ყველა სიახლე, რაც წელს საქართველოს ზამთრის კურორტებზე გელით

ყველა სიახლე, რაც წელს საქართველოს ზამთრის კურორტებზე გელით

10 დეკემბრიდან საქართველოში ზამთრის კურორტები იხსნება. 2017 წლის სეზონზე, ზამთრის დასვენების მოყვარულებს კარგად ცნობილ და განახლებულ კურორტებზე უამრავი სიახლე დახვდებათ.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელის, სანდრო ონოფრიშვილის თქმით, წელს ზამთრის კურორტების ინფრასტრუქტურას ცხრა საბაგირო დაემატა, რომლით სარგებლობის ფასიც, ონოფრიშვილის განმარტებით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყელაზე ხელმისაწვდომია.

ბაკურიანში, დიდველზე შესაძლებელი იქნება სამთო ციგით სარგებლობა, 30-წლიანი პაუზის შემდეგ კი 25 დეკემბერს კურორტი მიტარბი გაიხსნება, რომელზეც სამი საბაგირო იფუნქციონირებს. მიტარბის განვითარებისთვის მომავალში კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი:

"ინფრასტრუქტურის სამინისტროს ზაფხულის განმავლობაში დაგეგმილი აქვს ახალი გზის გაყვანა სოფელ მიტარბში, აგრეთვე, წყლის სისტემების რეაბილიტაცია," - განმარტავს ონოფრიშვილი.

კურორტ მიტარბზე სასტუმროები ჯერ არ აშენებულა, თუმცა მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, კურორტი ბაკურიანიდან 5 კილომეტრის მანძილზეა, ხოლო საბაგირო სამი კილომეტრითაა დაშორებული, შესაბამისად ვიზიტორებს საცხოვრებელთან დაკავშირებით პრობლემები ნაკლებად შეექმნებათ:

"მიტარბში სასტუმროები აშენებული არ არის, რადგან სივრცითი დაგეგმარების პროექტს ველოდებით და შემდეგ ინვესტორებს მშენებლობის დაწყების საშუალება ექნებათ," - აღნიშნავს ონოფრიშვილი.

ინფრასტრუქტურის მიმართულებით, კიდევ ერთი ინოვაციაა განახლებული სათხილამურო ტრასები - წლევანდელი სეზონისთვის მათი სიგრძე 57 კილომეტრიდან 70-მდე გაიზარდა.

ზამთრის ოთხ კურორტზე - გუდაურში, სვანეთში, გოდერძსა და ბაკურიანში, წელს, საბაგიროს ერთი აბონიმენტით სარგებლობა შეგეძლებათ, რაც ინოვაციური პროექტია:

გოდერძი - ფოტო: ამო ქინქლაძე

"შარშან, წლის ბოლოს დავიწყეთ ადაპტაცია და წელს ამ პრაქტიკას თავიდანვე დავნერგავთ. ვიზიტორებს მოვუწოდებთ, შეიძინონ აბონიმენტი, ყოველთვის ჰქონდეთ და მასზე თვითონვე ჩარიცხონ, რა თანხაც უნდათ. შემდეგ ისინი თვითონ განსაზღვრავენ რამდენი დღის განმავლობაში და როგორ გამოიყენებენ მას," - აღნიშნავს ონოფრიშვილი.

წელს სიახლეა უსაფრთხოების მიმართულებითაც, მაგალითად, თუ შარშან კურორტებზე 16 პატრულის თანამშრომელი პატრულირებდა, წელს მათი რაოდენობა 75-ით გაიზრდება: "აგრეთვე შევიტანეთ საკანონმდებლო ცვლილებები, რის მიხედვითაც ნასვამ ადამიანზე დაწესდება ადმინისტრაციული ჯარიმა, ხოლო ვინც უსაფრთხოდ არ ისრიალებს, ის სიტყვიერ გაფრთხილებას მიიღებს," - აღნიშნავს სანდრო ონოფრიშვილი.

გარდა ამისა, ამ სეზონზე ზამთრის კურორტებს მთის მენეჯერები ეყოლება, რომელთა სერტიფიცირებაც უკვე დასრულებულია - "მათ აქვთ უფლება, მართონ სამთო კურორტი, თქვან რა, რატომ და როგორ უნდა გაკეთდეს," - განმარტავს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს მთის კურორტებთან დაკავშირებით, მომავალ წელს საქართველოს კიდევ ერთი ზამთრის კურორტი შეემატება:

"კურორტ ბახმაროს სივრცითი დაგეგმარების პროექტის შემუშავება უკვე დაწყებულია და 2017 წელს მისი განვითარების გეგმის საბოლოო სურათი გვექნება. ასევე, გუდაურში ხელოვნური ტბის მშენებლობა დაიწყება, განხორციელდება კობი-გუდაურის დამაკავშირებელი საბაგიროების მშენებლობა, რომელიც ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი პროექტია," - აღნიშნავს ონოფრიშვილი.

აღსანიშნავია, რომ წელს, პირველად საქართველოში ვიზიტორებს ერთდროულად შვიდი სამთო კურორტი - გუდაური, გოდერძი, თეთნულდი, ჰაწვალი, კოხტა, მიტარბი და დიდველი მიიღებს, რომელთა ინფრასტრუქტურის განვითარება სამომავლოდაც იგეგმება.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, წელს, გუდაურის, ბაკურიანისა და გოდერძის საბაგიროების გახსნა 10 დეკემბერსაა დაგეგმილი, თვის ბოლომდე ეტაპობრივად გაიხსნება სხვა საკურორტო ზონებიც.

საკურორტო სეზონი შარშან 12 მაისს დაიხურა და წელსაც, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი დამსვენებლებს ჰპირდება, რომ შესაბამისი კლიმატური პირობების არსებობის შემთხვევაში საკურორტო სეზონი აპრილის ბოლომდე გასტანს.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი