დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის - "ამ დაჯგუფების ხუშტურებმა თუ გაიმარჯვა, მოხდება საქართველოს ეკლესიის "თალიბანიზაცია"

დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის - "ამ დაჯგუფების ხუშტურებმა თუ გაიმარჯვა, მოხდება საქართველოს ეკლესიის "თალიბანიზაცია"

ცოტა ხნის წინ სოფ. დიღმის წმინდა მარინეს ეკლესიის წინამძღვარმა დეკანოზმა დავით ისაკაძემ ქადაგების დროს, მღვდლებს - მამა თეოდორე გიგნაძეს და მამა ალექსანდრე გალდავას, "ეკლესიის მტრები" უწოდა და "მწვალებლურ გამონათქვამებში" დაადანაშაულა. ამას 30-მდე სასულიერო პირის შეკრება მოჰყვა, რომელთაც მამა თეოდორეს და მამა ალექსანდრეს მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათ შორისაა დეკანოზი ილია ჭიღლაძეც, რომელსაც სასულიერო პირებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე კომენტარისთვის მივმართეთ:

- მწვალებლობა, ეს არის უმძიმესი ბრალდება. მწვალებლობა, ანუ ერეტიკოსობა ნიშნავს არამართლმადიდებლობას. მწვალებელი, ანუ ერეტიკოსი სამღვდელო პირი აუცილებლად ექვემდებარება სამღვდელო ხარისხიდან და ეკლესიიდან განკვეთას, მაგრამ ამ ბრალდებას სჭირდება დასაბუთება, წინააღმდეგ შემთხევაში, საეკლესიო კანონთა მიხედვით ეს ჩაითვლება ცილისწამებად, ხოლო ცილისმწამებელი ექვემდებარება განკვეთას.

რა თქმა უნდა, მამა ალექსანდრე გალდავა და მამა თეოდორე გიგნაძე არათუ არ არიან მწვალებლები, არამედ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი გამორჩეული და ღირსეული სამღვდელო პირები არიან, რომელთაც დიდი ღვაწლი აქვთ მართლმადიდებლობისათვის გაწეული სამისიონერო-სამქადაგებლო საქმით. ხოლო ბრალმდებელთა დაჯგუფების შესახებ დასკვნის გაკეთებას ყველა საღად მოაზროვე, საქმეში ჩახედული ადამიანი შეძლებს...

- მამა ილია, საეკლესიო კანონიკით, სწორია თუ არა როცა სასულიერო პირი, ასევე სასულიერო პირს მწვალებლად მოიხსენიებს?

- სასულიერო პირს თუ რომელიმე სხვა სასულიერო პირზე აქვს ეჭვი და ბრალდება, რომ ის ერეტიკოსია, ვალდებულია ჯერ პირადად ამხილოს, შემდეგ თუ არ შეინანა, ან საკითხში შეთანხმება ვერ მოხდა, რამდენიმე მოწმის წინაშე მოხდეს მხილება-განხილვა, ხოლო თუ ესეც არ იქნება შერიგების მიზეზი, მიმართოს ეპისკოპოსს, ან ეპისკოპოსთა კოლეგიას, ე.ი. წმინდა სინოდს. ესაა აუცილებელი სავალდებულო საეკლესიო დისციპლინარული წესი და კანონი, მომდინარე სახარებისეული და კანონიკური ნორმებიდან. როდესაც, ის ამას არ იცავს, გამოდის მხოლოდ შფოთის თავი და ერის დამაბრკოლებელი, რომელიც უნდობლობას და სიძულვილს თესავს ეკლესიის კრებულში.

- ბოლო წლებია, მამა დავითის განცხადებები მუდამ განხილვის თემადაა ქცეული. ხომ არ არის ეს მიზანმიმართული ქმედება?

- რა თქმა უნდა, ყოველი სასულიერო პირი უნდა იყოს სახე ქრისტესი, ღმერთკაცისა, რომელმაც მოგვცა უპირველეს მცნებად ერთმანეთის სიყვარული, როდესაც ამ უპირველეს მცნებას/კანონს ანგრევს და უპირისპირდება ადამიანი, ის ეწინააღმდეგება თავად ქრისტეს. წმ. მოციქული პავლე სასულიერო პირებს ავალებს: "ნიმუშად ექმენ მორწმუნეთ სიტყვით, ქცევით, სიყვარულით, სულით, რწმენით, სიწმიდით" (პირ. ტიმ., 4, 12). როდესაც სიყვარულის წილ სიძულვილს ავრცელებ, იქ ქრისტიანობაზე საუბარიც უკვე ზედმეტია.

- მამა დავითი და მისი მხარდამჭერები აქტიურად გამოდიოდნენ რომის პაპის ვიზიტის წინააღმდეგ, რითაც ფაქტობრივად საპატრიარქოს წინააღმდეგაც წავიდნენ, რატომ არ მოჰყვა ამას ჯეროვანი რეაგირება საპატრიარქოს მხრიდან?

- სამწუხაროდ, ამაზე პასუხი მე არ მაქვს. ფაქტია, რომ ეს ჯგუფი და მისი მეთაური არათუ დაუპირისპირდა საპატრიარქოს, არამედ უწმინდეს პატრიარქს მიაყენეს უდიდესი შეურაცხყოფა, თავიანთი აქციებით, რაც დაგვირგვინდა არნახული განცხადებით, როდესაც სოფ. დიღმის წმ. მარინეს ეკლესიის ამბიონიდან წამოთქმულ თავის ქადაგებაში მან გამოაცხადა, რომ რომის პაპის სვეტიცხოველში მიღებით, სვეტიცხოველი უფრო მეტად წაიბილწა, ვიდრე თვით სიონის ტაძარი ჯალალ ედ დინის მიერო. ამ უგვანი, უღირსი შედარებით მან წარმოუდგენელი თავხედობა და ცილისწამების ტალახი ისროლა ეკლესიის წმინდა ამბიონიდან. მიუხედავად ამისა, ეს და მისი სხვა "მარგალიტები" უხვად ვრცელდება ინტერნეტის საშუალებით და მოსახლეობას ტვინს ურეცხავს ასეთი ფანატიზმით და სიშლეგით.

- სოც. ქსელებში ხშირად წერენ რომ მამა დავითი და მისი მხარდამჭერები რუსეთის რიტორიკას იმეორებენ, რამდენად რეალურია ეს მოსაზრება?

- თუ გავითვალისწინებ იმას, რომ ეს წრე სისტემატურად ეწევა დასავლეთის - ევროპის და ამერიკის დემონიზაციას, ამით კი ევროკავშირთან და ნატოსთან საქართველოს ინეტეგრაციას ეწინააღმდეგებიან, ეს კი ვის აწყობს თუ არა რუსეთს? დასკვნები თქვენთვის მომინდვია.

- მამა ლევან მათეშვილი, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს - "დიღმის საეკლესიო დაჯგუფება" მე-4 სტადიის სიმსივნედ იქცა" - რატომ არ მიმართავს საპატრიარქო ქმედით ღონისძიებებს?

- ფანატიკოსებთან გამკლავება არაა ადვილი საქმე, ისინი გამოდიან მართლმადიდებლობის დაცვის ყალბი ლოზუნგებით, მაგრამ სინამდვილეში მათ მიერ ხდება არათუ დაცვა მართლმადიდებლობისა, არამედ მართლმადიდებლობის პროფანაცია-დეგრადაცია. თუმცა, თუ სიმსივნე დროულად არ მოიკვეთა, ის ფატალური შედეგით დასრულდება. ეკლესია და რწმენა დღევანდელ საქართველოში, როგორც არასდროს, დასაცავი და გადასარჩენია, ამდენად დრო არ იცდის, თუ არადა, ამ დაჯუფების ხუშტურებმა თუ გაიმარჯვა, მოხდება საქართველოს ეკლესიის "თალიბანიზაცია", ის გახდება ჩაკეტილი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიქრისტიანული არსის სექტა.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ეს დაჯუფება ანტიეროვნული მოვლენაა ეკლესიაში, რამდენადაც ყოველგვარ ქართულს და ეროვნულს საეკლესიო ხელოვნებაში ებრძვიან და ძირკვავენ, ეს იქნება ქართული ტრადიციული, კანონიკური სამხმიანი გალობა, ხატწერა, თუ საეკლესიო ხუროთმოძღვრება, რომელთაც ათონურ-ბერძნული ეკვივალენტებით ცვლიან. მიუხედავად სინოდის და კათოლიკოს-პატრიარქის არაერთგზისი მკაცრი გაფრთხილებისა, ისინი თავის ქვემდებარე ტაძრებსა და მონასტრებში ჯიუტად ასრულებენ ბიზანტიური კილოს საგალობლებს, ნაცვლად ქართული საეკლესიო ტრადიციული გალობისა. ასევე ეს ვაი-მართლმადიდებლები ებრძვნიან კინოს, თეატრს, სიმღერას და თქვენ წამოდგინეთ, ქართულ ფოლკლორულ ცეკვას და სიმღერასაც კი.

- დაპირისპირება უკვე მასშტაბურ სახეს იღებს, რა მიგაჩნიათ ა გამოსავლად?

- გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ ყველამ, საზოგადოების ყველა ფენამ და განსაკუთრებით სასულიერო დასის იერარქიამ, კარგად შეაფასოს შექმნილი ვითარება და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. რელიგიური ფანატიზმი და სიბნელე ყოველგვარ ფანატიზმზე და სიბნელეზე საშინელია, ის განუზომლად საშიში და მავნებლურია, ვიდრე სხვა მავნე იდეოლოგიები ერთად აღებული, რადგან ის აყალბებს ჭეშმარიტებას, ანადგურებს ჭეშმარიტ რელიგიურობას და ხელს უწყობს ურწმუნოებას. ფანატიზმი ეკლესიის წიაღში ეკლესიის ბუნებასთან შეუთავსებელი, ანტიეკლესიური, ერეტიკული მოვლენაა. იმედია, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა მალე და ნათელი და ბნელი გაიმიჯნება, რადგანაც ეს აზიანებს ქრისტეს ეკლესიის სხეულს. საქართველოს ეკლესიის ვალია, დაიცვას ღირსეული სასულიერო პირები დეკ. ალექსანდრე გალდავა და დეკ. თეოდორე გიგნაძე ფანატიკოსთა მავნებლური, ცილისმწამებლური, თავხედური თავდასხმებისგან. გისურვებთ ღვთის მაცხოვნებელ, ულევ მადლს, რომლისაც არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ამავე თემაზე კომენტარი საპატრიარქოს პრეს-მდივანს მამა მიქაელ ბოტკოველსაც ვთხოვეთ:

- შესაძლოა, სასულიერო პირები რაღაც საეკლესიო საკითხთან დაკავშირებით კამათობდნენ და საპატრიარქომ რა კომენტარი უნდა გააკეთოს?!

- მამა დავით ისაკაძე, მამა თეოდორე გიგნაძეს და მამა ალექსანდრე გალდავას მწვალებლებად მოიხსენიებს?

- ამას განიხილავს ან ქორეპისკოპოსი ან პატრიარქი. ასეთ განცხადებას დასაბუთება სჭირდება, ალბათ გაერკვევა მღვდელმთავარი, რომლის მოვალეობაცაა, რომ გაარკვიოს ერთ ეპარქიაში მომსახურე სასულიერო პირებს შორის წარმოქმნილი დავის საგანი. ფართო საზოგადოებისთვის ამ თემაზე კომენტარის აუცილებლობა არ არსებობს. ესაა შიდა ეკლესიური საკითხი, რომელსაც განიხილავენ და ეპისკოპოსი მოაგვარებს ამ საკითხს.

AMBEBI.GE კომენტარისთვის დაუკავშირდა მამა დავით ისაკაძეს, რომელმაც აღნიშნულ თემაზე საუბარი არ ისურვა.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

"აუცილებლად უნდა შემოვკრათ "განგაშის ზარებს", რადგან უცბად შეიძლება, ნახტომისებური ზრდა იყოს ქვეყანაში" - გამყრელიძე

კახა კალაძე  ებრაელ თანამოქალაქეებსა და ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაულს ულოცავს

თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ ვაქცინაცია შესაძლოა იყოს საყოველთაო, მაგრამ არა სავალდებულო - "აქ გაუგებრობა არ უნდა იყოს..."