საქართველოში სასიკვდილო ავარიები თითქმის ყოველდღე ხდება - "პასუხისმგებლობა მთავრობას და პარლამენტს ენიჭება!"

საქართველოში სასიკვდილო ავარიები თითქმის ყოველდღე ხდება - "პასუხისმგებლობა მთავრობას და პარლამენტს ენიჭება!"

თითქმის დღე არ გადის, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მომხდარი შემზარავი ავარიის შესახებ არ შევიტყოთ, რომელიც სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში მსხვერპლით სრულდება. გორი, სიღნაღი, წნორი, ფოთი, რუსთავი, თბილისი... - ეს იმ ადგილების არასრული ჩამონათვალია, სადაც მხოლოდ იანვრის თვეში მომხდარ ავარიებს 25-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემები საგანგაშოა: 2016 წელს, საქართველოში 6 939 რეგისტრირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 581 და დაშავდა 9 951 ადამიანი.

გუშინ, 24 იანვარს ღამით კიდევ ერთი შემზარავი შემთხვევა მოხდა თბილისში: თავისუფლების მოედანთან ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. დაიღუპა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც შემთხვევის დროს ტაქსით გადაადგილდებოდა. თვითმხილველთა თქმით, ავარია "მერსედესის" მარკის ჯიპის მძღოლის მიზეზით მოხდა, რომელიც მანქანას სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში, გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა.

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებად მანევრირების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და საავტომობილო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვა სახელდება. თემაზე სასაუბროდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტებს მივმართეთ.

ეკა ლალიაშვილი, "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის":

"არასწორი მანევრირება, სიჩქარი გადაჭარბება, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა - ეს ის მიზეზებია რის გამოც საქართველოში საგზაო შემთხვევებმა იმატა. 2016 წელს 10 თვის განმავლობაში 170 000 ჯარიმაა გამოწერილი სიჩქარის გადამეტების გამო. როცა ვსაუბრობთ ნასვამობაზე, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ოფიციალური სტატისტიკით ეს არის მეორე მიზეზი. პირველი მკვლელი კი არის სიჩქარის გადამეტება. სტატისტიკურად ძირითადი ნაწილი კი მოდის თბილისზე.

- ხომ არ არის საჭირო კანონების გამკაცრება ან საპატრულო პოლიციის პასუხისმგებლობის გაზრდა?

- 2015 წელს არის გამოწერილი მილიონნახევარი ადმინისტრაციული ჯარიმა, ეს დღეში არის 3 500 ადმინისტრაციული ჯარიმა, შსს-ში კი აცხადებენ, რომ არ არის პატრულის საკმარისი ადამიანური რესურსი ყველა დამრღვევი რომ დაჯარიმდეს. მთავარი არის, განცდა შეიქმნას ქვეყანაში იმისა, რომ დამრღვევი ჯარიმდება. აუცილებელია სხვა საშუალებებიც დავნერგოთ, შემოვიტანოთ "ჭკვიანი კამერები" და სხვა, რათა საგზაო უბედურება როგორმე შევამციროთ. საქართველოში მილიონზე მეტი მანქანაა დარეგისტრირებული და დაახლოებით მილიონი აქტიური მძღოლი გვყავს, რეალურად გვჭირდება თანამედროვე კონტოლის მექანიზმები, გვჭირდება ქულათა სისტემა.

წაიკითხეთ: გახშირებული ავარიები, "ჭკვიანი კამერები" და ცვლილებები მართვის მოწმობის აღებაში - შს მინისტრის მოადგილის პასუხები კითხვებზე, რომლებიც გაქვთ

ნასვამობაზე როცა ადამიანები იხდიან ჯარიმას, მე თუ მაქვს ფინანსური შესაძლებლობა, დავარღვევ კანონს, გადავიხდი ჯარიმას და ისევ გავაგრძელებ მანქანის ტარებას, მაგრამ ქულათა სისტემის შემოღების შემთხვევაში, როცა ყოველ დარღვევაზე ქულა დაგაკლდება და შემდეგ მართვის მოწმობა ჩამოგერთმევა, უფრო ფრთხილად იქნები, რაიმე შეცდომა რომ არ დაუშვა, რადგან მართვის მოწმობის ჩამორთმევით უამრავი პირადი თუ სამსახურებრივი საქმე გაგიფუჭდება. იმედია თებერვალში პარლამენტი ამ კანონს განიხილავს. როცა ერთ წელზე მეტია გაჭედილია ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონი, გზებზე მომხდარზე პასუხისმგებლობა მთავრობას და პარლამენტს ენიჭება!

- საგანგაშოა სტატისტიკა გზებზე ბავშვების სიკვდილიანობის მხრივ. როგორ და რა ფორმით არის დაცული ბავშვების უსაფრთხოება?

- ჩვენთან მგზავრების უსაფრთხოება კანონით დაუცველია. კანონში წერია, რომ უკანა სავარძელზე არასრულწლოვანს შეუძლია 3 წლამდე ბავშვი კალთაში ჩაიჯინოს, ხოლო უბედური შემთხვევის დროს ორივე ბავშვი სასიკვდილოდ განწირულია. ბავშვი თავისი ზომისა და წონის მიხედვით აუცილებლად უნდა იჯდეს სავარძელში. ვიცით, რომ ავტოპარკი არის მოძველებული და ამ ძველ მანქანებში ღვედების გარეშე ბავშვებს აშკარა საფრთხე ემუქრებათ. 2015 წელს 28 ბავშვი დაიღუპა, ვერ გეტყვით, რომელი იყო მგზავრი და რომელი ქვეითი, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ქვეითთა უფლებებიც არ არის დაცული.

ასევე წაიკითხეთ: რამდენ მძღოლს ჩამოერთვა საქართველოში მართვის მოწმობა სიმთვრალის გამო გასულ წელს

სკოლებში გვაქვს საგზაო უსაფრთხოების სწავლება, თუმცა ეს არ არის საკმარისი. 600 ადამიანი წლის განმავლობაში ავტოავარიის შედეგად იღუპება, მსგავსი მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა არც გაზის გაჟონვით და არც სხვა არაბუნებრივი სიკვდილის დაფიქსირებისას.

ასევე უნდა გამკაცრდეს გამოცდის ჩაბარება და აღსანიშნავია, რომ ქალაქში მამაკაცი მძღოლები უფრო აგრესიულები არიან, ვიდრე ქალბატონები, ისინი აგრესიულობით უფრო არღვევენ კანონს და ამას სტატისტიკაც აჩვენებს. ქალბატონებმა შეიძლება რაიმეს არცოდნით დაარღვიონ კანონი, თუმცა, ისინი სიჩქარის გადამეტების და სხვა სიცოცხლისთვის საშიშ დარღვევებს არ აჩვენებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "მძღოლი, გზა, სამართლის" პრეზიდენტი რობერტ იანტბელიძე:

- საპატრულო პოლიციას არავითარი პასუხისმგებლობა არ გააჩნია საგზაო შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით. საპატრულო პოლიციის რაიონული თუ რეგიონული დანაყოფის უფროსი, პასუხისმგებელი უნდა იყოს მის მონაკვეთში მომხდარ საგზაო შემთხვევებზე. ეს პასუხსმგებლობა დღეს არავის არ გააჩნია და არ ანაღვლებთ, რადგან მათ არ ემუქრებათ თანამდებობის დატოვება. ვერავითარი კანონის გამკაცრება ვერ უშველის, თუ არ დადგა საპატრული პოლიციის პასუხისმგელობის საკითხი. მთავრობა პრობლემის მოგვარებას არასწორი გზით იწყებს. საპატრულო პოლიციას უნდა ჩაეწეროს კანონში, რომ ის ვალდებულია ავტოსაგზაო შემთხვევების პასუხისმგებლობაზე და პოსტფაქტუმ კი არ უნდა მიდიოდეს, მანამდე უნდა აკეთებდეს პრევენციულ ქმედებებს. როცა მე პოლიციის უფროსი ვარ და არ მადარდებს ჩემს მონაკვეთში 1 კაცი დაუღუპება თუ 10, ეს არის უპასუხისმგებლობა.

პატრული კი დღეს შემთხვევის შემდეგ მიდის დანაშაულის ადგილზე, შემოსაზღვრავენ შემთხვევის ადგილს, მიიღებენ მეთაურისგან განკარგულებას როგორ უნდა მოიქცნენ, აღწერენ შემთხვევის ადგილს და ამით მთავრდება.

მეორე საკითხი, არის მძღოლების მომზადება. ევროკავშირში მძღოლების მომზადება უფრო პროფესიონალურად ხდება. ჩვენთან კი უნდათ ახალბედა მძღოლები გმირთა მოედანზე გამოიყვანონ და ასე ჩააბარებინონ გამოცდა და ისინი აუცლებლად ჩაიჭრებიან, რადგან ჩვენთან არ არის მოძრაობა მოწესრიგებული და ვინ იცის, გამოცდის დროს რომელი გიჟი ჩაუჭრის გზას. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ტერიტორია, სადაც ის შეძლებს მძღოლები პროფესიონალურად მოამზადოს და მათ არ დასჭირდებათ კერძოდ მომზადება, საკითხების დაზეპირება და შემდეგ გამოცდებზე გასვლა.

მნიშვნელოვანია, რომ ავარიათა უმეტესი ნაწილი სიჩქარის გადამეტებით ხდება, ხოლო შემდეგი პრობლემა არაფხიზელი მდგომარეობაა, ეს კი შეგნებულად ჩადენილი დანაშაულია და ჩემი აზრით, სანქცია ამ დანაშაულზე უნდა გამკაცრდეს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ საგზაო ნიშნები არასწორადაა გზებზე განთავსებული. ხოლო ამ საგზაო ნიშნებთან ვიდეოთვალია დაყენებული და როცა ჩვენ ვარღვევთ წესს, ვიდეოთვალი გვაფიქსირებს და ჯარიმაც გვეწერება. ასევე უნდა გადაიხედოს შსს-ს ვებ გვერდი, სადაც ზოგიერთ ტესტი არასწორადაა შედგენილი. ეს ნიშნავს, რომ შსს-ს გვერდზე მოძრაობის არასწორ წესებს ვსწავლობთ.

ეკა გადახაბაძე

AMBEBI.GE

რა აცვიათ სასწრაფოს ექიმებს, რომლებიც აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეებს ამოწმებენ და თქვა თუ არა უარი მათმა ნაწილმა სამუშაოს შესრულებაზე

როგორია ქვიშხეთთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა

"ვირუსის გამო, შესაძლოა, გამკაცრდეს ტრანზიტული ქვეყნებიდან მგზავრების კონტროლი" - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადება