შშმ სტუდენტმა უნივერსიტეტის არასტანდარტული პანდუსის გამო ორივე ფეხი მოიტეხა - "ჩემი ლექციაზე დასწრება კამიკაძეობას უდრიდა"

შშმ სტუდენტმა უნივერსიტეტის არასტანდარტული პანდუსის გამო ორივე ფეხი მოიტეხა - "ჩემი ლექციაზე დასწრება კამიკაძეობას უდრიდა"

31 წლის მარიამ კობახიძე ეტლით მოსარგებლეა. 4 ნოემბერს მომხდარი ინციდენტის გამო, მის ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემა შეექმნა: როგორც მარიამი ფეისბუქის ვრცელ პოსტში ყვება, ლექციიდან გამოსული, არასტანდარტული პანდუსის და მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის გამო, ეტლიდან ავტომობილში გადაჯდომისას ეტლიდან გადმოვარდა და ორივე ფეხის მოტეხილობა მიიღო.

მარიამი "ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში" (GAU) მაგისტრატურის მეორე კურსზე სწავლობს. გოგონა მომხდარ ინციდენტს ფეისბუქის პოსტში ასე აღწერს: "გაუ-ს გვერდითა შესასვლელში, სადაც არის არასტანდარტული პანდუსი, მიმდინარეობს მშენებლობა. ამ დროის განმავლობაში, ყოველ მისვლაზე, პანდუსამდე მისასვლელი მონაკვეთი მხვდებოდა მოუწესრიგებელი - მიმობნეული სამშენებლო მასალები, სამშენებლო ნარჩენები, ლენტებით გადაკეტილი გზა (რაზეც ლოგიკურად მებადებოდა კითხვა: თუ ლენტებია გაბმული, ნიშნავს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გასვლა სახიფათოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი ლექციაზე დასწრება კამიკაძეობას უდრიდა), უნივერსიტეტის გარე ტერიტორიის, შიდა ეზოს არასათანადო განათება (თუ განათება შეიძლება ეწოდოს მას). კი მქონდა გაგონილი სწავლის ბოლო მწარე, რომ იყო, მაგრამ არ მეგონა თუ ასეთი რისკიანი და ჯანმრთელობისთვის სახიფათო თუ იქნებოდა განათლების მიღება.

და ბოლოს, ყველაზე გულდასაწყვეტი და გასაოცარია ჩემთვის ის ფაქტი, რომ ამ ხნის განმავლობაში უნივერსიტეტის არც ადმინისტრაციიდან და არც სხვა, ზემო ეშელონებიდან პასუხისმგებელი და გადაწყვეტილების მიმღები პირი არ დაკავშირებია და ელემენტალური არ უკითხავს თუ რა დამემართა, ვარ თუ არა ცოცხალი" - წერს სტუდენტი.

როგორც მარიამ კობახიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, უნივერსიტეტის ე.წ ადაპტირებული გარემო, არავითარ სტანდარტში არ ჯდება. "პანდუსი, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად და ნომერი 41 დადგენილებით, 6 გრადუსის დახრილობაზე მეტის არ უნდა იყოს, თუმცა უფრო მეტი დახრილობითაა და ეტლით მოსარგებლისათვის საფრთხეს წარმოადგენს. გარდა ამისა, "გაუ"-ში მე თავს სეგრეგირებულად ვგრძნობ, რადგანაც მიწევს არა წინა კარიდან, რომლითაც ყველა სარგებლობს, არამედ გვერდითა კარიდან შემოსვლა. ადმინისტრაციას ვესაუბრე იმ საკითხზე, რომ თუ შესაძლებელი იყო, წინა კარის ადაპტირება მოეხდინათ, რათა მე სხვა სტუდენტებთან თანაბარ მდგომარეობაში "გაუ"-ს შენობაში მოხვედრა შემძლებოდა, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია," - განმარტავს მარიამი.

იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტის მხრიდან აღნიშნულ ფაქტს რეაგირება არ მოჰყვება, მარიამ კობახიძე სამართლებრივ გზას მიმართავს, - "თუ შემდგომშიც ჩემსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შორის კომუნიკაცია არ დამყარდა, ბრძოლის გაგრძელებას სამართლებრივი თვალსაზრისით ვაპირებ, შესაბამისად მივმართავ სასამართლოს და კომპენსაციის სახით გარკვეულ ანაზღაურებას მოვითხოვ, რაც მაგალითი არა მხოლოდ "GAU"-სთვის იქნება, არამედ სხვა უნივერსიტეტებისთვისაც, რათა დაფიქრდნენ, რომ დროა, შესაბამისი ინფრასტრუქტურა შეიქმნას," - აღნიშნავს სტუდენტი.

მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი. ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ეკატერინე ტოგონიძის განმარტებით, მარიამ კობახიძის მიერ სხეულის დაზიანების შესახებ ცნობილი სოციალური ქსელის მეშვეობით გახდა და გაკვირვებას გამოთქვამს, რომ დაზარალებულს ინციდენტის შესახებ მასთან პირადად არ უსაუბრია:

"ძალიან ვწუხვართ იმ ინციდენტის გამო, რაც მარიკოს შეემთხვა. ადამიანების ნაწილი საქმის კურსში იყო, დეკანის თხოვნით ჩვენმა ლექტორმა პირადად გაარკვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ცუდია, რომ მარიკოს სხვაგვარი განცდა დარჩა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძალიან ვწუხვარ, რომ პირადად არ ვიცოდი ამ ფაქტის დეტალები. ინციდენტი მოხდა "გაუ"-ს ტერიტორიის გარეთ, სადაც, სამწუხაროდ ვერ ვრცელდება ჩვენი უფლებამოსილება. ამის მიუხედავად "გაუ"-ს წარმომადგენლები ყოველდღიურად აწარმოებენ მიმდინარე მშენებლობის პასუხისმგებელ პირებთან მოლაპარაკებას, რომ გასუფთავდეს მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისგან და არავის შეეშალოს ხელი გადაადგილებაში. ლენტი კი, რომელიც სასწავლებლის მთელ პერიმეტრზე გაბმული, არა საფრთხის სიგნალია, არამედ ემსახურება იმას, რომ არ დააყენონ მშენებლობაზე მომუშავე ადამიანებმა მანქანები და არ გადაკეტონ შენობის მისადგომი," - აღნიშნულია განცხადებაში და ასევე ხაზგასმულია, რომ GAU განათლების სამინისტროს ავტორიზაციის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. განცხადების ავტორი, ეკატერინე ტოგონიძე დასძენს, "ძალიან ვწუხვარ, თუ ეს სტანდარტი ვერ ასახავს იმ რეალურ საჭიროებას, რაც ეტლით მოსარგებლე თუ სხვა შშმ პირებს აქვთ."

საინიციატივო ჯგუფის "პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის" წარმომადგენლის, ნინო ბაიდაურის განმარტებით, ის უნივერსიტეტიც კი, რომელიც შშმ პირებისთვის საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მომზადებულად მიიჩნევა, აღნიშნული თემისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მიწოდებას ვერ უზრუნველყოფს, - "ასეთი შედეგები შეიძლება დადგეს, როცა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანის საჭიროებების გათვალისწინება სრულად არ ხდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის მთელ სიმძიმეს სამოქალაქო სექტორს ნამდვილად ვერ დავაკისრებთ, რადგან თავდაპირველად, ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა და სახელმწიფო უნდა იყოს მთავარი გარანტი იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანის ინტერესები დაცული იქნება," - განმარტავს ის.

მარიამ კობახიძეს ამჟამად წოლითი რეჟიმი აქვს. დაზარალებული სტუდენტი გამოჯანმრთელების შემდეგ სწავლის გაგრძელებას ისევ "ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში" გეგმავს. მას იმედი აქვს, რომ მომავალში უნივერსიტეტი მის საჭიროებებს გაითვალისწინებს.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი