"ეს იქნება პროცესი, რომელსაც კანონის მიხედვით, მასობრივი დათხოვნა ჰქვია" - ია ანთაძე

"ეს იქნება პროცესი, რომელსაც კანონის მიხედვით, მასობრივი დათხოვნა ჰქვია" - ია ანთაძე

"ეს იქნება პროცესი, რომელსაც კანონის მიხედვით, მასობრივი დათხოვნა ჰქვია, თუმცა ეს იქნება ამ ეტაპზე რამდენიმე თვის განმავლობაში, სანამ მიმდინარეობს რეფორმის ეტაპი" - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველმა ია ანთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ია ანთაძემ განმარტა, საზოგადოებრივ მაუწყებელში არავითარი სია არ არსებობს იმ პირების, ვინც სამსახურიდან უნდა გაუშვან, თუმცა მისივე თქმით, გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, გარკვეული ცვლილება განხორციელდება და თუ რამდენიმე გადაცემა გაუქმდა, მოხდება ამ გადაცემაზე დასაქმებული პირების გათავისუფლებაც.

"სამეურვეო საბჭოში შეტანილია სტრუქტურულ ცვლილებასთან დაკავშირებული დოკუმენტი, რომელიც ბორდმა უნდა დაამტკიცოს. სტრუქტურა პრინციპულად არ იცვლება, თუმცა, სტრუქტურაში ცვლილება თავისთავად გულისხმობს გარკვეულ ცვლილებებს თანამშრომლების კუთხით და გადაცემის კუთხით და ეს არის და ეს. სია ადამიანების, ვინც შეიძლება არ იმუშაოს, არ არსებობს და არ შეიძლება ასეთი სია არსებობდეს. მაგალითად, თუ სტრუქტურიდან ამოვარდა, მაგალითად, მედიაწარმოების ბლოკი და თუ ამას მხარი დაუჭირა ბორდმა, ეს ნიშნავს, რომ ვინც მედიაწარმოების ბლოკში მუშაობდა, ისინი შეიჩერებენ უფლებამოსილებას. ეს იქნება პროცესი, რომელსაც კანონის მიხედვით მასობრივი დათხოვნა ჰქვია, თუმცა ეს იქნება ამ ეტაპზე რამდენიმე თვის განმავლობაში, სანამ მიმდინარეობს რეფორმის ეტაპი. ყველაფერი არის და იქნება კანონის კალაპოტში", - განაცხადა ია ანთაძემ.

ია ანთაძემ კომენტარი გააკეთა ასევე შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით. როგორც მან განმარტა, არავითარი ინტერესი შენობის მიმართ არ არსებობს და შენობა საზოგადოებრივი მაუწყებლის კუთვნილებაში რჩება.

"არავითარი ინტერესი შენობის მიმართ არ არსებობს. ჩვენ ერთ თვეში მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მაუწყებლის მენეჯმენტმა ათეულობით თვის განმავლობაში ვერ მიიღო. ეს შენობა ამორტიზებულია, ის დენით თბება, რაც ხანძარსაშიშ გარემოს ქმნის, ასევე აძვირებს პროდუქტს, რომელიც ამ შენობაში მზადდება. აქ რეაბილიტაცია გამორიცხულია და არავითარი გაკეთილშობილება შენობის არ იგეგმება. აქედან გამომდინარე, საუბარი იყო სხვა ტერიტორიაზე. ამ შენობის უკან არსებობს ე.წ. მესამე კორპუსი, რომელიც შემოწმდა და ჯანსაღია და საქართველოში უნიკალური სტუდია აქვს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეფორმის გეგმის განხორციელების შემთხვევაში, პირველი, რაც მოხდება, შენობის მომზადება დაიწყება. რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებულ შენობას, სადაც განთავსებულია ამჟამად, ეს შენობა საზოგადოებრივი მაუწყებლის კუთვნილებაში რჩება და შენობას ის ბედი ელის, რასაც ბორდი და მენეჯმენტი გადაწყვეტს", - განაცხადა ია ანთაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი