როგორ დგინდება, ხელოვნურად გაჩნდა თუ არა ხანძარი და რა სისწრაფით ვრცელდება ცეცხლი - მეხანძრეების ვერსიები "ბავშვთა სამყაროში" მომხდარზე

როგორ დგინდება, ხელოვნურად გაჩნდა თუ არა ხანძარი და რა სისწრაფით ვრცელდება ცეცხლი - მეხანძრეების ვერსიები "ბავშვთა სამყაროში" მომხდარზე

30 იანვარს გამთენიისას, "ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს ათასობით კვადრატული მეტრის ტერიტორია და ასობით ადამიანის ქონება შეეწირა. ხანძრის ლოკალიზება თითქმის 10-საათიანი მცდელობის შემდეგ მოხერხდა. თუმცა, სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდებარე ტერიტორიაზე 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად იყვნენ დაზარალებული მოვაჭრეები, რომლებიც "ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიაზე შესვლას და გადარჩენილი ნივთების გამოტანას ითხოვდნენ.

მოვაჭრეების ნაწილი ფიქრობს, რომ ხანძარი ხელოვნურად გაჩნდა. "ბავშვთა სამყაროს" დირექტორი გიორგი მაჭავარიანი ეჭვობს, რომ შენობაში ხანძარი დივერსიული აქტის შედეგად გაჩნდა. ამის შესახებ მაჭავარიანმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, მაღაზიის დაკეტვის შემდეგ შენობაში ელექტროენერგია ითიშებოდა და, შესაბამისად, არავითარი კერა არ არსებობდა, რომ "ბავშვთა სამყაროში" ხანძარი გაჩენილიყო. "ჩვენ მტერი არ გვყავს, მაგრამ ახლა რაღაცები იკვეთება და ცოტა ეჭვები გვაქვს. ამხელა ხანძარი რომ გაჩნდა, მაქვს ეჭვი, რომ რაღაც დივერსიას ჰქონდა ადგილი", - განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა.

ბავშვთა სამყაროში ხანძრის გაჩენის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში ყოფილი მეხანძრეები ამბობენ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც გამოძიებამ დეტალურად უნდა შეისწავლოს.

თამაზ მახარაძე, ყოფილი მეხანძრე: ყველაფერი შესაძლებელია. შეიძლება ხანძარი დაუდევრობის გამო გაჩნდა, მაგრამ ამხელა ტერიტორიის მთლიანად დაწვა ეჭვს ბადებს. როგორც ვიცით, იქ სხვადასხვა სახის საქონელი იყო, სამწუხაროდ მარტივად აალებადი და რადგანაც დიდი სივრცე იყო, ცეცხლის უცებ წაეკიდა და ყველაფერი დაიწვა. ნუთუ გამვლელი არავინ იყო, რომ დროულად გამოეძახათ სახანძრო? როცა ასეთ დიდი სივრცეში ხანძარი ჩნდება, ცეცხლს მეტად აქვს გავრცელების საშუალება, მით უმეტეს, რომ აქ ბევრი "საკვები" ჰქონდა, ანუ ის მარტივად აალებადი საქონელი, რაც სავაჭრო ცენტრში იყო.

ისიც ითქვა, სახანძროს მანქანები მივიდნენ და წყალი არ ჰქონდათო, ეგ სისულელეა, მეხანძრე უწყლოდ მივიდოდა? მანქანაში სამტონანახევარი წყალია და როცა ასეთი ძლიერი ხანძარია, ლულა ძლიერად მუშაობს და წყალი 3-4 წუთში იცლება, ეს კი ხალხმა არ იცის. ამას გარდა, ძლიერი ხანძრის დროს სიმხურვალეც დიდია და როცა წყალს ზემოდან ასხამენ, ის ორთქლდება და ცეცხლთან აღარ მიდის".

ვეტერანი მეხანძრის, ალექსანდრე რეკვავას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხანძარი ხელოვნურად გაჩნდა, ცეცხლის გაჩენის ადგილზე სავარაუდოდ დარჩენილი იქნება კვალი.

- ადრე იყო კვლევითი სახელმწიფო ლაბორატორია, რომელიც იკვლევდა ხანძრის მიზეზებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ერთი მოვაჭრის ნათქვამს, რომ ვიღაცამ ძალით გააჩინა ცეცხლი, ვერ დავეყრდნობით. სხვა სავაჭრო ცენტრის აშენება რომ უნდოდეთ, შენობას კი არ დაწვავდნენ, სხვა ადგილას გადაიტანდნენ, მაგრამ ამ ყველაფერს ექსპერტიზა დაადგენს. იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლი ვინმემ გააჩინა, ხანძრის გაჩენის ადგილზე უნდა იყოს აალებადი ან წვადი ნივთიერების კვალი, მაგალითად ბენზინის, ნავთის და ა.შ.

იმასაც ამბობენ, რომ სახანძრომ მოსვლა დააგვიანაო, ძალიან დიდი ხანი ვმუშაობდი მეხანაძრედ და ხშირად გვქონია შემთხვევა, როცა ხალხს უსაყვედურია დაგვიანებით მისვლა, ამიტომ ჩავატარეთ ექსპერიმენტი, ერთდროულად შეტყობინება გავუგზავნეთ სასწრაფოს, სახანძროსა და მილიციის ქვედანაყოფს, როგორც წესი, პირველი სულ სახანძრო მოდიოდა. ხშირია, როცა ხანძარია, რაღაც იწვის, ხალხი უყურებს და შეტყობინება არ არის, არადა აუცილებელია იმ წუთასვე დარეკონ და სახანძრო გამოიძახონ.

- შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხანძრის ქრობიდან 5 წუთში ცეცხლი გავრცელდა "ბავშვთა სამყაროს" მთლიან შენობაზე. რამდენად შესაძლებელია და როგორ ხდება ასეთ მასშტაბზე ცეცხლის ასე სწრაფად გავრცელება?

- არსებობს ხანძრის გავრცელების სიჩქარე იმის მიხედვით, თუ სად არის ხანძარი, ღია თუ დახურულ სივრცეში. ხანძრის გავრცელების სიჩქარე 1 წუთში შეიძლება იყოს 1 ან 2 მეტრი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ჩავთვალოთ, 1 მეტრი წუთში და ეს თუ ასე იყო, 3000-დან 10000კვ მეტრამდე ფართობზე ხანძარი 15-20 წუთში ვერ გავრცელდებოდა, ამას გაცილებით მეტი დრო სჭირდება.

ზოგადად კი, არსებობს 5 პრინციპი, რომელიც გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ, თუ რა მიმართულებით ვაწარმოოთ ხანძრის ქრობა, თუ საფრთხე ემუქრება ადამიანებს, მაშინ მთელი ძალები მობილიზებული უნდა იყოს მათ უსაფრთხოებაზე, თუ არსებობს ნგრევისა და აფეთქების საშიშროება, ჯერ ყველაფერი კეთდება ამის აღსაკვეთად, შემდეგ კი ხანძრის ჩასაქრობად, თუ მოსალოდნელია ხანძრის გავრცელება უფრო მნიშვნელოვან უბანზე, მაშინ მთელი ძალები მობილიზებული იქნება იმ უბნის დასაცავად. მეხუთე პრინციპი ყველაზე იოლია, თუ იწვის ცალკე მდგომი შენობა, მთელი ძალები მიმართულია ამ შენობის გადარჩენისკენ.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი