სიკვდილის შემდგომ სული ცოცხალია...

სიკვდილის შემდგომ სული ცოცხალია...

ყოველი ქრისტიანი დილის ლოცვების კითხვისას წარმოთქვამს მრწამსის ამ სიტყვებს: "მოველი აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა". მაგრამ არა მხოლოდ ათეისტებს, არამედ ბევრ ჩვენგანსაც ზოგჯერ შეიძლება აღეძრას ეჭვი და დასვას კითხვა: "არსებობს კი ის სამყარო, იქნებ აქ ყველაფერი თავდება? ჩაგდებენ მიწაში, დააფარებენ შენს ჩასასვენებელს სახურავს და ყველაფერი დასრულდება ამგვარად. შესაძლოა მოხდეს კიდევ უარესი რამ, სასაფლაოზე დაგტოვებენ და გარეგნულად კი ცოცხალი არა ხარ, მაგრამ მაინც ყველაფერს გრძნობ, გესმის, განიცდი და თან სიბნელეში გაუნძრევლად წევხარ, შენი გამგონი კი არავინაა. გზაფრავს ამის წარმოდგენა, მეტად მძიმეა იგი აღსაქმელად. ხან კიდევ იმედი გაქვს, რომ მიწაზე სიცოცხლე არ თავდება, ის სიკვდილის შემდგომაც გრძელდება, აქ მარტოოდენ სხეული რჩება, რომელიც თანდათანობით იხრწნება, მისგან კი ბოლოს ძვლებიღაა, სული კი ამოდის და მიფრინავს სადღაც სხვაგან. ხან ძლიერდება ეს იმედი, ხანაც კიდევ სუსტდება..." (დავით ციცქიშვილი).

მართლაც დღითიდღე ილევა ჩვენი სიცოცხლის ჟამი. ყოველი მომდევნო დღე გვაახლოებს გარდაუვალ სიკვდილთან. მაგრამ ჭეშმარიტი მართლმადიდებლები სიკვდილს არ ემდურიან. ერთ-ერთი ღირსი მამა ამბობდა: "სიკვდილს რად დავემდურო, ღმერთო ცოცხალო? ადამიანმა თავად შექმნა მისგან საფრთხობელა. სიკვდილზე მეტად არაფერი მიბიძგებს შენთან შესახვედრად, უფალო". სერაფიმე როუზის წიგნში "მართლმადიდებლური მოძღვრების მოკლე გადმოცემა" სულის გარდაცვალების შემდგომი მდგომარეობის შესახებ ვკითხულობთ: ღმერთს რომ მარადიული სიცოცხლე არ მიენიჭებინა ადამიანისათვის, უსაზღვრო და ამაო იქნებოდა ჩვენი მწუხარება ახლობელთა გარდაცვალების გამო. აზრს დაკარგავდა კაცის ცხოვრება, სიკვდილით რომ თავდებოდეს იგი. ან რა სარგებელი იქნებოდა მაშინ სათნოებათა და კეთილ საქმეთაგან? მართალნი აღმოჩნდებოდნენ ამ შემთხვევაში, ვინც ამბობს: ვჭამოთ და ვსვათ, რამეთუ აღარ ვიქნებით ხვალ. მაგრამ ადამიანი ხომ უკვდავებისთვის არის შექმნილი და ქრისტემაც თავისი აღდგომით ზეციური სამეფოს კარები გაუღო მარადიული ნეტარებისათვის მათ, ვისაც სწამდა მისი და მართლად გაატარა თავისი ცხოვრება. ჩვენი მიწიერი სიცოცხლე მომავალი ცხოვრებისათვის მზადებაა, ეს მზადება კი სიკვდილით მთავრდება. "ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი და მერე განკითხვა" (ებრ. 9,27). ამ დროს ადამიანი ყველა თავისი მიწიერი საზრუნავისაგან თავისუფლდება, მისი სხეული კი იხრწნება, რათა კვლავ აღდგეს საყოველთაო აღდგომისას.

სიკვდილის შემდგომ სული აგრძელებს არსებობას და არ წყვეტს მას ერთი წამითაც კი. მიცვალებულთა მოვლინების მრავალი შემთხვევის წყალობით ჩვენ ნაწილობრივ უკვე მოგვეცა იმის ცოდნა, თუ რა მოსდის სულს, როდესაც ის სხეულს ტოვებს. როცა ადამიანის ხორციელი თვალით ხედვა მთავრდება, დგება ჟამი მისი სულიერი ჭვრეტისა.

მიმართავდა რა თავის მომაკვდავ დას, ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული წერდა: "შენ ხომ მართლაცდა არ მოკვდები, შენი სხეული შეწყვეტს მხოლოდ არსებობას, თავად კი სხვა სამყაროში გადაინაცვლებ, ცოცხალი, საკუთარი თავის ხსოვნითა და გარე სამყაროს ცნობის უნარით".

სიკვდილის შემდგომ სული ცოცხალია და ადრინდელთან შედარებით მეტს გრძნობს. რამდენადაც სული სიკვდილის შემდგომაც აგრძელებს სიცოცხლეს, - გვასწავლის წმინდა ამბრისი მედიოლანელი, - მას რჩება სიკეთის შეგრძნების უნარი და ეს უნარი არათუ არ იკარგება ამ დროს, არამედ მატულობს კიდეც. სულს ვერ აჩერებს სიკვდილით მოტანილი ვერავითარი დაბრკოლება, მისი აქტივობა იზრდება, რადგანაც მოქმედებას იწყებს უკვე თავის არეში, სხეულთან ყოველგვარი კავშირის გარეშე, რომელიც უფრო ტვირთია მისთვის, ვიდრე სარგებლობის მომტანი.

ღირსი მამა ამბა დოროთე, აჯამებს რა ამ საკითხთან დაკავშირებით ადრინდელ ქრისტიანთა შეხედულებებს, აღნიშნავს: როგორც მამები ამბობენ, სულებს ყველაფერი ახსოვთ, ყველაფერი, რაც კი მიწაზე ყოფილა წარმოთქმული, ნამოქმედარი, ნააზრევი. აქედან არაფრის დავიწყება არ ხდება. ფსალმუნში ვკითხულობთ: "მას დღესა შინა წარწყმდიან ყოველნი ზრახვანი მისნი" (ფს. 145,4). "აქ ლაპარაკია ამქვეყნიურ ზრახვათა - შენების, მშობლების, შვილების, ქონების, ყოველგვარი საქმიანობისა და სწავლების შესახებ. სულის მიერ სხეულის დატოვების შემდეგ ყოველივე ეს იკარგება... ხოლო რაც სათნოებასთან ან ვნებებთან არის დაკავშირებული, სულს ახსოვს, აქედან არაფერი ქრება მისთვის უკვალოდ... ასევე, როგორც ითქვა, სულს არაფერი ავიწყდება იქიდანაც, რაც მიწაზე გაუკეთებია, მას ყველაფერი ახსოვს და თანაც უფრო ცხადად და კარგად, როგორც განთავისუფლებულს თავისი სხეულიდან.

სულის აქტიურ მდგომარეობას სიკვდილის შემდეგ ნათლად აღგვიწერს V საუკუნის დიდი მოღვაწე, ღირსი იოანე კასიანე თავის წერილში იმ ერეტიკოსებისადმი, რომლებიც თვლიდნენ, რომ სული გარდაცვალების შემდგომ ცნობადაკარგულ მდგომარეობაში იმყოფება. როგორც ის აღნიშნავს, სულთა არსებობა სხეულთან განშორებისას სულაც არ ხდება უაზრო, მოკლებული ყოველგვარ მგრძნობელობას. ამას ადასტურებს თუნდაც სახარებისეული იგავი მდიდრისა და ლაზარეს შესახებ (ლუკა 23,22-28)... გარდაცვლილთა სულები არა მხოლოდ არ თავისუფლდებიან თავიანთი გრძნობებისაგან, არამედ არ კარგავენ საკუთარ განწყობილებებს, იმედებსა და შიშს, სიხარულსა და მწუხარებას. ისინი ასევე გარკვეულწილად იწყებენ რაღაც ისეთის განცდასაც, რაც მოელით საყოველთაო სამსჯავროზე... ამ დროს სულები შედარებით აქტიურნიც ხდებიან და უფრო გულმოდგინედ ცდილობენ შეუერთდნენ ღვთის მადიდებელთ.

თუ წმინდა წერილის მითითებებს სულის ბუნების შესახებ ჩვენი აზროვნების შესაძლებლობებისდა მიხედვით განვიხილავთ, უგუნურობა გამოდის დაუშვა ის, რომ ადამიანის ყველაზე ღირებული ნაწილი, სული, რომელშიც, მოციქულის თქმით, ღვთის ხატება და მსგავსებაა მოცემული (1კორ. 11,7; კოლ. 3,10), სხეულიდან განსვლის შემდეგ უგრძნობი ხდება. განა შეიძლება ითქვას ეს მასზე, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს მთელი გონებრივი შესაძლებლობების გამოვლენის საწყისს და უმთავრეს პირობას, ვინც თანაზიარობით მგრძნობიარეს ხდის თვით უტყვ და უგრძნობ სხეულსაც კი? აქედან გამომდინარეობს და თანაც გონების ბუნებაც მოითხოვს, რომ სულმა სხეულთან (რომელიც იმ დროისათვის სუსტდება) განშორებისას მოიყვანოს მთელი თავისი გონებრივი ძალები უკეთეს მდგომარეობაში, კი არ დაკარგოს იგი, არამედ აღადგინოს უფრო წმინდა და დახვეწილი სახით.

თანამედროვე "სიკვდილის შემდგომმა" გამოცდილებამ ხალხი ინფორმირებული გახადა იმის შესახებ, რომ სული გარდაცვალების შემდგომაც ინარჩუნებს ცნობიერებას, მათ წარმოდგენა შეექმნათ გონებრივ შესაძლებლობათა დიდ სიმახვილესა და აზროვნების სისწრაფეზე ამ დროს. მაგრამ იმისათვის, რომ უჩვეულო მდგომარეობაში მყოფი "უსხეულო" სფეროს გამოვლინებებისაგან დაიცვა, მარტოოდენ ამგვარი ცოდნის არსებობა არ კმარა. საჭიროა იცნობდე ქრისტიანულ სწავლებასაც ამ საკითხთან დაკავშირებით.

სხეულის აღდგომა

როდესაც ეს ხრწნადი სამყარო თავის დასასრულს მიაღწევს და დადგება ჟამი მარადიული ზეციური მეუფებისა, სადაც შეწყალებულთა სულები თავიანთ აღმდგარ სხეულებს შეერთებულნი, უკვდავნი და უხრწნელნი მუდამ იქნებიან თავის მაცხოვარ იესო ქრისტესთან ერთად, მაშინ ის ნაწილობრივი სიხარული და დიდება, რომელსაც ახლაც კი განიცდიან სულები ზეცაში, შეიცვლება ახალი ქმნილების იმ სრულფასოვანი სიხარულით, რისთვისაც ადამიანია საერთოდ შექმნილი. მაგრამ ისინი, რომლებმაც არ მიიღეს ქრისტეს მიერ ნაჩვენები გზა ხსნისა, თავიანთ აღმდგარ სხეულებთან ერთად მუდმივად დაიტანჯებიან ჯოჯოხეთის უფსკრულებში. იოანე დამასკელი "მართლმადიდებლური სარწმუნოების უცილობელი გადმოცემის" ბოლო თავში ასე აღწერს სულის სიკვდილის შემდგომ საბოლოო მდგომარეობას: "ჩვენ გვჯერა მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომისა, რამეთუ ჭეშმარიტად იქნება იგი, მაგრამ ვსაუბრობთ რა მის შესახებ, სხეულთა აღდგომას წარმოვიდგენთ ხოლმე ამ დროს, რამეთუ აღდგომა ხომ დაცემულის აღდგენაა ხელმეორედ". და მაინც, რა სახით აღდგებიან უკვდავებამინიჭებული სულები? თუ სიკვდილს, როგორც სხეულიდან სულის განსვლას, ისე მიიჩნევენ, მაშინ აღდგომა მათი ხელმეორედ შეერთება გამოდის, უკვე აღსრულებული, გახრწნილი სხეულის უხრწნელი ფორმით აღდგენა. და მართლაც, მას, ვინც ადამიანი მიწისგან შექმნა, განა ისევ არ შეუძლია აღადგინოს იგიდა ეს გააკეთოს მას შემდეგაც, როცა ღვთიური დაშვებით ის აღესრულება და დაუბრუნდება ისევ მიწას, იმ მიწას, რომლისგანაც შეიქმნა თავდაპირველად?

ცხადია, თუ მხოლოდ სული ესწრაფოდა სათნოებებს, მაშინ დიდებით შეიმოსება მარტოოდენ ის. ასევე თუ მხოლოდ სული ეძიებდა სიამოვნებებს, დასჯილი იქნება მარტოოდენ ის. მაგრამ რადგან არც სათნოებებს და არც მანკიერებებს სული არ მიელტვოდა სხეულის გარეშე, ამიტომაც სამართლიანობა მოითხოვს, ორივეს ერთად მიეზღოს სამაგიერო.

მაშ ასე, ჩვენ აღვდგებით, ჩვენი სულები კვლავ შეუერთდებიან თავიანთ სხეულებს, განთავისუფლდება უკვდავებამინიჭებული ახალი ქმნილება ხრწნადობისაგან და ჩვენ ყველანი ქრისტეს საშინელი სამსჯავროს წინაშე წარვდგებით. სატანა თავისი დემონებით, ანტიქრისტე, ბიწიერი ცოდვილი ხალხი მიეცემიან მარადიულ ცეცხლს, არა მატერიალურს, როგორც ეს ჩვენთანაა, არამედ ისეთს, რომელიც იცის მხოლოდ ღმერთმა. კეთილის მოქმედნი კი მზესავით მარადიულად გაბრწყინდებიან ანგელოზებთან, ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან ერთად. ისინი, მარად მომზირალნი მაცხოვრისა, თვითონაც მუდმივად იქნებიან რა მისი თვალთახედვის არეში, დატკბებიან უზენაესისგან მომდინარე სიხარულით და განადიდებენ მას მამასთან და სულიწმინდასთან ერთად უკუნითი უკუნისამდე, ამინ".

ათეიზმის სენით დაავადებულისთვის, ვისაც არ სწამს მარადიული სამყაროს არსებობა, საგულისხმო იქნებოდა ამ ამბის მოთხრობა, რომელიც დიდი ხნის წინ მოხდა:

თავადი ვლადიმერ სერგის ძე დოლგორუკი რუსეთის მეფის კარზე მსახურობდა. იქ თავისუფალი აზროვნებით დაავადდა, არც ღვთის და არც იმქვეყნიური ცხოვრების აღარ სჯეროდა. ეს რომ მისმა ძმამ, თავადმა პეტრემ შეიტყო, შეწუხდა და წერილი მისწერა: "მერწმუნე, ძმაო, ჭეშმარიტი სარწმუნოების გარეშე არ არსებობს ბედნიერება. იგი აუცილებელია მომავალი ცხოვრებისთვისაც". უხსნიდა, არწმუნებდა, მაგრამ - ამაოდ. ამგვარი წერილები მხოლოდ ღიმილს ჰგვრიდა ვლადიმერს.

ერთხელაც მეფისგან დაბრუნებულმა ძლიერი დაღლილობა იგრძნო, დაწვა და ჩაეძინა. უცებ იგრძნო, თითქოს ვიღაცამ საბანი გადაუწია, მიუახლოვდა და ცივი ხელი ხელზე მოუჭირა. შეხედა - მის წინ პეტრე იდგა. "ირწმუნე!" - უთხრა ძმას. ძმის უეცარი გამოჩენით გახარებულმა წამოიწია, რომ მოხვეოდა, მაგრამ ხილვა გაქრა. იმდენად ცხადად მოეჩვენა, ძმა ჩამოვიდაო, რომ მსახურებსაც ჰკითხა - სად წავიდა ჩემი ძმაო. ბოლოს, დარწმუნდა, ალბათ მომეჩვენა ან დამესიზმრაო. თუმცა ძმის ნათქვამმა, "ირწმუნე!", მოსვენება მაინც დაუკარგა.

ჩაიწერა რიცხვი, საათი და წუთი, როცა ეს ხილვა ჰქონდა. ძალიან მალე მიიღო ცნობა, რომ სწორედ იმ დღეს და იმ დროს გარდაიცვალა პეტრე დოლგორუკი.

იმ დღიდან იგი ჭეშმარიტი მორწმუნე ქრისტიანი გახდა.

წყარო: karibche.ge

რა დაუწერა დაჭრილმა პოლიციელმა მის მოსანახულებლად მისულ შს მინისტრს - კადრები საავადმყოფოდან

მართვით სუნთქვაზეა, მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა - ცოტნე გამსახურდიას ექიმი

ექიმი - ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა დამატებითი ოპერაცია დასჭირდეს