"იხარჯება სერიოზული თანხები და რეიტინგი ნაკლებია" - "საზოგადოებრივ მაუწყებელში" ოპტიმიზაცია იწყება

"იხარჯება სერიოზული თანხები და რეიტინგი ნაკლებია" - "საზოგადოებრივ მაუწყებელში" ოპტიმიზაცია იწყება

"საზოგადოებრივი მაუწყებელის" გენერალურ დირექტორად სამეურვეო საბჭომ რამდენიმე დღის წინ ვასილ მაღლაფერიძე აირჩია. მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ბაზრის ძირითადი მოთამაშე გახდება. მან არ გამორიცხა ცვლილებები მენეჯმენტშიც.

AMBEBI.GE-ს წყაროს ინფორმაციით, ახალმა ხელმძღვანელმა ოთხი დღის წინ სამსახურიდან გაათავისუფლა სერგი გვარჯალაძე, რომელიც მაუწყებელში კრეატიული დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად სერგი გვარჯალაძეს დავუკავშირდით, რომელმაც ფაქტი არ დაადასტურა. "არ არის მართალი" - გვარჯალაძე ჩვენთან საუბრისას ამ კომენტარით შემოიფარგლა.

ის რომ, არხზე მალე ცვლილებები განხორციელდება, ჩვენთან საუბარში დაადასტურა "საზოგადოებრივი მაუწყებელის" გენერალური დირექტორის მრჩეველმა ია ანთაძემ. თუმცა, ინფორმაცია სერგი გვარჯალაძის კრეატიული დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ არ დაადასტურა:

"არ არის ეს მართალი, ახლა მიმდინარეობს სიტუაციის შესწავლა და გადაწყვეტილებები მოგვიანებით გახდება ცნობილი. გადაწყვეტილებები კომპლექსურად იქნება მიღებული. წერტილოვანი ცვლილებები არ განხორციელდება, ყველა ცვლილება ერთმანეთთან იქნება კავშირში. რაზეც ახლა ვერ ვისაუბრებ. მესმის რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, მაგრამ გენერალური დირექტორი თავად გამოაცხადებს ყველაფერს.

- გვაქვს ინფორმაცია, რომ სერგი გვარჯალაძის გარდა, სხვა პროდუსერებსაც გაათავისუფლებთ სამსახურიდან...

- როდესაც დასრულდება სიტუაციის სიღრმისეული შესწავლა, სიტუაციის ანალიზი თვითონ გვიბიძგებს გადაწყვეტილებების მიღებისკენ. როგორიც იქნება შედეგი, გამოსავალის ძიებაც იმაზე იქნება დამყარებული. რადიკალურად უნდა შეცვალოს გამოსავალმა სიტუაცია. აქ იხარჯება საკმაოდ სერიოზული თანხები და რეიტინგი ნაკლებია. ამიტომ თანხების და კადრების ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს.

- რა მდგომარეობა დაგხვდათ "საზოგადოებრივ მაუწყებელზე"?

- ერთი შეხედვით რაც ჩანს არის პრობლემები ტექნიკური კუთხით, მატერიალური ბაზა სავალალო მდგომარეობაშია, ეს არის მისახედი და საშველი. ჯერჯერობით არ ჩანს ის რესურსი რაც მოგვცემს ტექნიკური ბაზის გადახალისების საშუალებას, ეს კი არ გვაძლევს ხარისხზე საუბრის შესაძლებლობას, ხარისხის გარეშე კი რეიტინგი ვერ იქნება. ზუსტი წარმოდგენა გადახალისებაზე მოგვიანებით გვექნება.

- ახალი გადაცემების გაკეთებას გეგმავთ?

- იქნება ახალი გადაცემებიც, რაზეც ბატონი ვასიკო გააკეთებს განცხადებას. ცნობილ ჟურნალისტებთან არ გვაქვს მოლაპარაკება.

- "საზოგადოებრივ მაუწყებელს" აქვს დიდი ბიუჯეტი, მაგრამ ამის მიუხედავად არ კეთდებოდა ხარისხიანი გადაცემები, რა იყო ამის მიზეზი?

- არხი აკეთებდა ბევრ გადაცემას და ამიტომაც არ იყო მისი ხარისხი მიმზიდველი.

- ხელფასების ოპტიმიზაციასაც გეგმავთ?

- არ ვიცი, ეს დეტალია და ესეც მთლიანობაში უნდა გადაწყდეს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი