თბილისსა და მსოფლიოში მომხდარი ავიაკატასტროფები, რომლებსაც ჩამოვარდნის ადგილზე უფრო მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ვიდრე ბორტზე

თბილისსა და მსოფლიოში მომხდარი ავიაკატასტროფები, რომლებსაც ჩამოვარდნის ადგილზე უფრო მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ვიდრე ბორტზე

2017 წლის 16 იანვარს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მასშტაბური ავიაკატასტროფა მოხდა. მანასის აეროპორტში დაჯდომისას თურქული ავიაკომპანია ACT Airlines-ის კუთვნილი Boeing 747-412F ჩამოვარდა. თვითმფრინავი ჰონკონგიდან სტამბოლში მიფრინავდა და ბიშკეკში საწვავის მარაგი უნდა შეევსო. ლაინერის ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა. წინასწარი ცნობებით, კატასტროფის მიზეზი ცუდი მეტეოპირობები გახდა. შესაძლებელია, ნისლის გამო დაბალი ხილვადობის პირობებში, პილოტმა ორიენტაცია დაკარგა.

თვითმფრინავი, რომელსაც ბორტზე 85 ტ ტვირთი ჰქონდა, კერძო დასახლების ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ნგრევას გაჩენილი ხანძარიც დაემატა. შედეგად, განადგურდა 32 საცხოვრებელი სახლი. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ დგინდება. წინასწარი ინფორმაციით, მათი რიცხვი 38-ია. 34 მათგანი - მიწაზე დაიღუპა.

სამწუხაროდ, საცხოვრებელ სახლებზე თვითმფრინავის დაცემის შემთხვევები ავიაციის ისტორიაში ადრეც ყოფილა.

თბილისში 1992 წლის 20 ივლისს უბედური შემთხვევა მოხდა. სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ავიაკატასტროფის მთავარი ფიგურანტი - ლაინერი Ту-154Б ახლადშექმნილი ქართული ავიაკომპანია Transair Georgia-ს კუთვნილება გახდა. იმ დღეს ქართული ჩაით დატვირთული თვითმფრინავი რუსეთში სტავროპოლის მხარეში მიფრინავდა. დოკუმენტებით, ბორტზე 6,4 ტ ტვირთი იყო განთავსებული. რეალურად კი მისი წონა 20 ტონით მეტი იყო. Ту-154Б დასაშვებ ნორმაზე თითქმის 2 ტონით მეტად იყო გადატვირთული. შედეგად, თვითმფრინავმა აფრენა ვერ შეძლო. ასაფრენ ბილიკს თითქმის 600 მ გაცდა და ხევში ჩავარდა. კატასტროფას ბორტზე მყოფი 24 ადამიანიდან ვერავინ გადაურჩა. კიდევ 4 ადამიანი მიწაზე დაიღუპა.

1992 წლის 4 ოქტომბერს, ჰოლანდიის დედაქალაქ ამსტერდამში სატვირთო Boeing 747-ი პრაქტიკულად აფრენისთანავე ჩამოვარდა. როგორც შემდგომ გამოძიებით დადგინდა, ლითონის "დაღლილობის" გამო, ერთ-ერთი ძრავის სამაგრი დეტალი გატყდა. ჰაერშივე მოწყვეტილი ძრავა მეორე ძრავს დაეჯახა და ისიც მოგლიჯა (ორივე მათგანი ადგილობრივ ტბაში იპოვეს). პილოტი ერთხანს თვითმფრინავზე კონტროლის შენარჩუნებას ცდილობდა, თუმცა უმართავი ლაინერი 760 მეტრიდან ჩამოვარდა და 11 სართულიან, 2000 მობინადრეზე გათვლილ საცხოვრებელ კომპლექსს დაეცა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 4 და კომპლექსში მცხოვრები 39 ადამიანი. 26-მა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.

1997 წლის 6 დეკემბერს რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი Ан-124-100-ი ირკუტსკიდან ვლადივოსტოკის გავლით ვიეტნამში მიფრინავდა. მის ბორტზე ვიეტნამისთვის განკუთვნილი ორი დაშლილი გამანადგურებელი იყო განთავსებული. დღემდე დაუდგენელი მიზეზებით, აფრენიდან 3 წამში თვითმფრინავზე ოთხიდან სამი ძრავი გაითიშა.

თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებს დაეცა. ავიაკატასტროფამ 72 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათგან 23 სატვირთო თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა. დანარჩენი 49, მათ შორის 11 ბავშვი მიწაზე დაიღუპა. კატასტროფის ოფიციალური მიზეზი დღემდე უცნობი რჩება. ძლიერი ხანძრის შედეგად დაზიანებული "შავი ყუთების" გაშიფრვა შეუძლებელი იყო.

1996 წლის 8 იანვარს საშინელი ავიაკატასტროფა მოხდა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასაში. ტრაგედია, რომელმაც 298 ადამიანი იმსხვერპლა, ბანალურმა დაუდევრობამ და გულგრილობამ განაპირობა. აფრენის წინ ტექნიკური დოკუმენტაციით დასაშვები მაქსიმალური 6,7 ტ ნაცვლად, თვითმფრინავში 11 ტ ტვირთი ჩატვირთეს. შედეგად, Moscow Airways-ის კუთვნილმა Ан-32-მა აფრენა ვერ შეძლო. თითქმის 200 კმ/სთ-ის სიჩქარით მოძრავი თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს გასცდა და აეროპორტის მოსაზღვრედ მდებარე ბაზარში შევარდა.

თვითმფრინავის პროპელერები გზად გაზონის საკრეჭი მანქანასავით ცელავდნენ ყველაფერს. სხეულები იმდენად იყო დასახიჩრებული, რომ დაღუპულებიდან მხოლოდ 66-ის იდენტიფიცირება მოხერხდა. 298 ადამიანიდან 297 მიწაზე დაიღუპა. ერთი ეკიპაჟის წევრი იყო.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

წაიკითხეთ ასევე: "სინამდვილეში არც შავია და არც ყუთის ფორმა აქვს" - რატომ ამონტაჟებენ საფრენ აპარატებში "შავ ყუთს" და რა დატვირთვა აქვს მას

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი