ქუჩის ჩხუბიდან ედუარდ შევარდნაძის დაცვაში - რას იხსენებს პოლკოვნიკი ექს-პრეზიდენტსა და მის ოჯახზე

ქუჩის ჩხუბიდან ედუარდ შევარდნაძის დაცვაში - რას იხსენებს პოლკოვნიკი ექს-პრეზიდენტსა და მის ოჯახზე

ხაშურელი იური ბეჟუაშვილი 1940 წელს დაიბადა. ხაშურის პირველი საშუალო სკოლის შემდეგ მან ჯერ გორის პედაგოგიური ინსტიტუტი (ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი), შემდეგ ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (იურიდიული ფაკულტეტი), ბოლოს კი მოსკოვში კონტრდაზვერვის უმაღლესი სკოლაც დაამთავრა. მისი კარიერის აღმასვლა კი 1972 წელს დაიწყო, როდესაც მაშინდელი "ცეკას" პირველი მდივნის ედუარდ შევარდნაძის დაცვის უფროსი გახდა:

- ფიზიკურად ძალიან ძლიერი ვიყავი. ბათუმში კომბინატში ვმუშაობდი და ერთ დღესაც შემომთავაზეს კგბ-ს სკოლაში თუ წახვალო. იმ დროს ამაზე უარის თქმა სიგიჟე იქნებოდა და ბუნებრივია, დავთანხმდი. ასე მოვხვდი КГБ-ს სპეცსკოლაში, სადაც 4 წელი ვისწავლე. ერთხელ, პარაშუტით ხტომის სწავლებისას ასეთი რამე შემემთხვა. ჩვენ გვამზადებდნენ მტრის ზურგში დესანტირებისათვის, ამიტომ პრიორიტეტი დაბალი სიმაღლიდან ხტომა იყო, რაც ძალიან რთულია. მოკლედ, 800 მეტრის სიმაღლიდან გადმოვხტით მე და ჩემი მეგობარი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩვენი პარაშუტები ერთმანეთში აიხლართა, მე აღმოვჩნდი ქვევით და ის ზემოთ, ის შედარებით ახალბედა იყო, ამიტომ მე ქვემოდან მთელი ხმით ვუხსნიდი, თუ რა უნდა გაეკეთებინა, რომ მისი პარაშუტი გახსნილიყო. საბოლოოდ, მაშინ როცა მიწამდე რამდენიმე მეტრი იყო დარჩენილი, პარაშუტი გაიხსნა. როცა დავეშვით, ხელმძღვანელობამ ძალიან შემაქო და დამაჯილდოვა.

სკოლის დასრულებისას დახასიათება მომცეს, როგორც საუკეთესოთა შორის საუკეთესო. როდესაც საქართველოში წამოვედი, სკოლის უფროსი ბაიარინოვი გამომყვა, სიმართლე გითხრათ გამიკვირდა, თუმცა რამეს ხომ არ ვკითხავდი. როგორც მერე აღმოჩნდა, ჩამომყვა იმიტომ, რომ წარვედგინე გმირობაზე. ჩვენი სკოლიდან თითქმის ყოველ წელს ვიღაცას აძლევდნენ საბჭოთა კავშირის გმირის ტიტულს და იმის გამო, რომ პარაშუტით ხტომისას ასეთი სიმამაცე გამოვიჩინე, წარმადგინეს მე, თუმცა უარი განვაცხადე, რადგან მაშინ ვფიქრობდი კარიერულ წინსვლაზე და არ მინდოდა ჩემი კარიერა ამ კუთხით დასრულებულიყო, ახლა კი ვნანობ ამ პასუხს, მაგრამ მაშინ ახალგაზრდული შემართებით ვიყავი და ამიტომაც გადავწყვიტე ასე.

- ამის მერე იყო ედუარდ შევარდნაძესთან გატარებული წლები, როგორ მოხვდით მასთან?

- მეუღლესთან ერთად მარჯანიშვილის მეტროსთან ვიდექი, როდესაც ვიღაც ხულიგანმა ჩემს მეუღლეს შეურაცხყოფა მიაყენა. ვერც წარმოვიდგენდი, რომ მასთან ერთად კიდევ ოთხნი იყვნენ. მე შენიშვნა მივეცი და ვეცადე, ინციდენტი ამერიდებინა. სპეცსკოლაში ნავარჯიშევს, იმხელა უპირატესობა მქონდა იმ ახმახთან, რომ ამ უპირატესობის გამოყენება სირცხვილიც იყო. მაგრამ თავს უცებ ხუთივე დამესხა და იძულებული ვიყავი თავი დამეცვა. მოკლედ, ძალიან ვისიამოვნე (იცინის)... ყველა საავადმყოფოში მოხვდნენ, მაგრამ მეც შარში გავეხვიე. მთავარი "შარი" კი უშიშროების მრისხანე მინისტრი ალექსი ინაური იყო, რომელსაც ეს ინციდენტი არ გამორჩებოდა.

მეორე დღესვე ბატონი ინაურის კაბინეტში აღმოვჩნდი. მასთან ერთად კი კაბინეტში მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი კონსტანტინე კეთილაძეც იმყოფებოდა. აი, აქ კი სრულიად საპირისპიროდ მოხდა ყველაფერი. ინაურს, რომელმაც ინციდენტის უწვრილესი დეტალებიც კი უკვე ზეპირად იცოდა, საყვედური არც დასცდენია. პირიქით, შემაქო კიდეც. ყოჩაღ, კონტრმზვერავს ყოველთვის უნდა შეეძლოს თავის დაცვა! და ამას მოჰყვა ფრაზა, რომლის წარმოდგენაც მაშინ უბრალოდ, შეუძლებელი იყო: "ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ - დღეიდან შენ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ედუარდ შევარდნაძის დაცვის უფროსი იქნები". ედუარდ შევარდნაძე ახალი დანიშნული იყო პოსტზე. მისი დაცვის უფროსობა, იმის გარდა, რომ ძალიან მაღალი პოსტი იყო ნებისმიერი ოფიცრისთვის, უდიდესი პასუხისმგებლობაც გახლდათ, მით უმეტეს, რომ მაშინ დაცვა ისეთი მრავალრიცხოვანი არ იყო, როგორც დღეს.

- როგორ გაიხსენებდით მასთან მუშაობის პერიოდს?

- ედუარდი საოცრად კარგი პიროვნება იყო, ძალიან უშუალო, ცოლ-შვილის დიდად მოყვარული. გამუდმებით რაღაცაზე ხუმრობდა. იყო ძალიან უშიშარი. 1978 წელს, მასთან უკვე აღარ ვმუშაობდი, მაგრამ როდესაც სტადიონზე შეკრებილ ხალხთან მისვლა გადაწყვიტა, მათთან ვინც ქართულ ენის სახელმწიფო ენად გაუქმებას აპროტესტებდა, მეც გავყევი და ოდნავი შიშიც არ ეტყობოდა, არადა ფაქტობრივად, დაუცველი იყო. ძალიან ყურადღებიანი იყო, ყოველთვის ახსოვდა დაბადების დღეები და ახლობლებს ულოცავდა. დალევა არ უყვრდა, თუმცა თუ სიტუაცია მოთხოვდა, არც ამაზე ამბობდა უარს, ძალიან მაგარი მთვრალიც მინახავს და მინდა გითხრათ, რომ ფანტასტიური სიმთვრალე ჰქონდა, სულ ხუმრობდა. სამწუხაროდ, მას მერე რაც მისი დაცვიდან წამოვედი, აღარ მქონია უშუალო კონტაქტი, თუმცა დაცვის ბიჭებს ყოველთვის მოკითხვას აბარებდა ჩემთან.

- იმ პერიოდში, თქვენი სამსახური ბევრისთვის საოცნებო იყო, თქვენ კი თქვენი განცხადების საფუძველზე წამოხვედით, რატომ?

- როდესაც წასვლაზე განცხადება დავწერე, შევარდნაძემ დამიბარა: "ამ ადგილზე ათასები ოცნებობენ და შენ უარს ამბობო?". ავუხსენი, რომ ოპერატიულ სამსახურში მინდოდა მუშაობა, ედუარდმა მკითხა: "რამე დაგიშავე რომ მიდიხარო?" არა ბატონო ედუარდ-მეთქი, ვუპასუხე. "იური, გულწრფელად მითხარი, თუ მე გაწყენინე რამე, ბოდიშს მოგიხდი და დარჩიო". ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, მასთან და მის ოჯახთან ერთად აგარკზე ვისვენებდი და ყოველთვის ოჯახის წევრივით ვიყავი მათთან. ძალიან კარგი ქალი იყო მისი მეუღლე ნანული. ძალიან კარგი შვილები ყავდა მას, პაატასთან ვმეგობრობდი კიდეც.

- რაიმე ინციდენტი თუ ყოფილა როდესმე?

- ერთი რაც მახსენდება ის იყო, რომ მის შვილიშვილს ვიღაც ბიჭები აწუხებდნენ, ჩემი ბიჭები გავგზავნე და მალე მოგვარდა ყველაფერი. სხვა ისეთი არაფერი მახსენდება.

- უამრავ სტუმართან და ოფიციალურ პირთან მოგიწევდათ შეხვედრა... გასახსენებელიც ბევრი გექნებათ...

- საქართველოს 1973 წელს სსრკ ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი კირილენკო სტუმრობდა. იგი ბრეჟნევის შემდეგ მეორე პირი გახლდათ ამხელა ქვეყანაში და, აქედან გამომდინარე, უზარმაზარი ფიგურაც. თბილისში ჩამოსვლამდე მას გუდაუთაში მოუწყეს შეხვედრა და ორი დღე იქ, სამთავრობო რეზიდენციაში მოასვენეს. შევარდნაძის და კირილენკოს აპარტამენტები ერთ შენობაში იყო. ვიზიტის მეორე დღეს, დილით ძალიან ადრე, კირილენკო სასეირნოდ გამოსულა ულამაზეს ბაღში. თუმცა ბაღში გასვლამდე მას, ბუნებრივია, შენობის ჰოლი უნდა გაევლო. ჰოლში როიალი იდგა, რომელზეც დაბალ ხმაზე, ერთ-ერთ ცნობილ ინგლისურ სიმღერას ვასრულებდი (იური ბეჟუაშვილი ვირტუოზულად ფლობს ინსტრუმენტს და უაქცენტოდ საუბრობს ინგლისურად).

კირილენკოს უმალ შევარდნაძისთვის მიუმართავს და თითქმის საყვედურის კილოზე უთქვამს, რა საჭირო იყო ასეთ დროს ცნობილი მუსიკოსების მოწვევა. ხოლო, როცა აუხსნეს, რომ ეს პიროვნება შევარდნაძის დაცვის უფროსი იყო, გადარეულა კაცი, შევარდნაძე კი გაბადრული და კმაყოფილი უხსნიდა მას, რომ მისი დაცვის უფროსს ბევრად მეტიც შეეძლო. მერე, კირილენკოს მეუღლემ მთხოვა სიმღერების შესრულება და ისიც რომ დავუკარი, კმაყოფილებას ვერ მალავდნენ, მაგრამ მათზე კმაყოფილი შევარდნაძე იყო. სხვათა შორის, კირილენკოს დაცვის ორმეტრიანმა "ამალამ" იმ საღამოს პირდაპირ, მორიდების გარეშე, სმაში გამომიწვია. შევარდნაძე მიხვდა სიტუაციას და მეზობელ მაგიდასთან მჯდომს თვალის ჩაკვრით მანიშნა, მიდი აჩვენე მაგათ ქართული "კლასიო". ორიოდ საათში მაგიდასთან მხოლოდ მე და თეფშებზე თავდადებული რუსები იყვნენ, რომლებიც ორი დღე ვეღარ გააღვიძეს და სსრკ-ს მეორე პირი დაცვის გარეშე დატოვეს".

შევარდნაძესთან 5-წლიანი მუშაობის შემდეგ, იური ბეჟუაშვილი ოპერატიული მუშაობით იყო დაკავებული და პოლკოვნიკის წოდებამდეც მივიდა. ასევე გახდა იუსტიციის უფროსი მრჩეველი (ესეც პოლკოვნიკის ჩინის ტოლფასია). სხვადასხვა წლებში იყო მარნეულის, ფოთის პროკურორი და ამიერკავკასიის რკინიგზის ტრანსპორტის საგამომძიებლო სამმართველოს უფროსი. ეს სამმართველო კი საქართველოს გარდა სომხეთსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებსაც მოიცავდა. დღეს ბატონი იური პენსიონერია. უკან დარჩა მართლაც ბობოქარი ცხოვრება საოცარი დღეებით... სახლი, სადაც მოხუცი პოლკოვნიკი ცხოვრობს, ჩვეულებრივი "ხაშურული" სახლია, როგორიც იქ ყველა რიგით მოქალაქეს აქვს...

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

STOP COVID აპლიკაცია გაუქმდა - რა განმარტება გაკეთდა ჯანდაცვის სამინისტროში?

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს - ფოტოები რუსთავიდან