მითები საქართველოს ისტორიიდან, რომლისაც გვჯერა

მითები საქართველოს ისტორიიდან, რომლისაც გვჯერა

ისტორიული ფაქტების გაბუქება და მათი მითოლოგიზაცია მსოფლიო ისტორიის სენია. ბუნებრივია, ეს "სენი" საქართველოშიც არის გავრცელებული. საიდან იქმნება ისტორიის არარეალური ისტორიები და რატომ მოსწონს ის ხალხს? - ამ კითხვებით თსუ-ს ისტორიის დოქტორანტს დიმიტრი სილაქაძეს მივმართეთ:

- მითები სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა რამის გამო იქმნებოდა. ზოგადად ადამიანი სენსაციების მოყვარული არსებაა, აქედან გამომდინარე, ზოგს ქმნიდნენ სპეციალურად და ზოგიც რაღაც ისტორიული ფაქტის დამახინჯებული ვარიანტია, თვითონ საზოგადოების მიერ. ანტიკური ხანის და შუა საუკუნეების ისტორიულ წყაროებში გვაქვს მონაცემები რამდენიმე ასეულათასიანი არმიების შესახებ, რაც ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. მაგ: ჰეროდოტე წერდა, რომ სპარსელთა არმია ძვ.წ 480 წლის სამხედრო კამპანიის დროს დაახლოებით 5,6 მილიონი იყოო. იმ დროის ისტორიკოსებს ამის შემოწმების საშუალება არ ჰქონდათ, მერე უკვე, XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში ჰანს დელბრიუკმა და სხვა ისტორიკოსებმა გადაამოწმეს, გაანალიზეს და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თუ სპარსელებს მართლა ამხელა ლაშქარი ეყოლებოდა, ჯარი იმდროინდელი ბაღდადიდან-ბერლინამდე იქნებოდა გადაჭიმული.

გარდა ამისა, იმ დროინდელი საკომუნიკაციო საშუალებებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნებოდა ამხელა ჯარის მართვა. მითები იქმნებოდა ომების მერეც, მაგ: როცა გაიმარჯვებდნენ მეტოქეზე, წერდნენ, რომ იყო იმაზე მეტი ვიდრე რეალურად, რათა საკუთარი გამარჯვება კიდევ უფრო გმირულად წარმოეჩინათ, ასევე როცა მარცხდებოდნენ, საკუთარ რაოდენობას ნაკლებს უთითებდნენ, რომ გასამართლებელი მიზეზი ჰქონოდათ და სხვა. იყო მითები, რომელსაც სპეცსამსახურები განგებ ქმნიდნენ, ეს განსაკუთრებით XIX-XXI საუკუნეების პერიოდს ეხება.

- ქართველ ისტორიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დიდგორის ბრძოლაში მუსულმანთა კოალიციას ყავდა უზარმაზარი ლაშქარი, ზოგი წყარო 600 000-ც კი წერს...

- ამ მასშტაბის არმიები შუა საუკუნეებში უბრალოდ არ არსებობდა. თურქ-სელჩუკთა იმპერიამ მისი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლაში 1071 წელს მანაზკერთან, როდესაც ბიზანტიას ებრძოდა და ამ ბრძოლაში წყდებოდა თუ ვინ იქნებოდა ახლო აღმოსავლეთში დომინანტი სახელმწიფო, მხოლოდ 20-30 000 მეომრის გამოყვანა მოახერხეს. ზოგადად, შუა საუკუნეებში 30 000-ანი არმია ითვლებოდა გრანდიოზული მასშტაბის არმიად და სულ თითზე ჩამოსათვლელი ბრძოლებია, სადაც ამხელა რაოდენობა იყო გამოყენებული. IX-X საუკუნის ბიზანტიურ სამხედრო ტრაქტატში ეწერა, რომ 5-12 000 კაციანი არმიით შეიძლებოდა სტრატეგიული კამპანიების წარმოება. უამრავი მსგავსი მაგალითის მოყვანა შეიძლება. უფრო დიდი არმიების შეკრება უბრალოდ შეუძლებელი იყო სხვადასხვა მიზეზის გამო: სამობილიზაციო რესურსის (რომელიც შუა საუკუნეებში 1 პროცენტზე ნაკლები იყო), საკომუნიკაციო საშუალებების დაბალი დონის, მართვის შეუძლებლობის და კიდევ მრავალი და მრავალი მიზეზის გამო.

დავუშვათ, რომ მუსლიმთა კოალიცია შედგებოდა 400 000 მებრძოლისაგან, მაშინ სამარშო კოლონა იმდროინდელი გზების გათვალისწინებით გადაიჭიმებოდა დაახლოებით 400 კილომეტრზე და მოწინააღმდეგის არმიის ავანგარდი რომ დიდგორს მოუახლოვდებოდა, არიერგარდი ჯერ კიდევ არ იქნებოდა ქვეყანაში შემოსული. ეს იმდენად აბსურდულია, განხილვადაც არ ღირს. ამას დავუმატოთ ის ფაქტორიც, რომ დიდგორის ბრძოლის წინ ერთიანი სელჩუკური სახელმწიფო აღარ არსებობს, რომელმაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლაში მხოლოდ 20 - 30 000 მეომრის გამოყვანა შეძლო და დიდგორში საქართველოს ებრძვის ამ დაშლილი სახელმწიფოდან წარმოქმნილი რამდენიმე პოლიტიკური ერთეულის კოალიცია. თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში ბოლო პერიოდის კვლევების შედეგად უკვე მიიჩნევა, რომ მოწინააღმდეგის არმია დაახლოებით 30 000 კაცისაგან შედგებოდა და თუ შუა საუკუნეების მასშტაბებს გავითვალისწინებთ, ეს იყო გრანდიოზული არმია, რომლის მსგავსიც ასწლეულების მანძილზე იშვიათად იკრიბებოდა. და სწორედ ამიტომ იყო - "ძლევაი საკვირველი", ასეთი გრანდიოზული არმია დაამარცხა დავითმა, თავის მხრივ დავითის არმიის რიცხოვნობაც ამ ომისათვის თანამედროვე გათვლებით 15-18 000 კაცისაგან შედგებოდა.

ამ შემთხვევაში პრობლემას ის წარმოადგენს, რომ სამხედრო თემებთან მიმართებაში ჩვენთან ბოლო პერიოდამდე ნაკლებად ხდებოდა შუა საუკუნეების წყაროებში არსებული ფანტასტიკური მონაცემების ანალიზი, რაც ევროპაში 19-ე საუკუნის ბოლოსა და 20-ე საუკუნის დასაწყისში დაიწყო. დიდგორის ბრძოლაზე უარეს მაგალითს გეტყვით, დავითის ისტორიკოსის ცნობით, როდესაც დავით აღმაშენებელმა აიღო სამშვილდე 1110 წელს, სულთნის 100 000-იანი ჯარი შეუმჩნევლად მოვიდა. ამხელა არმია რომც არსებულიყო იმ პერიოდში შეუმჩნევლად როგორ მოვიდოდა? მეფე ტაძრეულით ნაჭარმაგევს იდგა. საღამოს თრიალეთში მათი მისვლა შეიტყო. ღამით 1500 კაცით გაემგზავრა, ცისკარზე შეებრძოლა მოწინააღმდეგეს და სძლია. დღის მიწურვისას თავზარდაცემული გაიქცა თურქთა ბანაკი; კარვებსა და ჭურჭელსაც არ მიხედესო, ისე გაიქცნენ თავიანთ ქვეყნებში. თქვენ წარმოიდგინეთ, ქართველებმა ღამე გაიგეს, მთელი ღამე აჭენეს ცხენები და ცისკარზე დაღლილები შეებნენ იმხელა ჯარს, როცა ერთ კაცზე დაახლოებით 66 ადამიანი მოდიოდა და დაამარცხეს. ეს ხომ უფრო ზღაპრის სიუჟეტს გავს, ვიდრე რეალობას?! რეალურად ამ ისტორიაში პრობლემა მოწინააღმდეგის არმიის გაბერილი მონაცემია და ამ ამბის უკრიტიკოდ მიღება, რაც თავის ისტორიულ მნიშვნელობას აკარგვინებს და ზღაპრულ სიუჟეტად აქცევს. ჩვენ სწორედ კომპლექსური კვლევები გვჭირდება, რომელიც ზღაპრული და მითოლოგიური სიუჟეტებისგან გაწმენდს ჩვენ ისტორიას, რაც საკუთარი წარსულის და საკუთარი თავის უკეთ გაანალიზების საშუალებას მოგვცემს.

- სპეცსამსახურები ახსენეთ და საქართველოს ისტორიაში, თუ ერეოდნენ და ამახინჯებდნენ ფაქტებს?

- რა თქმა უნდა. მაგალითად ავიღოთ 1918-21 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია და ეს არცაა გასაკვირი, რადგან საბჭოთა ხელისუფლებამ გაანადგურა ეს რესპუბლიკა და ბუნებრივია, რომ ეცდებოდა ფაქტების დამახინჯებას. მაგ: ვრცელდებოდა ხმები, რომ თბილისს მხოლოდ იუნკრები იცავდნენ. იმ დროს, როდესაც საბჭოთა რუსეთის მეთერთმეტე არმია თბილისს მოადგა, იუნკერთა სამხედრო სკოლაში სიით მხოლოდ 183 იუნკერი ირიცხებოდა. მთლიანობაში კი თბილისს რეგულარული არმიისა და სახალხო გვარდიის 10 000-მდე ჯარისკაცი და ოფიცერი იცავდა და მათ შორის იუნკერთა სამხედრო სკოლის კურსანტი მხოლოდ 166 იყო. მთლიანად კი საომარი კამპანიის დროს რამდენიმე ათეულ ათასი ქართველი იბრძოდა ომში.

ასევე იწერებოდა, რომ ქართულ არმიას რუსული კავკასიის არმიიდან მემკვიდრეობით იარაღის უზარმაზარი მარაგი დარჩა, მაგრამ მთავრობამ არ გახსნა საწყობები და ვერ გამოიყენა სათანადოდ არსებული იარაღი, რაც შემდეგ რუსებს დარჩათ ალაფად. საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ 1918 წლისათვის, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, სინამდვილეში იმაზე ნაკლები იარაღი და საბრძოლო მასალები დაგვრჩა რუსული არმიისაგან, ვიდრე 1921 წლის ომისათვის იყო საჭირო. ამ დარჩენილი მასალების დიდი ნაწილი კი 1918 წლიდან 1921 წლამდე ომებში დაიხარჯა. ამიტომ, ქართული დელეგაციები ევროპაში, საქართველოს იურიდიულად აღიარების შემდეგ, დიდ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებების დროს ნომერ პირველ საკითხად იარაღის ჩუქებას ან შესყიდვას სვამდნენ. მოხერხდა იარაღის რამდენიმე მცირე პარტიის შემოტანა, რაც საკმარისზე ბევრად ნაკლები იყო. განსაკუთრებული დეფიციტი იგრძნობოდა შაშხანების, არტილერიის, ვაზნებისა და ჭურვების მხრივ. ამ ყველაფერს ერთადერთი მიზანი ჰქონდა, რომ ჟორდანიას მთავრობა უუნაროდ ეჩვენებინათ. ამავდროულად აღნიშნულ პერიოდზე მითების გავრცელებას უნებლიედ ხელი შეუწყო დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ემიგრაციაში წასულთა შორის არსებულმა დაპირისპირებამ, როდესაც ქვეყნის დანგრევას ყველა ერთმანეთს აბრალებდა, ამიტომ ისტორიკოსის ვალია კარგად შეისწავლოს ყველა წყარო და რომელიმე მხარის ადვოკატად არ იქცეს.

- რატომ უხარიათ ადამიანებს ამ მითების არსებობა? ხომ არაა ეს ერთგვარად პატარა ერის კომპლექსი?

- გარკვეულწილად შეიძლება ეგეც იყოს, მაგრამ მე უფრო სხვა რამეს დავაბრალებდი. ჩვენი ისტორიოგრაფია ბევრი სუბიექტური, თუ ობიექტური მიზეზის გამო ძალიან ჩამორჩა დასავლურ ისტორიოგრაფიას, შესაბამისად ერის დიდი მასის აზროვნებაც დარჩა ადრინდელ ჩარჩოებში. ზემოთ რადგანაც სამხედრო ისტორიაზე გვიხდებოდა საუბარი, ამავე თემაზე ვიტყვი, რომ სამწუხაროდ, ჩვენთან XX საუკუნის განმავლობაში სამხედრო ისტორიას ნაკლებად იკვლევდნენ, ალბათ ეს მიზანმიმართულიც იყო. მე რაც მინახავს, საბჭოთა პერიოდში ჩატარებული სამხედრო ისტორიის ყველაზე კარგი კვლევა იყო, აკაკი კლდიაშვილის მიერ ერეკლეს II-ის პერიოდის შესწავლა სამხედრო თვალსაზრისით. ეს იყო ყველაზე კარგი ნაშრომი, თუმცა ეს დისერტაცია არ გამოუციათ. ამ ფაქტითაც კარგად ჩანს, თუ რა მიდგომა იყო თუნდაც სამხედრო ისტორიისადმი საქართველოში.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ 200-ლარიანი დახმარების მისაღებად ონლაინრეგისტრაციას ვერ გადიხართ - ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

"სულ ტალღებზეა ლაპარაკი... მეორეს დავარქმევთ, პირველნახევარს, მთავარია ის, რომ კორონა არის" - პაატა იმნაძე

"ჩვენთვის არასასიამოვნო შემთხვევა გამოვლინდა ქობულეთში... მინდა გავაფრთხილო ვიზიტორები" - პაატა იმნაძე