როგორ უნდა დაძლიონ ბავშვებმა სიბნელის შიში და რა კავშირშია ამასთან "ლურჯი ფრინველი"

როგორ უნდა დაძლიონ ბავშვებმა სიბნელის შიში და რა კავშირშია ამასთან "ლურჯი ფრინველი"

ახალი წელი ახლოვდება და მშობლები იწყებენ ფიქრს, სად წაიყვანონ პატარები საახალწლოდ - ბავშვებიც რომ კმაყოფილები დარჩნენ და მშობლებიც. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი ამ დროს მშობელსაც და ბავშვსაც "ბასტი ბუბუ" ახსენდება, რომელიც ტრადიციულად, ყოველ ახალ წელს სთავაზობს გრანდიოზულ შოუს მაყურებელს.

ამჯერად ბასტიბუბუ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, 2 იანვარს, ლურჯი ფრინველის სანახაობას გვიმზადებს. რეჟისორი გოგიცჰა ლურჯი ფრინველის კომპიუტერულ ტამასსჰი შეუშვებს ბასტის და ბუბუს ტელეპორტაციის მეშვეობით. ბაბილინა და ბასტი ბუბუს ბავშვები სიმგერიტ პასუხობენ რთულ შეკიტხვებზე.დოდი გიო და მაყურებლები ეხმარებიან ბასტის და ბუბუს ლურჯი ფრინველის პოვნაში. - მაყურებლები იმოგზაურებენ საოცრებათა სამყაროში, დაიმუხტებიან ჯადოსნური ძალებით, ფიქრებში გააცოცხლებენ წინაპრებს, შეხვდებიან მომავლის ბავშვებს, ისწავლიან ბუნებაზე ზრუნვას, საყვარელ გმირებთან ერთად დაძლევენ ღამის შიშებს.

ამ საინტერესო სიახლის შესახებ დაწვრილებით, "ბასტი-ბუბუს" დამფუძნებელი და საბავშვო ტელევიზია BBB-ს გენერალური პროდიუსერი ქალბატონი თამარ სხვიტარიძე თავად მოგვიყვება.

- წელს განსხვავებული პროგრამა გვაქვს. ვამზადებთ სპექტაკლს "ლურჯი ფრინველი", რომლის პრემიერაც 2 იანვარს შედგება. შევეცადეთ, სპექტაკლი ერთი წლის ბავშვვებისთვისაც გასაგები ყოფილიყო და 10 წლის ბავშვებისთვის საინტერესოც. მშობლები და ბებია-ბაბუებიც, რომლებიც ბავშვებს მოჰყვებიან, უნდა დარჩნენ კმაყოფილი. ეს, რა თქმა უნდა, რთული ამოცანაა, მაგრამ ბასტი ბუბუ რთული ამოცანების დაძლევით მიდის ყოველთვის წინ. ჩვენ ვუსმენთ ბავშვებს და მათთვის ვიგონებთ საინერესო გმირებს. ბაბილინა, ბასტი და ბუბუ, დოდები, გოგიჩა. ესენი არიან ისეთი გმირები, რომლებიც ბავშვებს უყვართ, ელოდებიან მათთან შეხვედრას.

- რატომ შეარჩიეთ "ლურჯი ფრინველი"?

- ,,ლურჯი ფრინველი" მორის მეტერლინკის ნაწარმოებია. ძალიან ფილოსოფიური ნაწარმოებია. ამას იმიტომ მოვკიდე ხელი, რომ მივხვდი, ბავშვებს სულიერი საზრდო ძალიან სჭირდებათ. მასში მთელი სამყაროა გაერთიანებული. ბავშვმა უნდა გაიაზროს, რომ არსებობს სიყვარულის და სიკეთის სამყარო, სათნოება, მიტევება, ზრუნვა ერთმანეთზე. ჩვენი მიზანია, ბავშვებს ყველაზე ღირებული გრძნობები და მისწრაფებები ჩავუსახოთ. მათ საახალწლოდ ბრჭყვიალა სათამშოების ნაცვლად უნდა ინატრონ, რომ ჰქონდეთ სუპერძალა და თვითონ შეძლონ სხვების დახმარება, სიკეთის კეთება. ამიტომ ავირჩიეთ ,,ლურჯი ფრინველი". ჰარი პოტერის მაგალითზე ვხვდები, რომ ბავშვებს ძალიან აინტერესებთ ჯადოსნური სამყარო და სუპერ ძალები. "ლურჯი ფრინველი" ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებია, აქ არის დაუბადებელი ბავშვების სამყარო, იქ არის წარსულის სამყარო, სადაც გარდაცვლილი ბებია და ბაბუა ცხოვრობენ. როცა შენ გაიხსენებ მათ, ისინი ცოცხლდებიან. ძალიან ბევრ ბავშვს აქვს ღამის შიში, უჭირთ დაძინება, გარეთ გასვლა და ა.შ. სპექტაკლში არის ღამის სამყარო, სადაც შიშები ცხოვრობენ, ბავშვები კი ნახავენ, როგორ უნდა ებრძოლონ ამ შიშებს.

- შეგიძლიათ გაგვიმხილოთ, როგორ უნდა დაძლიონ ბავშვებმა ღამის შიშები?

ჩვენი პასუხი ასეთია - მშობლების დახმარებით. ძილისწინ კეთილი ზღაპრების წაკითხვით და იავნანის სიმღერით და ლოცვებით. დამიჯერეთ ეს მართლა შველის. ძალიან საინტერესო მუსიკალური მასალა გაგვიკეთა ამ თემაზე გიგი გეგელაშვილმა და ღამის შიშების დაძლევის მომენტი ჩვენს სპექტაკლში ერთერთი კულმინაციური იქნება, სადაც დარბაზში მჯდომი მშობლებიც იმღერებენ.

- მუსიკალურ მასალაზე რას გვეტყვით, იქნება ძველი სიმღერები თუ სულ ახალი პროგრამა

- ამ პროექტზე ჩვენმა მუსიკაურმა ხელმძღვანელმა მაკა აროშიძემ ძალიან საინტერესო მუსიკოსები მოიწვია; ისინი სხვადასხვა ჟანრში მუშაობენ და ამიტომ წარმოდგენაც მუსიკალურად მრავალფეროვანია: ანუკა ცქვიტინიძემ გააცოცხლა სინათლის დედოფალი, გია ნიკოლაძემ დაბურული ტყე, გიგი გეგელაშვილმა ღამის სამყარო, ნინო ჩხიკვაძემ წარსულის ქვეყანა, გოჩა მეღვინიშვილმა დათვური სამსახურის სამყარო, ეკა თევზაძემ ბედნიერების ქვეყანა და თვითონ მაკამაც დაწერა რამოდენიმე სიმღერა. ასე რომ ბასტი ბუბუს რეპერტუარს 20 ახალი სიმღერა შეემატება, რომელიც ბავშვებს დამუხტავს სუპერძალებით.

- დასაწყისში ახსენეთ, რომ ეს სპექტაკლი არის, როგორც ერთი, ასევე 10 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილი. ასეთი ფილოსოფიური აზრი ერთი წლის ბავშვმა როგორ უნდა გაიგოს?

- საინტერესო სწორედ ეს არის. ამაზე ძალიან ბევრი ვიფიქრეთ და მოვიფიქრეთ კომპიუტერული თამაში, რადგან კომპიუტერული თამაში არის ისეთი რამ, რომელსაც ერთი წლის ბავშვი არაჩვეულებრივად ფლობს. ხელების მოძრაობით შედის და გამოდის თამაშში, სცემს კითხვებზე პასუხს და ა.შ. ჩვენს წარმოდგენასაც ექნება ასეთი თამაშის ფორმა. ბასტი და ბუბუ ტელეპორტაციით შედიან ეკრანში და ამ ეკრანის საშუალებით გადადიან ქვეყნიდან ქვეყანაში, აძლევენ დავალებებს დარბაზს და ამ დავალებებს მაყურებელი თავად ასრულებს, ამით ბავშვები სუპერ ძალებს იღებენ. კონცერტის შემდეგ დარბაზიდან გასული ბავშვი უნდა გავუშვათ დადებითი ემოციებით დამუხტული. მან უნდა იცოდეს, რომ შეუძლია დასძლიოს თავისი შიშები, თავისი ფიქრით გააცოცხლოს წასული ადამიანები. მან უნდა იცოდეს, რომ არის ძალიან ძლიერი, შეუძლია ბევრი სიკეთის გაკეთება და სხვების დახმარება. სწორედ ესაა ჩვენი მისია, თავდაჯერებულები და საკუთარ ძალებში დარწმუნებულები გავიდნენ ბავშვები დარბაზიდან და სამყაროს სხვა თვალით შეხედონ.

ამ წარმოდგენაში გვყავს წიგნების გმირი ,,გუდაც". ეს გმირი ძალიან მიყვარს. როცა ბასტის და ბუბუს შექმნაზე ვფიქრობდი, გამახსენდა ირინა ბარანოვა, რომელმაც დახატა ,,გუდა", და მივაგენი. ბავშვებს არ ჰყავდათ გუდას მსგავსი სხვა კარგი, თბილი და საყვარელი გმირი. მინდოდა, ბასტი და ბუბუ მასავით საყვარელი ტიპები ყოფილიყვნენ. ბასტის და ბუბუს სახით მართლაც ძალიან საყვარელი გმირები დაგვიხატა ბარანოვამ.

- რამდენი კორცერტის გამართვას აპირებთ?

- მხოლოდ ერთი დღეა - ორი კონცერტი გაიმართება. ვერ ვახერხებთ დიდი ხნით დავიქირაოთ დარბაზი. ბილეთები ინტერნეტით უკვე იყიდება და ამიტომ უნდა იჩქარონ მშობლებმა მათთვის სასურველი ადგილების ყიდვა. კონცერტთან ახლოს როგორც წესი ბილეთები აღარ არის ხოლმე.

ორ იანვარს არის ბედობის დღე - მინდა დაგებედოთ დიდი ბედნიერება - ლურჯი ფრინველი ხომ ბედნიერების სიმბოლოა.

(ბილეთები უკვე იყიდება tkt.ge-ზე)

მერი ბლიაძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი