"ბევრი ველოსიპედი რომ გამოჩნდება ქუჩაში, ნარმანიაც გააკეთებს ველოტრასებს" - მამუკა ღლონტის საინტერესო ინიციატივა

"ბევრი ველოსიპედი რომ გამოჩნდება ქუჩაში, ნარმანიაც გააკეთებს ველოტრასებს" - მამუკა ღლონტის საინტერესო ინიციატივა

მამუკა ღლონტმა "ფეისბუქის" პირადი გვერდის საშუალებით გასულ კვირას ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

"ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი რადიო "მაესტროს" ის თანამშრომლები, რომლებიც გაზაფხულიდან სამსახურში ივლიან ველოსიპედებით, ან სხვა ორთვლიანი ტრანსპორტით, პრემიის სახით ყოველთვიურად მიიღებენ სახელფასო დანამატს საკუთარი ხელფასის 10%-ის ოდენობით.

მივმართავ ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელს, წაახალისონ ის თანამშრომლები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ეკოლოგიურ ტრანსპორტს. ყველამ ვიზრუნოთ ჩვენი შვილების ჯანმრთელ მომავალზე. გადავაქციოთ თბილისი ველოსიპედებით სავსე, ნამდვილ ევროპულ ქალაქად.

P.S. გთხოვთ გაავრცელოთ ეს განცხადება, რათა ბევრი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იხილოს ის".

ამ ინიციატივას ბევრი დადებითად შეხვდა, მხარდამჭერები გამოუჩდნენ. "ამბები.გე" განცხადების ავტორს დაუკავშირდა:

- ჩემი ინიციატივა იმან განაპირობა, რომ საერთოდ მიყვარს ორთვლიანი ტრანსპორტი, მერე იმანაც, რომ ვხედავ, რა საშინელი ეკოლოგიური მდგომარეობაა ჩვენს ქალაქში, - ამიტომ, ჩემს თანამშრომლებს, პირად საუბრებში ამას სულ ვეუბნებოდი და ვურჩევდი, შემდეგ კი უკვე დავწერე, რომ ჩემი წინადადების სერიოზულობა დამედასტურებინა. სულ არ მოველოდი, თუ საზოგადოებაში ამხელა რეზონანსი მოჰყვებოდა. ბევრმა ადამიანმა აიტაცა, მაგრამ მთავარია, საწარმოების ხელმძღვანელებმა აიტაცონ და წაახალისონ თავიანთი თანამშრომლები.

- თქვენს სამსახურში, თანამშრომლებს შორის თუ არიან ამის მსურველები, რომლებსაც ხელფასით წახალისებას ჰპირდებით?

- ჩემი ამდენი წლის მანძილზე ორთვლიანი ტრანსპორტით სიარულმა ის გამოიწვია, რომ უამრავი მეგობარი, თანამშრომელი ავტომანქანიდან ორთვლიან ტრანსპორტზე გადაჯდა. არიან ველომოყვარულები, რომლებთან ერთადაც, შაბათ-კვირას, დილაობით კუს ტბაზე დავდივართ. თუმცა სამსახურში ორთვლიანი ტრანსპორტით რომ დადიოდეს, ასეთი ილია (ბაჩო) კიკაბიძეა, რომელიც ზაფხულის განმავლობაში მოტოთი გადაადგილდება. რაც შეეხება სხვებს, მათ ახლა დაიწყეს ფიქრი ამაზე, - ხომ არ გადავდგათ ასეთი ნაბიჯი? თუ გადაწყვეტენ, კარგია, ხელფასი მოემატებათ, თუ არა და, რა ვქნა?! ხომ შევეცადე?

- ჩვენი ქალაქი ინფრასტრუქტურით ამ ინიციატივისთვის მზად არ არის, არ არსებობს ველობილიკები. ასეთი განცხადებისას რა გარანტიებს აძლევთ ადამიანებს, რომ ისინი მანქანებით გადატვირთულ ქალაქში უსაფრთხოდ იმოძრავებენ?

- მესმის და აბსოლუტურად ვეთანხმები სკეპტიკოსებს, ოღონდ, სხვაობა ჩვენს მიდგომაში ის არის, რომ, თუ არ დავიწყეთ და თუ არ მომრავლდება 2-თვლიანი ტრანსპორტი, მერია ამ გადაწყვეტილებას, შექმნას ველობილიკები, არასდროს მიიღებს.

ის კი არა, მერია და ხელისუფლება ოთხი წლის განმავლობაში, რასაც შეგვპირდა, - ორთვლიან ტრანსპორტზე განბაჟების ფასი შეემცირებინა, არ შეასრულა. ჩემი იდეა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ - ელექტორატის მოყვარულ ხელისუფლებას ძალიან უნდა, რომ ხმა მივცეთ! ამიტომ, რომ დაინახავს ქალაქში მომრავლებულ 2-თვლიან ტრანსპორტს, რაღაც ღონისძიებებს მიმართავს, მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნებზე ხმები მოიპოვოს. თორემ მაგათ ეს თემა ისე აინტერესებთ, როგორც ნარმანიას ჩემი, ასე ვთქვათ, იდეა.

- თავად უკვე წლებია, ორთვლიანი ტრანსპორტით გადაადგილდებით. ეს ჩვენი ქალაქის ფონზე არ გიჭირთ?

- დიახ, ბევრი წელია, ასეთი ტრანსპორტით - მოტოთი და ველოსიპედით ვმოძრაობ. ყოველწლიურად თბილისში მოტოციკლისტებისა და ველოსიპედისტების რაოდენობა იზრდება. ამას ვაკვირდები, მონიტორინგს ვაწარმოებ, თუმცა ეს ტემპი არ არის საკმარისი. საჭიროა რაღაც ბიძგი.

ბევრი ველოსიპედი რომ გამოჩნდება ქუჩაში, ნარმანიას ვიღაც დაურეკავს და ეტყვის, - დროა, ველოტრასები გააკეთო!.. ჰოდა, გააკეთებს ნარმნაია ტრასებს...

უნდა გითხრათ, რომ ეს მთლად ჩემი იდეაც არ არის, ევროპაში ხალხი ასე დიდი ხანია ცხოვრობს და მასში ორიგინალური არაფერია. უბრალოდ, ჩემი სურვილია, ეს მოძრაობა დაიწყოს... თუ დაიწყო, ხომ კარგი და თუ არადა, რა ვუყოთ ახლა?! ხანდახან წვეთისგან ღელვა იწყება, ხანდახან არა, - ვნახოთ.

იმედს ვიტოვებ და ენთუზიაზმით ვარ, - მჯერა იმის, რომ თბილისში ველობილიკები გაჩნდება.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი