წლევანდელ ახალ წელს, პირველად ჩემს ცხოვრებაში, ძალიან დიდი მოვლენა ხდება - ზურა ყიფშიძე

წლევანდელ ახალ წელს, პირველად ჩემს ცხოვრებაში, ძალიან დიდი მოვლენა ხდება - ზურა ყიფშიძე

მიუხედავად საერთო მხიარულებისა და სადღესასწაულო განწყობისა, რომელიც ახალი წლის მოახლოებითაა გამოწვეული, არსებობენ ადამიანები, რომლებიც რთული სოციალური ფონის შემხედვარე, საზეიმოს ვერაფერს ხედავენ და შესაბამისად, ახალი წელი მათ საყვარელ ღდესასწაულთა შორის, ნამდვილად არ არის. მათ შორისაა მსახიობი ზურა ყიფშიძე, რომელსაც საახალწლო ტრადიციებსა და მოგონებებთან ერთად, არაერთ საინტერესო და მისტიკურ საკითხზეც ვესაუბრეთ.

- ოჯახურ გარემოში აპირებთ დღესასწაულის შეხვედრას?

- ახალ წელს ყოველთვის ოჯახურ გარემოში ვხვდებით და შემდეგ ყველა თავის მეგობრებთან ერთად მიდის. თუმცა, ჩემთვის ამ წლის ბოლო კვირები იმდენად დატვირთული იყო, რომ ეხლა ძალიან დაღლილი ვარ და ალბათ, სახლში ვიჯდები. წლევანდელ ახალ წელს, პირველად ჩემს ცხოვრებაში, ძალიან დიდი მოვლენა ხდება - აბსოლუტურად ფხიზელი ვიქნები (იცინის). შესაბამისად, არც ნაბახუსევი შემაწუხებს, რაც ძალიან მიხარია. არცერთ ახალ წელს არ ვყოფილვარ ფხიზელი (იცინის). საქმე ისაა, რომ ადამიანმა ოდესმე ხომ უნდა მიხედო ჯანმრთელობას და ისე დაემთხვა, ახლა ვმკურნალობ, ამიტომ, დალევა არ შეიძლება.

- წლების წინანდელი თავგადასავლები გაიხსენეთ, როცა ამ დღესასწაულს თავისებური სიგიჟეები ახლდა.

- ერთ წელიწადს ისე ცუდად ვიყავი, ფეხზე ვერ ვდგებოდი. მაშინ ძალიან დიდ ავარიაში მოვყევი, გიორგობა დღეს და რამდენიმე თვე ვერ ვინძრეოდი. მორგიდან ამომათრიეს. უი, ეს ცოცხალი ყოფილა და პატრონიც ჰყოლიაო. სისხლიან, ტალახიან სახეზე "ზელიონკა" გადამისვეს და ისეთ დღეში ვიყავი, ოჯახის წევრებს ჩემს დანახვაზე გული გაუსკდათ. ეს 90-იან წლებში იყო და ის წლები გაჭირვებას, ომს და ათასგვარ სირთულეს უკავშირდება. ახალ წელს შეფუთულ კარტოფილს ვწვავდით და ინდაურიც ის იყო და გოჭიც. მაშინ, როცა ახლობლები ომში იღუპებოდნენ, არა მგონია, ვინმეს საზეიმოდ ჰქონოდა საქმე. ადრე ანტისაბჭოთა ელემენტად ვითვლებოდი და იმ წარსულს ვერ ვიტანდი.

- ჰიპობის წლები გაიხსენეთ და როგორც ვიცი, იმ წლებში, პირველი მამაკაცი მოდელი და ბალერონიც იყავით...

- ბალერონი არ ვყოფილვარ. უბრალოდ, მიყვარდა ცეკვა, მიყვარდა და გამომდიოდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობდნენ. თან, მოსკოვის ინსტიტუტში ისეთ დონეზე ვსწავლობდი, მეხუმრებოდნენ: შენ შეიძლება, დიდ თეატრში დაიწყო ცეკვაო (იცინის). მერე გერასიმოვმა მთელი კურსი გადაგვიღო თავის ფილმში "დედები და შვილები", როგორც კლასიკური ბალეტის მოყვარული მოცეკვავეები. რაც შეეხება მოდელობას, მაშინ პატარა ვიყავი და ესეც ერთგვარი პროტესტი იყო. მოდელ კაცს სხვა რამისკენ მინიშნებად აღიქვამდნენ, რაც სასწაულად მიაჩნდათ. მერე მიხვდნენ, რომ მას არავითარი კავშირი არ აქვს გარკვეულ მიმართულებებთან.

- დაუმორჩილებლობის გამო კომუნისტებთან პრობლემები არ შეგქმნიათ?

- მახსოვს, მე და თემურ ჭილაძეს, რომელიც კარგად იცით თვითმფრინავის ამბებიდან (თუმცა მაშინ ჯერ მღვდელი არ იყო, ჰიპებს გვწინამძღოლობდა) გვიჭერდნენ გრძელი თმის თუ ჯინსების გამო და გვახრჩობდნენ, გვაწამებდნენ. გვთხოვდნენ, გვეთქვა, ვინ იდგა ჩვენ უკან.

ქეთი კაპანაძე

ჟურნალი "თბილისელები"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი