როცა უფლის გჯერა... "ხელში კალათა ეჭირა, რომელშიც ჩვილი ბავშვი იწვა"

როცა უფლის გჯერა... "ხელში კალათა ეჭირა, რომელშიც ჩვილი ბავშვი იწვა"

ალბათ, ამ სიყვარულმაც გადაარჩინა მათი ქორწინება, თორემ ძალიან მალე გამოაშკარავდა: ბავშვობაში გადატანილი მძიმე ინფექციური დაავადების გამო, მიხა პაპა სტერილური გამხდარიყო და შვილი არასოდეს ეყოლებოდა. აძალებდა კიდეც გულგატეხილი საყვარელ ცოლს: ჯანმრთელი ქალი ხარ და მე რატომ უნდა შემაბერდე, უშვილძიროდ რად უნდა გადაშენდე, წადი და შენს ბედს ეწიე - ასეთ კარგს გათხოვება არ გაგიჭირდება და შვილებიც გეყოლებაო, მაგრამ მარო ბებომ არც მოუსმინა და მაშინვე გააწყვეტინა: შეიძლება, გათხოვება მართლა არ გამიჭირდეს, მაგრამ უშენოდ ცხოვრებას ვერ შევძლებ და ბედნიერებას ვერც დედობის სიხარული მომიტანსო...

ჯერ ისედაც სულ მარიამის ქება-დიდებაში ყოფილა მისი დედამთილ-მამამთილი: ქალი კი არა, ნამდვილი ანგელოზიაო და ამის შემდეგ სულ თვალებში უცქერდნენ თურმე და იმის ფიქრში იყვნენ, რით გაეხარებინათ მათი ვაჟისა და ოჯახის გადამრჩენელი, როგორც თავად ეძახდნენ. თანაც, მარიამ ბებო შობას ყოფილა დაბადებული და ამ დღის მადლსაც აბრალებდნენ მის გამორჩეულობას - მართლაც, ღვთის საჩუქარია და დედაღვთისას სახელსაც ამართლებსო...

შობა განსაკუთრებით უყვარდა მარო ბებოსაც და მთლიანად მათ ოჯახს. ყოველთვის დიდ სუფრას შლიდნენ ამ დღეს და ლამის მთელ სოფელს ეპატიჟებოდნენ. ყველას დააპურებდნენ და თუ ვინმეს განსაკუთრებით უჭირდა, სახლშიც გაატანდნენ სარჩო-საბადებელს.

ერთმა შობის ღამემაც რომ ჩაიარა და ყველა სტუმარი გააცილეს, ეზოდან უცნაური წკმუტუნი შემოესმათ და მალე მაროს მამამთილის ყვირილმა, რომელიც იმის სანახავად გავიდა, თუ რა გამოსცემდა ამ ხმას, ყველა გარეთ გაიყვანა...

მოხუც გიგოლას ხელში კალათა ეჭირა, რომელშიც ჩვილი ბავშვი იწვა. ორიოდე თვის გოგონას ძველ საბანში რძის ბოთლთან ერთად, წერილიც ედო: მამამ არ მაღიარა და დედას ჩემი გაზრდა არ შეუძლია. მიპატრონეთო...

უკეთესი რა უნდა ენატრა ბავშვს დანატრულ, არც ისე ახალგაზრდა ცოლ-ქმარს? მეორე დღესვე პოლიცია და ექიმები ააწრიალეს, ჩინოვნიკების კაბინეტები შემოიარეს და რადგან იმ შორეულ წლებში ნაპოვნი ჩვილის აყვანა დღევანდელივით არ ჭირდა, გოგონა იშვილეს, რომელსაც სახელად ნინო დაარქვეს საყვარელი წმინდანის პატივსაცემად...

ულამაზესი გოგო დადგა და ყველაფერი კარგად მიდიოდა, ვიდრე ნინოს მშობელი დედა არ გამოჩნდა და შვილს გონება არ აურია: მაშინ უტვინო ვიყავი და მშობლებმა მაიძულეს შენი მიტოვება. ახლა დამოუკიდებელი ქალი ვარ, ქალაქში მარტო ვცხოვრობ და შემიძლია, ყველაფერი მოგცე, რაც აქამდე ჩემგან გაკლდაო...

თოთხმეტი წლის გოგო ადვილად წამოეგო ანკესზე, გამზრდელებზე უარი თქვა და ქალაქში წავიდა. ბევრს ეხვეწა და ემუდარა დედ-მამა: მშობელ დედასთანაც იყავი და ნურც ჩვენ დაგვკარგავო, მაგრამ ნინომ და დედამისმა ახლოსაც არ გაიკარეს მიხეილი და მარიამი: არ გვჭირდებით. თქვენი არსებობა მხოლოდ ცუდ წარსულს გვახსენებსო...

მიუხედავად ამისა, გაზრდილთან კონტაქტს ყოველთვის ცდილობდნენ. მაშინაც კი, როცა გაიგეს, რომ ნინოს მშობელი დედა გარყვნილი ქალი ყოფილა და შვილსაც აურია გზა-კვალი. სკოლაც არ ჰქონდა დამთავრებული მათ ნინუცას, როცა ვიღაცამ შეაცდინა და არასრულწლოვანმა ბავშვი გააჩინა. კიდევ კარგი, იმდენი ჭკუა მაინც იხმარა, შვილი დედამისივით არ მოიძულა და სხვას არ მიუგდო. ამის შემდეგაც სთხოვდნენ გამზრდელები: ჩვენთან დაბრუნდი და ბავშვთან ერთად გიპატრონებთო, მაგრამ ისევ არ გაიგონა მათი და ცოტა ხანში, მეორე ბავშვიც ისე გააჩინა, არც მისი მამის ვინაობა იცოდა დანამდვილებით...

აიშვა და აიწყვიტა, - როგორც სოფელში ამბობდნენ და ყოველი ახალი ჭორი გულს უშანთავდა მიხეილსა და მარიამს. როგორიც უნდა ყოფილიყო, ნინო ძველებურად უყვარდათ და ეცოდებოდათ. წელიწადში რამდენჯერმე ჩანთებს პროდუქტით ავსებდნენ და რადგან გაზრდილი და დედამისი სახლში არ უშვებდნენ, კართან უტოვებდნენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი