაც უზენაესია არა "სერაფიმთა", არამედ "საყდართა" მწკრივი.

1. საყდარნი

2. ქერუბიმნი

3. სერაფიმნი

მომდევნო და ბოლო ეტაპი ანგელოზური იერარქიის კომენტირების გზაზე უკავშირდება წმინდა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველის მოწაფის, ნიკიტა სტითატის სახელს, რომელმაც სცადა კონკრეტულად განემარტა წმინდა დიონისეს სწავლება იმის შესახებ, რომ ამქვეყნიური საეკლესიო იერარქია გამოსახავს ზეციურს. ნიკიტამ თავის ნაშრომში, "იერარქიის შესახებ", მოგვცა ანგელოზური და საეკლესიო იერარქიების შემდეგი შესატყვისობა:

პირველი სამეული

საყდარნი - პატრიარქები

ქერუბიმნი - მიტროპოლიტები

სერაფიმნი - მთავარეპისკოპოსები

მეორე სამეული

უფლებანი - ეპისკოპოსები

ძალნი - მღვდლები

ხელმწიფებანი - დიაკვნები

მესამე სამეული

მთავრობანი - იპოდიაკვნები (კერძოდიაკვნები)

მთავარანგელოზნი - მკითხველნი (მედავითნენი)

ანგელოზნი - მონაზვნები

ნიკიტას აზრით, ამგვარი შესატყვისობა გულისხმობს არა მხოლოდ მოცემული პარალელური წყვილების თვისობრივ სამოღვაწეო თანხვედრას, არამედ იმასაც, რომ საეკლესიო იერარქიის ამა თუ იმ საფეხურზე მყოფი პირი, თუკი იგი ღირსეულად აღასრულებს თავის იერარქიულ დანიშნულებას, გარდაცვალების შემდეგ სწორედ იმ ანგელოზთა ადგილს მიიღებს მარადიულ სასუფეველში, რომელთა დასსაც შეესაბამებოდა მისი საეკლესიო პატივი.

მოამზადა მღვდელმა ლევან მათეშვილმა

წყარო: karibche.ge

2 ლარად მოგებული 14 280 ლარი!

თბილისის ზოოპარკი ჰიპოპოტამი ბეგისთვის "ცოლებს" ჩამოიყვანს - "გვინდა, რომ გავამრავლოთ"

გაიცანით ვანო მერაბიშვილის შვილები - საინტერესო ფაქტები ექს-პრემიერის ოჯახურ ცხოვრებაზე