"არ გარისკოთ, არ ჩამოხვიდეთ... გემუდარებით, ჩვენსავით სანანებელი არ გაგიხდეთ" - ქართველი ემიგრანტის წერილი ისრაელიდან

"არ გარისკოთ, არ ჩამოხვიდეთ... გემუდარებით, ჩვენსავით სანანებელი არ გაგიხდეთ" - ქართველი ემიგრანტის წერილი ისრაელიდან

AMBEBI.GE-ს ხშირად წერენ ქართველი ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ისინი გვთხოვენ რჩევებს, გვაწვდიან ინფორმაციას უცხო ქვეყნებში მცხოვრები ქართველების შესახებ, ზოგიერთს კი სამშობლოში დარჩენილი თანამემამულეებისთვის აქვს სათქმელი.

რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა ქალმა მოგვწერა. 45 წლის ეკა წელიწადნახევარია ისრაელში ცხოვრობს და მუშაობს. მან სამშობლოში მყოფი თანამემამულეებისთვის თავისი გულისტკივილის გაზიარებაში დახმარება გვთხოვა:

"გამარჯობათ, მე ქართველი ემიგრანტი ვარ ისრაელიდან. ძალიან მინდა ჩვენს გაუსაძლის პირობებზე მოგწეროთ, ასე იქნებ ბევრი ქართველი გადავარჩინოთ აქ ჩამოსვლას. მოგეხსენებათ, მაქედან ყველაფერი ლამაზად ჩანს. აქ ჩამოსვლაში 10 000 დოლარს ვიხდით. გვპირდებიან სამსახურით უზრუნველყოფას ჩამოსვლისთანავე. გვიხატავენ ლამაზ ფერებში ყველაფერს, აქ ჩამოსულებს კი სხვა რეალობა გვხვდება. ბევრს ძალიან ცუდი სამსახური ხვდება და ფაქტობრივად, ქუჩაში რჩებიან. პირადად მე 1000 დოლარი მაქვს ხელფასი, მაგრამ ზოგიერთს ესეც არ აქვს... წელიწადნახევარია აქ ვარ და ჯერ ვალიც ვერ დავფარე... სახლი მაქვს დაგირავებული 12 000 დოლარში...

კერძო პირს ვუხდით საქართველოში ფულს და მას შევყავართ საელჩოში. აქ სხვა პირი გვხვდება და მას მივყავართ პირდაპირ ოჯახში და გვასაქმებს. ძალიან გვავიწროვებენ ოჯახებში, გაუსაძლის პირობებში გვაცხოვრებენ. შეიძლება უცებ გაგიშვან კიდეც სამსახურიდან და აბსოლუტურად ქუჩაში ხვდები. ჩამომყვანი გეუბნება, გიშოვი სხვა სამსახურსო, მაგრამ უშედეგოდ... ელოდები და შემდეგ იძულებული ხარ ნებისმიერ სამსახურში შეხვიდე. თუ გაგიმართლა და კარგი ოჯახი შეგხვდა, ხომ კარგი, თუ არადა, ძალიან ცუდ დღეში ხარ. ხალხი ისეთ დღეშია, ამხელა ვალის პატრონები ვეღარ უძლებენ აქაურ გაჭირვებას და ზოგი უკან ბრუნდება. წამოსვლამდე არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა ჩამომყვანისგან, რომ შეიძლება ასეთ პირობებში ჩავვარდნილიყავით. ჩვენ შევცდით და არ მინდა ჩვენსავით სხვებიც შეცდნენ. კი, ჩვენი ბრალიც არის, ალბათ უფრო კარგად უნდა გვეკითხა ყველაფერი...

მინდა ყველას ვუთხრა, არ გარისკოთ და არ ჩამოხვიდეთ აქ! თუ მაინცდამაინც გადაწყვეტთ ჩამოსვლას, იმ შემთხვევაში, თუ ვინმე გულშემატკივარი გყავთ, რომ ღამე მაინც გაგათევინოთ. გემუდარებით, ჩვენსავით სანანებლად არ გაიხადოთ თავი, მით უმეტეს, რომ ცოტა თანხას არ ვიხდით ჩვენ აქ ჩამოსვლაში...

მინდა კარგად დაფიქრდეს ყველა, ვინც გადაწყვეტს აქ ჩამოსვლას, სანამ უკვე გვიანი არ იქნება. გემუდარებით, იქნებ რამენაირად მიაწვდინოთ ხალხს ხმა, რომ კარგად დაფიქრდნენ. მინდა ყველას გაძლიერება და სიუხვე გისურვოთ, რომ არ დაგჭირდეთ სხვა ქვეყანაში სამუშაოდ წასვლა. ყველას თქვენს ქვეყანაში და თქვენს საყვარელ ადამიანებთან გეცხოვროთ" - გვწერს 45 წლის ეკა ისრაელიდან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი