"ჯაბას ზრდის შეფერხება ჰქონდა - მეტრ-ნახევარსაც ვერ მიაღწია სიმაღლეში" - სიკეთე, რომელიც სასწაულს ახდენს

"ჯაბას ზრდის შეფერხება ჰქონდა - მეტრ-ნახევარსაც ვერ მიაღწია სიმაღლეში" - სიკეთე, რომელიც სასწაულს ახდენს

მარტოხელა დედამ გაზარდა ჯაბა. ავადმყოფი დაბადებულა და მამამ, როგორც კი დაიჯერა, რომ მისი შვილის პრობლემები გამოუსწორებელი იყო, "უჯიშობა" ცოლს დააბრალა, დაჰკრა ფეხი და სოფლიდან გადაიხვეწა. მას მერე ერთხელაც არ უკითხავს, გადარჩნენ თუ დაიხოცნენ მის გარეშე უნუგეშოდ დარჩენილი ქალი და ბავშვი.

ჯაბას ზრდის შეფერხება ჰქონდა - მეტრ-ნახევარსაც ვერ მიაღწია სიმაღლეში და ძვლის სისუსტის გამო, სკოლიოზიც განუვითარდა. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით უწყინარი და ძალიან კეთილი იყო, თანატოლები მაინც არ ზოგავდნენ და დასცინოდნენ: ხან კვაზიმოდო შეარქვეს და ხანაც, "კუდიანი ბერიკაცი"... ამის გამო სკოლაშიც აღარ იარა და ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ, სახლში ჩაჯდა. არასოდეს წუწუნებდა თავისი გაჭირვებისა და ტკივილების შესახებ, დღესა და ღამეს შრომაში ატარებდა, ბევრ ჯანმრთელ კაცს შეშურდებოდა მისი მოვლილი ბაღ-ვენახი და პირუტყვი. საკვები ნამდვილად არ უჭირდათ, მაგრამ ფულადი შემოსავალი, გარდა მწირი პენსიისა, არასოდეს ჰქონია დედა-შვილს. ხილსაც ყიდდნენ ზოგჯერ, ბოსტნეულსაც და ღვინო-არაყსაც, მაგრამ ისე იაფად (და უმეტესწილად ნისიად), რომ სანახევროდაც ვერ ამოჰქონდათ დანახარჯი. თანაც, ჯერ კიდევ ჯაბას პატარაობაში, დედამისი თინა თუ სადმე მშიერ ბავშვს დაინახავდა, მოაგროვებდა საჭმელ-სასმელს და მისი სახლის ჭიშკართან ისე დატოვებდა, ვინაობას არც გაამხელდა: ათას მადლობას რომ ათქმევინებ, ეგ სიკეთე აღარაა და არც უფლის წინაშე გექნება რაიმე თავის მოსაწონებელი. სიკეთე ჩუმად უნდა აკეთო და უფალმა თავად იცის, სამაგიეროდ რასაც გიწყალობებსო...

დედას კი მხოლოდ ერთი ნატვრა ჰქონდა: ჯაბას კარგად ყოფნა და უტკივილო ცხოვრება. სადღაც გულის კუნჭულში იმაზეც ოცნებობდა, რომ გამოჩნდებოდა სადმე უბრალო გოგო, ბიჭის გარეგნულ ნაკლს კი არა, მისი სულის სიღრმეს რომ დაინახავდა და მარტოობას გადაარჩენდა, მაგრამ თინა ისე გარდაიცვალა, შვილის დარდი თან გაიყოლა.

ჯაბას კიდევ უფრო გაუჭირდა დედის გარეშე. ორმოც წელიწადს მიღწეული, ბავშვივით უსუსურად გრძნობდა თავს და სანამ თავის ტკივილი არ დაეწყებოდა, ჭამაც არ ახსენდებოდა. მეორე ჯგუფის ინვალიდის ასლარიანი პენსია გადასახადებში მიუდიოდა და ზოგჯერ, უპუროდაც რჩებოდა, მაგრამ დედისგან ნასწავლებ ქველმოქმედებას მაინც არ იშლიდა და თუ რამეს მოაქუჩებდა, ხან მეზობლის დაქვრივებულ ცოლსა და დაობლებულ შვილებს უზიდავდა და ხანაც, მოხუც ბებო ნათელას, ერთადერთი შვილი რომ უცოლ-შვილოდ დაეღუპა და რომ არა ჯაბა, შიმშილითა და სიცივით მოკვდებოდა კარგა ხნის წინ...

სათავისოდ იშვიათად ფიქრობდა და იცლიდა, ლამის ტანსაცმელიც კი შემოაცვდა ტანზე და ალბათ, ამიტომ მოაკითხა ზაფხულში მეზობელმა ვერიკომ, რომელიც ძველმანებით ვაჭრობს: ახალი ფუთები ჩამომივიდა ქალაქიდან და ეს ოხერი "დუბლიონკა" ისეთი პატარა ზომის აღმოჩნდა, ვერავინ მოირგო. შენ გამახსენდი და მოგიტანე, ოც ლარად მოგცემ და უარი არ თქვა. ღვთის გლახასავით საკერებლიანი ტანსაცმლით სანამ უნდა იაროო?!

ოცი ლარიც ეძვირა ჯაბას, მაგრამ ვერიკო არ მოეშვა: დაიტოვე და არ ინანებ, ეგ ოცი ლარი კი თუ გინდა, ხუთ-ხუთი ლარობით გამისტუმრე ახალ წლამდეო...

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი