ქართველი ქირურგი, რომელმაც იტალიაში უნიკალური ოპერაცია ჩაატარა

ქართველი ქირურგი, რომელმაც იტალიაში უნიკალური ოპერაცია ჩაატარა

პირველად ქართული ოფთალმოლოგიის ისტორიაში ქართველმა ქირურგმა, ქვეყნის საზღვრებს გარეთ, პირდაპირ ეთერში ცოცხალი აუდიტორიის წინაშე ჩაატარა კატარაქტის ულტრაბგერითი ოპერაცია, ხელოვნური ბროლის გადანერგვით. პროფესორი მიხეილ ომიაძე, 23-26 ნოემბერს, იტალიის დედაქალაქ რომში გამართულ იტალიის ოფთალმოლოგთა ასოციაციის 96-ე კონგრესზე, იტალიური მხარის მიწვევით იმყოფებოდა. ღონისძიებას წამყვანი სპეციალისტების გარდა, იტალიის მაღალჩინოსნებიც ესწრებოდნენ, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი ანჯელინო ალფანოც იყო. კონგრესის მიზანია უახლესი ტექონოლოგიების გაცნობა და მეცნიერული წინსვლისა და პროფესიული მიღწევების გაზიარება.

მიხეილ ომიაძეს საქართველოს სამედიცინო წრეებში კარგად იცნობენ. ის თვალის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელია და ამჯერად საკუთარი პროფესიონალიზმის დემონსტრირება ევროპელი აუდიტორიის წინაშე მოუწია, პირდაპირ ეთერში და უცხოელი კოლეგებისაგან დადებითი შეფასებებიც მიიღო. ხოლო თავად ასოციაციის პრეზიდენტმა მათეო პიოველამ მას უდიდესი გამოცდილების ქირურგი უწოდა.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ევროპული ასოციაციების მიერ დაგეგმილ კონგრესებზე, "ცოცხალ ქირურგიაში", აქამდე არცერთ ოფთალმოლოგს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, მონაწილეობა არ მიუღია.

- ბატონო მიხეილ, რას გულისხმობს "ცოცხალი ქირურგია" და რატომ შეაჩერა იტალიის ოფთალმოლოგთა ასოციაციამ არჩევანი თქვენზე?

- ივნისში, საქართველოში ჩვენ მიერ გამართულ კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა ევროპის ოფთალმოლოგთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, იმყოფებოდა იტალიის ოფთალმოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი მათეო პიოველა. ღონისძიების ფარგლებეში სხვა ქართველმა ოფთალმოლოგებმაც ჩაატარეს ოპერაციები, მაგრამ იტალიის მხარეს ალბათ ჩემ მიერ შესრულებული სამუშაო მოეწონა და მენდნენ. ამ კონფერენციის ფარგლებში პირდაპირ ეთერში აუდიტორიის წინაშე ჩავატარე ოთხი ოპერაცია, რომლის დროსაც ქირურგს უკეთია ყურსასმენები, პარალელურ რეჟიმში ხსნის თითოეულ მოქმედებას და პასუხობს აუდიტორიის შეკითხვებს.

როდესაც იტალიის ოფთალმოლოგთა ასოციაციის საორგანიზაციო კომიტეტისგან მივიღე მიწვევა და გადავუგზავნე ყველა საჭირო დოკუმენტი, ბოლომდე არ მჯეროდა დადებითი პასუხის, მაგრამ კონგრესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მომივიდა დასტური, რომ დანარჩენ კანდიდატებს შორის, არჩევანი ჩემზე შეჩერდა. მომეცა უნიკალური შანსი, გამეკეთებინა ოპერაცია ევროპის ერთ-ერთ კლინიკაში, რომლის პირდაპირი ტრანსლირებაც მოხდა კონფერენციაზე. ხოლო მეორე დღეს მოხსენებით წარვსდექი იმავე აუდიტორიის წინაშე.

- როგორი შეფასება მიიღეთ კომისიის მხრიდან და თავად როგორ შეაფასებდით საკუთარ გამოსვლას?

- შეფასება დადებითი იყო, არც მე ვარ უკმაყოფილო, მაგრამ რაც არ უნდა გამოცდილი ქირურგი იყო, ღელვა ძალიან დიდია. რთულია უცხო ქვეყანაში ოპერაციის ჩატარება. საოპერაციო უცხო იყო, მიკროსკოპი - განსხვავებული, მით უმეტეს, საქმე "ცოცხალ ქირურგიას" ეხებოდა. როგორც მოგეხსენებათ ამ დროს აუდიტორიას პირდაპირი კონტაქტი აქვს შენთან. ეს იმდენად რთული პროცესია, რომ აშშ-ში აკრძალეს ოპერაციის დროს ქირურგსა და აუდიტორიას შორის კითხვა-პასუხის რეჟიმი. იქ, ამ როლს, მედიატორი ირგებს. თუმცა, საქართველოსა და ევროპაში დღემდე მიღებული მეთოდია. ღელვა დიდი იყო, მაგრამ ოპერაცია წარმატებით დასრულდა, რაც მთავარია, პაციენტი კმაყოფილი დარჩა. ეს გახლდათ 76 წლის ჯუზეპე ტომაზელი, რომელიც ოპერაციის შემდეგ არაჩვეულებრივ ხასიათზე იყო და უამრავი მადლობა გადამიხადა.

- ბატონო მიხეილ, რას ემსახურება მსგავსი ტიპის ღონისძიებები, რატომ არის საჭირო ჩატარდეს ოპერაციები აუდიტორიის დასწრებით?

- "ცოცხალ ქირურგიას" სულ სხვა დატვირთვა აქვს, ვიდრე დამონტაჟებული ოპერაციის ყურებას. დარგის განვითარებისთვის ეს მეთოდი ძალიან კარგია, აუდიტორიას დასწრების ეფექტი აქვს, გრძნობს თუ რა ეტაპზე რა პრობლემები ექმნება ქირურგს. ეს დაახლოებით იგივეა, მხატვრული და დოკუმენტური ფილმი რომ შევადაროთ ერთმანეთს.

- რამდენად კარგად იყო ორგანიზებული კონგრესი?

- ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული. ასოციაციამ რთული მისია აიღო საკუთარ თავზე. ბევრი სტუმარი იყო მოხსენებით და ჩატარდა თხუთმეტი ოპერაცია. სხვადასხვა დარბაზებიდან მიმდინარეობა ჩართვები, როგორც კი მთავრდებოდა ერთი ოპერაცია, მაშინვე იწყებოდა მეორე. ერთი შეფერხებაც არ ყოფილა. დაგვახვედრეს უმაღლესი ტექნიკით აღჭურვილი საოპერაციოები. თითოეულ ქირურგს მიმაგრებული ჰყავდა 10-12 ადამიანი, რომელთაც ოპერაციის შეუფერხებლად ჩატარება-ტრანსლირება უნდა უზრუნველეყოთ. ყველანაირი პირობა გვქონდა შექმნილი ჩვენი სამუშაოს შესასრულებლად.

- უახლესი ტექნიკა და ტექნოლოგიები ახსენეთ, საქართველოს კლინიკებში რა მდგომარეობაა ამ მხრივ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპის სტანდარტს ვუტოლდებით, იგივე ოფთალმოლოგთა კვალიფიკაციის მხრივ?

- ანალოგიური აპარატურა გვაქვს საქართველოშიც, მხოლოდ მოდელებია განსხვავებული. საბედნიეროდ, ამ თვალსაზრით ჩვენს კლინიკაში პრობლემა არ არსებობს. შეიძლება ვიღაცისთვის დაუჯერებელი იყოს, მაგრამ საქართველოში, ოფთალომოგიაში, ზუსტად ისეთივე დონეა, რაც ევროპის წამყვან კლინიკებში, გნებავთ აპარატურის და გნებავთ სპეციალისტების მხრივ.

ნინა მამუკაძე, სპეციალურად იტალიიდან AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი