რა დანაშაულებებს ჩადიოდნენ საქართველოში მე-20 საუკუნის დასაწყისში - "26 წლის ლამაზმა ქალიშვილმა ოფიცერს ძმარმჟავა შეასხა"

რა დანაშაულებებს ჩადიოდნენ საქართველოში მე-20 საუკუნის დასაწყისში - "26 წლის ლამაზმა ქალიშვილმა ოფიცერს ძმარმჟავა შეასხა"

როგორ ცხოვრობდნენ საუკუნის წინანდელ საქართველოში; რა ხდებოდა, რა აწუხებდათ და როგორი იყო მაშინდელი ყოველდღიურობა...

საინტერესოა რას წერდა მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართული პრესა იმდროინდელ კრიმინალურ ფაქტებზე. გთავაზობთ ამონარიდებს ეროვნული ბიბილითეკის არქივში დაცული სხვადასხვა გაზეთებიდან, რომლებიც ძველი თბილისის (და არა მხოლოდ) კრიმინალურ ქრონიკებზე მოგვითხრობს:

1915 წელი, გაზეთი "თანამედროვე აზრი":

"ხორცის დაწესებულ ფასზე მეტად გაყიდვისთვის 100-100 მანეთით დააჯარიმეს მოვაჭრეები ქიტესა იაშვილი და დათიკო ტატაპაშვილი"

"თბილისის პოლიცმეისტერმა ბოქაულებს დაავალა, გამოარკვიონ ბოლო დროს გახშირებული ქურდობის მიზეზები. მისი აზრით, ქურდობის მიზეზი მეეზოვეები არიან, რომლებიც თავიანთ საქმეს რიგიანად ვერ ასრულებენ. პოლიცმეისტერმა გასცა ბრძანება, რომ სახლის მეპატრონეებმა მეეზოვეები, რომლებიც ამავე დროს ეზოს მცველების ფუნქციას ასრულებენ, კერძო საქმეზე არ უნდა მოაცდინონ."

"ვინმე მიხანოვმა განცხადება შეიტანა ქალაქის თვითმმართველობაში და ნებართვა ითხოვა ერევნის მოედნიდან პეტრე დიდის ქუჩის გავლით ფუნიკულიორამდე მიმოსვლა მოაწყოს, რომელიც ივლის დილის 12 საათიდან საღამოს 8 საათამდე." იქითობის ფასი იქნება 3 შაური, აქეთობას შაური. ის ასევე ითხოვს უსაფრთხოების ზომებს, ვინაიდან ამ ბოლო დროს თბილისის გზები მეტად სახიფათო გახდა".

"მეხუთე დღეა უკვალოდ დაიკარგა პირველი საპოლიციო უბნის თანაშემწე სელეცკი. შესაძლოა, ის მასზედ გაბრაზებულმა მოსახლეობამ მოკლა..."

"ძველი ტანისამოსით მოვაჭრეების შესახებ თბილისის პოლიცმეისტერმა ბრძანება გამოსცა, რომლითაც ძველმანებით ვაჭრობას და ეზოებში წანწალს უკრძალავს მათ, ვისაც ამის შესაფერისი ნებართვა და ნიშანი არ გააჩნია. ბრძანება გამოიწვია ტანისამოსის გახშირებულმა ქურდობამ."

კიდევ ერთი საინტერესო კრიმინალური შემთხვევა, რომლის შესახებაც "ქართული გაზეთი" წერს, 1911 წლის ნოემბერში, ბათუმში მოხდა. ბათუმის ამბების რუბრიკაში გაზეთი წერს:

"რკინიგზის სადგურში, მესამე კლასის დარბაზში 26 წლის, ლამაზმა ქალიშვილმა, რომელსაც თან პატარა ბოღჩა ჰქონდა, ჟანდარმერიის უნტერ ოფიცერ სავენკოს, არც მეტი და არც ნაკლები, ძმარმჟავა შეასხა სახეში; ეს იყო იულია ეგოროვა. ის დააპატიმრეს. ტუსაღი რკინიგზის სამმართველოს კორპუსის პოლკოვნიკმა, დემინმა გაჩხრიკა და შეადგინა ოქმი. იულიას აღმოაჩნდა: - თბილისის საგუბერნიო ციხის კვიტანცია 60 კაპიკის მიღებაზე; ქაღალდის ნაფლეთი მისამართით ново-чертовская улица ЧУМВУРИДЗЕ; ასევე ნაფლეთი მისამართით: ძველი-თფილისის ქუჩა. ჭუმბურიძე; ასევე ნაფლეთი წარწერით - "გეგუთის ქუჩა, ილია ოტიას ძე მასხარაშვილი"; ასევე, ბაღის ქუჩის მეორე შესახვევი, პელაგია ლორია. საკუთარი სახლი; ასევე მარგანეცის მწარმოებელი ზდანოვიჩი; ახალქალაქი მენდელეევის ქუჩა აშკიროვი; მეჩეთის ქუჩა, გალადინის სახლი-გოლდენბერგი; ასევე ოლდემბურგის ქუჩა რადზევიჩი, ფოსტის გვერდით; ასევე პატარა ბაზრის ქუჩა, გავრილოვის სახლი, ბინა # 9; ასევე ექიმი კაკიშელაშვილი, პუშკინის ქუჩა, ვიტუშინსკის აფთიაქთან, ხოლო მეორე მხარეს - გაზეთ "კოლხიდას" რედაქცია. ელექტრო-თეატრ "თამარის" წინ, ბალახვანის ქუჩა, სილოვან თომას ძე ხუნდაძე.

როგორც შემდეგ ირკვევა, მას აღმოუჩინეს ქაღალდის ნაფლეთი, სადაც ორივე მხარეს არის შავად ნაწერი თხოვნა ბაქოს საოლქო პროკურორის სახელზე, სადაც ის უნტერ ოფიცერს - გავრილ ლევიცკის ადანაშაულებს უღირს საქციელში მატარებლით მგზავრობისას, მეორე მხარეს არის სია; უნტ. ოფ შლახოვი. უფრ. უნტ. ოფ ლევიცკი. უმც. უნტ. ოფ აქვსენტი ტირბა, მოწმე ტარახჩევი, ახალციხე. ლაზარე აბრაშევი, მცხოვრები ტიფლისში და ნიკოლოზ მარკოვი.

კიდევ ერთი წერილში ასე ეწერა თურმე, - ღმერთო ჩემო, როგორ გამიხარდა თქვენი თავისუფლება... ო, როდის გამოვაღწევ მე ამ ჯოჯოხეთიდან! მე ხომ, იულიჩკა, გარეთ დამრჩა ყველაზე ძვირფასი და წმინდა. დამრჩა უსაყვარლესი ადამიანი (ის-ის იყო ჯვრისწერას ვაპირებდით, როდესაც მოულოდნელად დამაპატიმრეს). ის პეტერბურგში პოლიტექნიკურ კურსებზე სწავლობს, ახლა იანვრამდე სახლშია. ჩემი სამშობლოა ვორონეჟის გუბერნია, ქალაქი ბირიუჩი. თუ მოახერხოთ, მას გადაუგზავნეთ ჩემი წერილი, მადლიერი დაგრჩებით. ახლა კი აიღეთ თქვენი კორსეტი და სარჩულზე ფანქრით დაწერეთ მისამართი. ვორონეჟის გუბერნია, ქალაქი ბირიუჩი. ვსევოლოდ ემანუელის ძე ორლოვი.

თუ გახვალთ ციხიდან, გაუგზავნეთ მას ჩემი წერილი... კორსეტიდან ამოაგდეთ ჩხირი. მე დავწერ წერილს, დავახვევ წვრილად და ხვალ დილით კარის ქვეშ შემოგიცურებ. თქვენ აკურატულად ჩადეთ ის ჩხირის ადგილას და ისევ ამოკერეთ კორსეტი. ნემსსა და ძაფს მე მოგცემთ. სხვანაირად არ შეიძლება. ასე ადრეც ხშირად გამიგზავნია. მოკითხვა და მადლობა ანიუტასაგან... თუ თქვენ დღეს გამოგიშვებენ და მე ვერ მოვასწრებ წერილის დაწერას, გთხოვ, ნახო ჩემი საქმრო და სიტყვიერად გადასცე, რომ მამაჩემს უთხრას, გამოაგზავნოს თხოვნის ასლი, იცის რომელი, და რომ ციხის უფროსს მოსთხოვოს თხოვნას დაურთოს ციხეში ჩემი ყოფაქცევის დახასიათება. თუ თანახმა ხართ, ოთხჯერ დააკაკუნეთ კედელზე. მადლობა თქვენ. როგორ მინდა მალე აღმოვჩნდე სახლში, ჯერ კი მაგრად გართმევთ ხელს, ძვირფასო იულია".

"ქუთაისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსის თანაშემწე ბათუმის ოლქში. - გთხოვთ, გასცეთ განკარგულება, რათა მაცნობონ, იჯდა თუ არა სიმფეროპოლის ციხეში იულია ეგოროვა; თუკი იჯდა - რა საქმისთვის, როდის იმყოფებოდა და რითი დასრულდა საქმე, გაასახლეს თუ არა ქალაქ ქუთაისში, რა მონაცემები გაქვთ მასზე. 1911 წლის 15 ნოემბერი".

პასუხი: - "ქუთაისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსის თანაშემწეს ბათუმის ოლქში: - 1910 წელს ქალაქ სევასტოპოლიდან გასახლებული კოლეჟის რეგისტრატორის ქალიშვილი, იულია ეგოროვა, წლის დასაწყისში შედგა საიდუმლო აგენტ-დამსმენად სოციალ-რევოლუციონერების პარტიაში. სამმართველოში ჩემი მუშაობის პერიოდში, მხილებულ იქნა იმაში, რომ მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ პირებზე გასცემდა სამმართველოს ფილერებს (მაძებრებს). ამიტომაც მას შესთავაზეს გამგზავრებულიყო სიმფეროპოლიდან 21 აპრილს. ის გზიდან გამობრუნდა სიმფეროპოლში და ჩემს თანაშემწეს, როტმისტრ ლეუსუს, რომელსაც ის თვლიდა დამნაშავედ მის გასახლებაში, შურისძიების მიზნით ქვებით დაუმსხვრია ბინის ფანჯრები. ამის შემდეგ ეგოროვა დაპატიმრებულ იქნა 24 აპრილს და გასახლებულ იქნა თავრიზის გუბერნიიდან. მას მიეცა უფლება დედაქალაქის გარდა აერჩია ადგილი ორი წლით და ის გაემგზავრა ქალაქ ქუთაისში და მასზე დაწესდა თვალთვალი.

თავრიზის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსი, პოდპოლკოვნიკი. 1912 წლის 23 ნოემბერი".

"ამა წლის 14 ნოემბერს, ბათუმში, დილის 8 საათზე, III კლასის დარბაზში იდგა ჟანდარმერიის უნტერ ოფიცერი - სავენკო. მასთან მივიდა ვიღაც უცნობი ქალი და სახეში შეასხა სითხე, როგორც შემდეგ გაირკვა, ძმრის ესენცია. საავადმყოფოში წაყვანილი სავენკო მეორე დღეს გამოეწერა. ქალი კი - დააკავეს. მან უარი განაცხადა თავისი საქციელის ახსნაზე...

როგორც პოლკოვნიკი წერს, მას ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა დღიური, რომლითაც ირკვევა, რომ ის თავს მიაკუთვნებს ანარქისტების პარტიას. შემდეგ, მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის კავკასიის მეფისნაცვალმა თანხმობა მისცა იულია ეგოროვას პატიმრობის ვადის ერთი თვით გაგრძელებას, რის შესახებაც კანცელარია, გენერალ-ადიუტანტის, გრაფ ვორონცოვ-დაშკოვის დავალებით აცნობებს მის აღმატებულებას ბათუმის გუბერნატორს"

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი