"ერთ-ერთ ბანკს დიდი პრობლემა აქვს"(?!)

"ერთ-ერთ ბანკს დიდი პრობლემა აქვს"(?!)

კომერციული ბანკების მარწუხებიდან საფონდო ბაზრის გამოხსნა მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემდა, ქართული კომპანიები დაეფინანსებინა ლარში, სესხით თუ აქციების შეძენით

ძალაში შევიდა რამდენიმე ცვლილება და საწვავი, თამბაქო და ავტომობილები უკვე გაძვირდა. სხვა ცვლილებები წლის განმავლობაში ეტაპობრივად ამოქმედდება და მათი შედეგებიც მოგვიანებით გახდება თვალსაჩინო.

გალარების პროგრამას მთავრობა 17 იანვრიდან იწყებს. მასში ცოტა ხნის წინ შეტანილი ცვლილებების თანახმად, სესხების ლარში გადატანა შეეძლებათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, მათ შორის - ინდმეწარმეებს, რომლებსაც სასესხო დავალიანება აშშ დოლარში ჰქონდათ როგორც 2015 წლის 1-ლი იანვრის, ისე - 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით და მიმდინარე დავალიანება ექნებათ გალარების დღესაც.

სუბსიდიით ვერ ისარგებლებენ ის პირები, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას ლარზე მეტი იყო 2015 ან 2016 წელს; აგრეთვე, ის ფიზიკური პირები, რომელთა სესხის ძირითადი თანხის ჯამური დავალიანება 100 ათას დოლარს არ აღემატებოდა 2016 წლის 28 ნოემბრის მდგო­მარეობით.

კომერციული ბანკები გალარებულ სესხებს არსებული საბაზრო პროცენტით გასცემენ (მაგალითად, ლარით გაცემული ცვლადპროცენტიანი იპოთეკური სესხების საბაზრო განაკვეთი დღეს 10%-ის ფარგლებშია).

სესხების გალარება მოხდება გალარების დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსისთვის 20 თეთრის გამოკლებით. ასეთი სესხის სუბსიდირება 40 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში მოხდება.

ახალი წლიდან მოქმედებს მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი. საწარმო მოგების გადასახადით მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში დაიბეგრება, ხოლო თუ მის სრულ რეინვესტირებას მოახდენს, გადასახადისგანაც გათავისუფლდება.

2017 წლის 1-ლი იანვრიდან 100 ათას ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნული ვალუტით გაიცემა, 2018 წლიდან კი აღნიშნული ცვლილება 200 ათას ლარამდე სესხებსაც შეეხება.

წლეულს, 1-ლი ივლისიდან, ქონების გაყიდვისა და მისი რეკლამირებისას ფასის გამოქვეყნება მხოლოდ ლარით იქნება შესაძლებელი, თუმცა სხვა ვალუტით ფასის გამოცხადება არ აიკრძალება. მაგალითად, სამშენებლო კომპანიამ ბინის ფასი ლარით უნდა გამოაცხადოს, სურვილის შემთხვევაში კი ფასს ნებისმიერი სხვა ვალუტითაც მიუთითებს.

წლეულს უნდა ამოქმედდეს რეგულაციები ონლაინსესხებზე და დაწესდეს ზღვრული მაჩვენებელი ჯარიმაზე, რომელიც შეიძლება მსესხებელს დაეკისროს.

დავით ასლანიშვილი, ეკონომიკის დოქტორი:

- ცვლილებების პირველადი შედეგები გაძვირებული საწვავი, თამბაქო და ალკოჰოლური სასმელია. ე.წ. გადაცემის ეფექტი, ანუ ფასის ზრდის ასახვა სხვა პროდუქტებსა და მომსახურებაზე, ჯერჯერობით სრულფასოვნად არ გამოხატულა. ეს იმიტომ, რომ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ძველი ტარიფები დარჩა და იმედია, არც მოსალოდნელ რთულ პერიოდში მოიმატებს.

ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ, რომ ლარის გამყარება მოკლევადიანი აღმოჩნდებოდა და ის მოსალოდნელზე უფრო მოკლევადიანი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ამას ხელი შეუწყო 2016 წლის დეკემბერში ბიუჯეტის დეფიციტურმა ხარჯვამ. ჩვენი გათვლებით, ის იყო 428 მილიონი ლარი (2015 წლის დეკემბერში - 327 მილიონი ლარი), რაც ნიშ­ნავს, რომ ბოლო დღეების ლარის გაუფასურება გარდაუვალი იყო. ამას ემატება ფულადი აგრეგატების მკვეთრი ზრდაც. მაგალითად, ფულის მასის ორმა პარამეტრმა 6,6 მილიარდს გადააჭარბა და დაახლოებით 400 მილიონი ლარით არის გაზრდილი. საბედნიეროდ, რეფინანსირების სესხი შემცირდა 1,355-დან 1,312 მილიარდამდე. მაგრამ აქ 17 იანვრიდან უკვე გალარების პროგრამა ერთვება - საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) კომერციულ ბანკებს მიაწვდის როგორც უცხოურ ვალუტას გალარების პროცესისთვის, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ლარის ლიკვიდობასაც უზრუნველყოფს. ამ მხრივ უკვე სხვა განზომილებაში გადავდივართ და სანამ პროცესი არ დაწყებულა, ლარის კურსის პროგნოზის აზრს ვერ ვხედავ. მხოლოდ პოსტფაქტუმ შევძლებთ შეფასებას, რაც აპრილ-მაისისთვის მოხდება.

საუბარია 400-500 მილიონი დოლარის სესხის ლარში გადაყვანაზე. კომერციულ ბან­კებს პრობლემა რომ არ შეექმნათ, სებ-ი მათ დოლარის მასას მიაწვდის. 2,8 მილიარდი დოლარის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებიდან 1,3 მილიარდი არის კომერციული ბანკების რესურსი, მოზიდული სავალდებულო რეზერვების სახით. სწორედ ამ თანხის ნაწილი დაბრუნდება კომერციულ ბანკებში, რათა შეძლონ უცხოურ ვალუტაში თავიანთი ვალდებულებების გადახდა. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ წლეულს სამ მილიარდზე მეტი საგარეო ვალი გვაქვს დასაფარავი სახელმწიფოსთან ერთად. სახელმწიფო ამბობს, რომ გალარების პროგრამისთვის საჭირო ლარის მიწოდებასაც უზრუნველყოფს და შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, მიმოქცევაში ლარის მასასაც გაზრდის. დამატებით შემოდის რეფინანსირების ახალი ინსტრუმენტიც, ერთთვიანი და არა - შვიდდღიანი, რაც მიმოქცევაში ასევე გაზრდის ლარის მასას.

"ერთ-ერთ ბანკს დიდი პრობლემა აქვს"(?!)

- რა თქმა უნდა, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, მაგრამ კარგი იქნებოდა სებ-ის და მთავრობის მხრიდან გამჟღავნება, მეტწილად რომელ კომერციულ ბანკზე გაიცემა რეფინანსირების სესხი. ეჭვი მაქვს, ერთ-ერთ ბანკს რთული ფინანსური პრობლემები აქვს და საკითხავია, ამის დამალვა რა საჭიროა? განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი