"ზოგი მლანძღავდა, ზოგი დამცინოდა, ზოგს ვეცოდებოდი..." - "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გარდაცვლილი ოპერატორი საკუთარ პროფესიაზე

"ზოგი მლანძღავდა, ზოგი დამცინოდა, ზოგს ვეცოდებოდი..." - "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გარდაცვლილი ოპერატორი საკუთარ პროფესიაზე

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორი სოფო ბობოხიძე გუშინ ქუთაისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა.

სოფო ბობოხიძე 27 წლის იყო. "საზოგადოებრივ მაუწყებელში" ოპერატორად 2013 წლიდან მუშაობდა და არაერთი რეპორტაჟი ჰქონდა მომზადებული.

ერთ-ერთ ბლოგზე Saddle-bag, სოფო ბობოხიძე საკუთარი პროფესიის შესახებ ყვება. სოფომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა. უნივერსიტეტის მეორე კურსიდან მუშაობა დაიწყო ტელეკომპანია მეგა TV-ში. ასევე მუშაობდა ქუთაისის საინფორმაციო ინტერნეტ პორტალისთვის newpress.ge. თანამშრომლობდა ჟურნალ "ლიბერალთან". ბოლოს კი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორი იყო. ბლოგი 2014 წელსაა დაწერილი და აი, რას წერს სოფო პროფესიის შესახებ:

"ბავშვობიდან მაინტერესებდა ტექნიკა, ვიდეოკამერები, ფოტო კამერები და მსგავსი ნივთები. როდესაც სადღაც წავიდოდი და მნიშვნელოვან ადგილებს ვნახავდი ან მომენტებს დავიჭერდი ძალიან მინდოდა მქონოდა ფოტო კამერა, რომ შემდეგ ჩემი გადაღებული მენახა. რადგან არ მქონდა ვცდილობდი, ის მომენტი კარგად დამემახსოვრებინა და ისე შემეხედა, როგორც ამას აპარატით გავაკეთებდი.

ვიდეოკამერით გადაღება 5 წლის წინ დავიწყე. ჟურნალისტად ვმუშაობდი ადგილობრივ ტელევიზიაში "მეგა-ტვში". ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა და ოპერატორმა დათო სირბილაძემ ჩემი ფოტოები ნახა და მითხრა: "მოდი კამერა დაიჭირე, ვნახოთ რა გამოვაო." მითხრა, რომ ჩემი ფოტოები მოწონდა, "ხედვა" მქონდა და ვიდეო გადაღებაც აუცილებლად გამომივიდოდა. მეც დავუჯერე დათოს და ერთ დღესაც მარტო წავედი გადაღებაზე, როგორც ჟურნალისტი და ოპერატორი. ძალიან ვნერვიულობდი რა გამომივიდოდა არ ვიცოდი. ორმაგი პასუხისმგებლობა მქონდა. ნახა ჩემი კადრები შენიშვნებიც მომცა, მაგრამ მითხრა, რომ ეს ყველაფერი გამოსწორებადი იყო. ამის შემდეგ ვუთავსებდი ჟურნალისტობას ოპერატორობას. რა თქმა უნდა, მარტივი გადაწყვეტილება არ იყო, მაგრამ არ გამიჭირდა. მიმაჩნია, რომ ჟურნალისტი და ოპერატორი ერთია, ორივემ უნდა იცოდეს ერთმანეთის საქმე, სხვაგვარად იმას რასაც აკეთებ, მსუბუქად რომ ვთქვათ, არ გამოვა კარგი.

როდესაც "დიდი კამერით" ქუჩაში გამოვჩნდი ყველა უცნაურად მიყურებდა, სხვადასხვა რეაქციები ჰქონდათ. ზოგი მლანძღავდა, ზოგი დამცინოდა, ზოგს ვეცოდებოდი, იმის გამო თუ როგორ ვატარებდი ამხელა კამერას. იყვნენ დადებითად განწყობილებიც. ერთ დღეს გადაღებაზე წავედი დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეაში, სადაც მაშინდელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე უნდა მისულიყო. ბევრი ხალხი, კამერები და ყველა მამრობითი სქესის და მე ერთი გოგო. მხოლოდ ერთი რამის შემეშინდა, გამოუცდილებისა და არა მათი ძალის ან ენერგიის. ყველგან დავძვრებოდი თან მათ ვუყურებდი, როგორ იღებდნენ, რა მიმართულებით მიდიოდნენ და მეც იგივეს ვაკეთებდი. მუშაობის სტილს ვსწავლობდი და შემდეგ კი უკვე ჩემს კადრთან მარტო ვრჩებოდი...

ძალიან ხშირია როდესაც გვიწევს ისეთ გადაღებებზე სიარული როგორიცაა მკვლელობა, ხანძარი, წყალდიდობა. ხშირად ისევე "მომხვედრია", როგორც ჩემს კოლეგა მამაკაცებს. კამერა დაუმტვრევიათ, ჩავუკეტივართ, გამოგვკიდებიან, ვულანძღივართ. ხშირად გვიწევს ისეთი რაღაცეების გაკეთება, რაც შეიძლება ვერ წარმოგედგინა; იფიქრებდი, რომ ვერ შევძლებდი ამას, ვერ გავუძლებდი. თუმცა იმ დროს როდესაც შემთხვევის ადგილზე ხარ და კამერას რთავ ყველაფერი გავიწყდება. როდესაც ავარიაა ეკრანებიდან უჭირთ ყურება და მოსმენა, ხოლო წარმოიდგინეთ რა რთულია როდესაც შენ ხარ იქ, შენ იღებ ამ ყველაფერს. იმ დროს ვერაფერს გრძნობ, მაგრამ როდესაც ასრულებ, კამერას თიშავ და უბრუნდები საწყის მდგომარეობას, მაშინ ინგრევი, როგორც ადამიანი. ეს შენი განცდაა და ამას ვერავინ გაიგებს"... - ყვებოდა ბლოგში სოფო ბობოხიძე.

წაიკითხეთ ვრცლად ბლოგზე saddlebag1.wordpress.com

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი