"ნუთუ არ ვარ ღირსი გავიგო მიზეზი, რატომ არ მამღერებენ" - სკანდალი საახალწლო კონცერტის გარშემო და მერიაზე განაწყენებული ქართველი მომღერლები

"ნუთუ არ ვარ ღირსი გავიგო მიზეზი, რატომ არ მამღერებენ" - სკანდალი საახალწლო კონცერტის გარშემო და მერიაზე განაწყენებული ქართველი მომღერლები

სამთავრობო კონცერტები ბოლო დროს სულ უფრო მეტი კრიტიკის საგანი ხდება. თბილისობის შემდეგ, თბილისის მერიას მომღერლები საახალწლო კონცერტის გამო გაუნაწყენდნენ. დღეს დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ საახალწლო ღონისძიებების ძირითადი ნაწილი დედა ენის ბაღში გაიმართება და ამ პროექტზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. კონცერტში ამჯერადაც ვერ მოხვდა ბევრი ცნობილი მომღერალი. როგორც გაირკვა, წლევანდელი საახალწლო ღონისძიების კონცეფცია შემდეგი სახის არის: სცენაზე ახალი სიმღერები უნდა შესრულდეს.

უკვე წლებია სამთავრობო კონცერტებზე ვერ ხვდება მუსიკოსი პანჩო. მომღერალი Ambebi.ge-ს ესაუბრა.

- მე მეკითხებით რატომ არ ვარ კონცერტში? მე მაქვს დაწერილი სიმღერა და თუ კარგი სიმღერაა, მაინტერესებს რატომ არ უნდა მოვხვდე კონცერტში? იქნებ მითხრან, რომელი კომპოზიტორები მიწყვეტენ კონცერტში მონაწილეობას? თუ ხალხს არ უნდა ჩემი სიმღერა ე.ი. ჩემმა მატარებელმა ჩაიარა. მე ქუჩაში მხვდება ხალხი და მეკითხებიან, რატომ არ ჩანხარო? არ ვჩანვარ იმიტომ, რომ არ მაჩენენ. ჩემი ფული უნდა დავხარჯო ახალ წელს, სადმე რომ ვიმღერო? ამიხსნან რა პრინციპით ირჩევენ ამ ხალხს? მიშას "ნომერ ადინი" მტერი ვიყავი, ციხეშიც ჩამსვა ამის გამო, მაგრამ საახალწლო და თბილისობის დღესასწაულზე ვმღეროდი. ნუთუ ღირსი არ ვარ გავიგო მიზეზი, რატომ არ მამღერებენ. ავტომატით ვერ გამოვალ ქუჩაში, მაგრამ ხმას მივაწვდენ ყველას როგორც შემეძლება.

მერიის საახალწლო კონცერტზე არ გაჟღერდება ცნობილი კომპოზიტორის ნანა დაუშვილის სიმღერებიც. ჩვენთან საუბრისას კომპოზიტორი ამბობს, რომ შესაბამისმა სამსახურმა მერიის კულტურის სამსახურის საქმიანობა უნდა შეამოწმოს.

- გულდაწყვეტილი ვარ მეც და ბევრი სხვა მუსიკოსიც. ეს არ იყო სწორი საქციელი. როგორც კი შევიტყვე რომ მზადება დაიწყო კონცერტისთვის შევეხმიანე ორგანიზატორს, რომელმაც მითხრა, დაფინანსება აღარ მაქვს, ჩამომიჭრესო. შემდეგ გაირკვა, რომ საკმაოდ სოლიდური თანხა არის გამოყოფილი. ყოველ წელიწადს ჟღერდებოდა ჩემი სიმღერები და წელს გული დამწყდა. მე ვთვლი, რომ მერიის კულტურის სამსახურის საქმიანობა უნდა გადაიხედოს. ვინ რას აკეთებს, ვინ რას განაგებს და ა.შ. რადგან ასეთი გაუგებრობები მოხდა.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კონცერტებზე აღარ ეპატიჟებიან მომღერალ ლელა წურწუმიას. როგორც მამულიჩამ Ambebi.ge-ს განუცხადა ყველა რეჟისორი საკუთარი ხედვის მიხედვით აკეთებს ღონისძიებას.

- კახა, ამბობენ, რომ ღონისძიების რეჟისორი ბაკურ ბაკურაძეა, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბევრი მომღერალი პირადად დაუკავშირდა მას და ჰკითხა, რატომ ვერ მოხვდა საახალწლო კონცერტზე, თქვენც დაუკავშირდით?

- გავიგე, რომ ბაკურ ბაკურაძე არის ორგანიზატორი. ბოდიში, მაგრამ მე ვერ დავუკავშირდები ბაკურ ბაკურაძეს ან რომელიმე ორგანიზატორს და ვერ ვკითხავ, რატომ არ არის კონცერტში ლელა. ყველა რეჟისორს თავისი ხედვები აქვს და ამის მიხედვით აკეთებს კონცერტს. მე ვფიქრობ, ყველა

მომღერალს აქვს ამბიცია და არ მგონია, რომ ვინმეს არ ჰქონდეს სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ კონცერტში მოხვედრის სურვილი.

- ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ლელა წურწუმიას არცერთ სამთავრობო ღონისძიებაზე არ უმღერია, რას ასახელებს მერია ამის მიზეზად?

- ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ ყველა კონცერტზე ნება იბოძონ და პასუხისმგებლობა აიღონ კონცერტის ხარისხზე. კონცერტის გაკეთება ყველას ადვილი ჰქონია, გასაგებია რომ ყველა ვერ მოხვდება კონცერტზე. სანახაობა რომ მოაწყო, ისეთმა ხალხმა უნდა იმღეროს, ვინც რეიტინგულია. შეიძლება ვიღაცას არ მოსწონდეს ლელა წურწუმია, მაგრამ ხალხს ვინც უნდა, იმან უნდა იმღეროს. ექსპერიმენტების ჩატარება არასწორია. არ შეიძლება ახალ წელს ადამიანს გაუჟღერებელი სიმღერა დაახვედრო. სატელევიზიო ეთერს სჭირდება თავისი რეჟისორი, არ არის სანახაობა, სულ არის დრამატული კონცერტები. გასაგებია რომ ორკესტრი მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ არ შეუწყვე ორკესტრს ხელი, ის ინსტრუმენტი იმ ყინვაში რაც არ უნდა გაასწორო, 5 წუთში იშლება. ხალხს სჭირდება შოუ და შოუს სჭირდება კარგი გამკეთებელი. ჰოდა, ამოიღონ ძველი საახალწლო კონცერტები და შეადარონ ხარისხით, ხალხის რაოდენობით, დასწრებით. მე მგონი ექსპერიმენტების დრო დღეს არ არის.

Ambebi.ge შეეცადა თბილისის მერიის კულტურის სამსახურისგან მიეღო ოფიციალური განმარტება, თუ რა მიზნით შეირჩნენ მომღერლები საახალწლო ღონისძიებისთვის და ვინ იყო კონცერტის ორგანიზატორი, მაგრამ მერიასთან დაკავშირება დღის მანძილზე ვერ მოხერხდა. ასევე დავუკავშირდით ბაკურ ბაკურაძეს, რომელმაც კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი