"გაძვირდება ყველა ის პროდუქტი, რომელთა აქციზის გადასახადიც იზრდება"

"გაძვირდება ყველა ის პროდუქტი, რომელთა აქციზის გადასახადიც იზრდება"

მომავალი წლიდან მთავრობა რამდენიმე სახეობის პროდუქტზე აქციზის გაზრდას აპირებს - თამბაქოზე აქციზი 60 თეთრით მოიმატებს. მთავრობის ვარაუდით, ამით საბიუჯეტო შემოსავლები 190-200 მილიონი ლარით გაიზრდება; მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდით მთავრობა დამატებით 45 მილიონის, ხოლო ბენზინზე, დიზელსა და ავტოსატრანსპორტო ბუნებრივ აირზე აქციზის ზრდით კიდევ 250 მილიონი ლარის მობილიზებას გეგმავს.

მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდის სქემა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტშია მოცემული. აქციზი ყველაზე მეტად გაიზრდება შედარებით ძველ ავტომობილებზე, რომელთა ასაკია 12-14 წელი და ზემოთ, ასევე 1 წლამდე­ ავტომობილებზე. ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზი 60%-ით მცირდება. რაც შეეხება მარჯვენასაჭიან ავტომობილებს, აქციზის განაკვეთი თითქმის გასამმაგდება. ავტომობილი ძველი განაკვეთით დაიბეგრება, თუ მისი ტრანსპორტირება დაწყებულია არა უგვიანეს 2016 წლის 1-ლი დეკემბრისა.

გაისიდან სავალდებულო იქნება ავტო­მობილებზე ქონების გადასახადის გადახდაც­. ეს შეეხება 40.000 ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს. ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი სხვა­დასხვა დროს გამოშვებულ ავტომობილებზე განსხვავებული იქნება: 1 წლამდე - 500 ლარი, 1-დან 5 წლამდე - 240, 5-დან 10 წლამდე - 120, ხოლო 10 წლის ზემოთ - 60 ლარი. მთავრობის შეფასებით, ამ ცვლილებით ბიუჯეტი დამატებით 3 მილიონ ლარს მიიღებს.

რაც შეეხება საწვავს, ბენზინზე აქციზის ღირებულება 1 ტონაზე 250-დან 500 ლარამდე გაიზრდება, 1 ტონა დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე, 1000 კუბმ გაზზე კი 80-დან 200 ლარამდე.

ვანო მთვრალაშვილი, ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე: "ეს გადაწყვეტილება იმოქმედებს საწვავის ფასზე, რადგან აქციზის გადასახადი პირდაპირ მოქმედებს პროდუქციის თვითღირებულებაზე. საწვავის ფასი 20-25 თეთრით გაიზრდება. იმავდროულად, კომპანიებს მოუწევთ დამატებითი სახსრების მოძიება აქციზის გადასახადის ასეთი გაზრდის გამო.

ბოლო დროს საერთაშორისო ფასებში აღმასვლის ტენდენცია იკვეთება, ამას ემატება ლარის გაუფასურება. თუნდაც ამ ორი მნიშვნელოვანი კომპონენტის გამო, საწვავის ფასის მომატება ისედაც მოსალოდნელია. და ამას თუ აქციზის გადასახადიდან მომდინარე გაზრდილ ფასსაც დავუმატებთ, მთლიანობაში, მაღალი ფასის გამო მოხმარება შემცირდება, რაც უკვე კომპანიის საქმიანობაზე აისახება უარყოფითად".

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი