ვითარება თსუ-ში: თვითმმართველობის არჩევნები და "აუდიტორია 115"-ის პროტესტი

ვითარება თსუ-ში: თვითმმართველობის არჩევნები და "აუდიტორია 115"-ის პროტესტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.

საარჩევნო უბნები 10.00 საათზე გაიხსნა და კენჭისყრის პროცესი 18:00 საათამდე გაგრძელდება. საუბნო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის შედეგებს დაითვლიან და არჩევნებიდან დაახლოებით 2 საათის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს გამოაცხადებს.

თსუ-ის 20 615 სტუდენტი სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს აირჩევს სულ უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 140 წევრი უნდა აირჩიონ, რეგისტრირებულია 174 კანდიდატი.

არჩევნების პარალელურად, "აუდიტორია 115" თსუ-ს პირველი კორპუსის ფოიეში საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ თვითმმართველობის არჩევნების გაუქმებას. მათ ფოიეში უნივერსიტეტის კიბეებიდან გადმოინაცვლეს, სადაც მანიფესტი გააჟღერეს. მანიფესტში სტუდენტების ნაწილის მოთხოვნებია დაფიქსირებული. კერძოდ, საუბარია თვითმმართველობის არჩევნების გაუქმებაზე, საფაკულტეტო საბჭოებში პირდაპირი წესით არჩევაზე, სტუდენტური საერთო საცხოვრებლის სრულ რეაბილიტაციაზე და ასევე სხვა მოთხოვნებზე, რომელიც გუშინ გამოაქვეყნეს.

"აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლები განლაგდნენ უნივერსიტეტის მეორე და მესამე სართულზე იმ აუდიტორიებთან, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული და აცხადებენ, რომ ადმინისტრაციას არ მისცემენ საშუალებას "უკანონო არჩევნების ჩატარების", თუმცა მათივე თქმით, მათ ამ აუდიტორიების კარებები დაკეტილი დახვდათ.

უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე. მისი თქმით, არჩევნები ჩატარდება ჩვეულებრივ გარემოში და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების.

რაც შეეხება "აუდიტორია 115"-ის მოთხოვნას და პროტესტის ფორმას, შარვაშიძე გარკვეულ მოთხოვნებში "აუდიტორია 115"-ს ეთანხმება, თუმცა აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა, ხოლო პროტესტის ფორმას მიუღებელს უწოდებს.

"ვეთანხმები, რომ ყველა სტუდენტი უნდა იყოს თანასწორუფლებიანი. ძალიან მომწონს იდეა - ავტონომია უნივერსიტეტს. რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმით არის განხორციელებული ეს პროტესტი, გემოვნების საკითხია. მე ნამდვილად არ მომწონს ეს ფორმა და არ მინდა ხელი შეეშალოს სასწავლო პროცესს’, - განაცხადა თსუ-ს რექტორმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება მოთხოვნას, რომ უკეთესი თვითმმართველობა იყოს, არსებობს შესაძლებლობა კანონში ცვლილებები შევიდეს.

"პარლამენტმა ახლა დაიწყო მუშაობა და არის საშუალება კანონმდებლობის გაუმჯობესების. უნდა მოხდეს ავტონომიის პრინციპის გაზრდა და ამაზე ჩვენ, საკანონმდებლო ორგანოც და ხელისუფლებაც ვთანხმდებით. უნივერსიტეტს უნდა გადაეცეს ის უფლებები, რომ თავად უნივერსიტეტმა განსაზღვროს თუ როგორი მოწყობა ურჩევნია. პრივილეგირებული ჯგუფები არ იქნება, ან აღარ იქნება. ამისთვის ყველაფერი გაკეთდა ამ ორი თვის განმავლობაში. მთავარი მოთხოვნა იყო, რომ არასწორად ნაწილდება თანხები. გვესმოდა, რომ პრივილეგირებულ ჯგუფებს ქონდათ წვდომა სხვადასხვა დაფინანსებასთან, თუმცა ღია სივრცეში არის ბრძანების პროექტი, სადაც გარკვევით წერია, რომ პირველი იანვრიდან აღარ იქნება მიზნობრივი თანხების გახარჯვა ნებისმიერი ჯგუფის მიერ. შეიქმნება კომპეტენტური საბჭო, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა რექტორმა.

რაც შეეხება განათლების მინისტრობის კანდიდატის პოზიციას, ალექსანდრე ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ იმ ხალხის უმეტესობა, ვინც ჩართული იყო ამ მოძრაობაში - "აუდიტორია 115"-ში, კონსტრუქციულად თანამშრომლობს და ბევრ ფორმატში მუშაობს თსუ-ს ახალ მენეჯმენტთან, განათლების სამინისტროსთან, სხვადასხვა არასამთავრობოსთან, პროფესორებთან ერთად.

"ნაწილს უნდა და როგორც ჩანს, მათი მიზანია, რომ რაღაც ძალოვანი მეთოდებით გამოხატონ თავის თავი. მე მოვუწოდებ, ძალიან მინდა ვთხოვო ყველას, რომ ეს არაფერს მოიტანს. ყველა მზად არის მათთან შესახვედრად. მათ იციან, რომ თსუ-ს სტრატეგია მზადდება, ისიც იციან, რომ თითონაც არიან ჩართულები ამ ფორმატში, ამიტომ ახლა სტუდენტებისთვის, სასწავლო პროცესისთვის და თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხელის შეშლით ვერაფერ უკეთესობას მიიღებენ, მხოლოდ ათასობით სტუდენტს თავისი კანონიერი უფლების განხორციელებაში ხელს შეუშლიან", - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

ჯეჯელავას თქმით, მას სტუდენტეთან რეგულარულად ჰქონდა შეხვედრები, ახლაც სულ ღია აქვს კარი. "მათ რომ ნდომოდათ გუშინაც ჩემთან მოვიდოდნენ და არა კორპუსს დაიკავებდნენ, მაგრამ მათი არჩევანია კონკრეტულად ასეთი მეთოდით მოქმედება", - განაცხადა ჯეჯელვამ.

ჯეჯელავას განცხადებით, შინაარსობრივად რასაც ეს ხალხი ითხოვს, ამ მიმართულებით ნაბიჯები იდგება. "ჩვენ ამას ვეთანხმებით და სწორედ ამ მიმართულებით მივდივართ. ანუ ნაბიჯები რაც აქამადე გადაიდგა და გადაიდგმება, მათ შორის, საკანონმდებლო თუ ორგანიზაციული კუთხით, სწორედ არის იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ითხოვენ", - განაცხადა ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, თვითმმართველობის რეფორმის საჭიროება არის და მიმდინარეობს უკვე თვეებია. "ბევრი რამ შეიცვალა, შეიქმნა პლატფორმა პროფესორები, სტუდენტები არიან ჩართულები. დაფინანსების ლიბერალიციისკენ ნაბიჯები უკვე გადაიდგა და კიდევ იდგება. უნივერსიტეტისა და ახალი რექტორის სტრატეგიაში ეს ხაზგასმულია, ეს ყველაფერი უკვე მიმდინარეობს", - განაცხადა ჯეჯელავამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი