"15 წელი აღარ ვმკურნალობდით, ხელი ჩაქნეული გვქონდა..." - რას ყვება ქობულეთელი ქალი, რომელიც 59 წლის ასაკში პირველად გახდა დედა

"15 წელი აღარ ვმკურნალობდით, ხელი ჩაქნეული გვქონდა..." - რას ყვება ქობულეთელი ქალი, რომელიც 59 წლის ასაკში პირველად გახდა დედა

ქობულეთში მცხოვრები ნათელა ლაზიშვილი, რომელმაც 59 წლის ასაკში პირველი შვილი გააჩინა, თავს კარგად გრძნობს და ჩვილზე ზრუნვითაა დაკავებული. AMBEBI.GE ნათელა ლაზიშვილს დაუკავშირდა და 33 წლის ნანატრი შვილის დაბადებით გამოწვეული ემოციების შესახებ ესაუბრა:

"მე და გურამი 33 წლის წინ დავქორწინდით. შვილის გაჩენა თავიდანვე გვინდოდა, პირველ წლებში სამჯერ დავფეხმძიმდი, მაგრამ სამწუხაროდ, სამივეჯერ მომეშალა მუცელი.

ქორწინებიდან 5 წლის შემდეგ დავიწყეთ მკურნალობა. სად აღარ ვიყავით, მთელი საქართველო შემოვიარეთ. თბილისისა და ბათუმის კლინიკებში უშედეგო მკურნალობის შემდეგ კერძო ექიმებთან თუ ექიმბაშებთანაც დავდიოდით. ყველა ხერხი ვცადეთ, რაც კი შეიძლებოდა გვეცადა.

ყველა მკურნალობის შემდეგ იყო ძალიან დიდი იმედგაცრუება. ბოლო 15 წელი ხელი ჩაქნეული გვქონდა. მე და ჩემი მეუღლე შევეგუეთ იმ აზრს, რომ შვილი არ გაგვიჩნდებოდა და სამკურნალოდ სიარულსაც შევეშვით.

გასულ წელს, გავიგეთ, რომ ბათუმში გაიხსნა თურქული კლინიკა, სადაც ინვიტრო განაყოფიერებით შესაძლებელი იყო შვილის გაჩენა. ექიმ მაიკო ბუცხრიკიძესთან მივედით სამკურნალოდ და ერთი თვის შემდეგ გავიგეთ, რომ ჩვენი ამდენწლიანი ნატვრა, ოცნება და ცხოვრებისეული მიზანი სრულდებოდა - ფეხმძიმედ ვიყავი. ეს იყო სასწაული, შემდეგ ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობდა, ფეხმძიმობის არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა გართულებები.

გიორგი საკეისრო კვეთით გაჩნდა, ნარკოზიდან რომ გამოვედი და ბავშვი მომიყვანეს, არ ვუჯერებდი არც თვალებს და არც გონებას, რომ ეს ნამდვილად მოხდა - სიზმარში მეგონა თავი.

წლების განმავლობაში მე და ჩემმა მეუღლემ ბევრჯერ დავაწყეთ გეგმა, თუ როგორ გავზრდიდით შვილს, დღეს უკვე ემოციებისგან დაცლილი ვარ, ისედაც ყველაფერი მომავალი თაობისთვისაა შექმნილი, მინდა ჯანმრთელი და ბედნიერი გაიზარდოს, ნომერ პირველი სურვილი ესაა.

ჯერჯერობით, ხელოვნურად ვკვებავთ ბავშვს, დღეს ვაპირებ ძუძუთი გამოკვებას. ნარკოზის შემდეგ სამი დღეა საჭირო, რომ რძე ჩადგეს ძუძუში.

მეორე ბავშვსაც თუ გავაჩენ, არ მიფიქრია. ჯერ ეს გავზარდო.

ჩემი მაგალითით, უშვილო წყვილებს მოვუწოდებ, რომ ხელი არ ჩაიქნიონ, იმკურნალონ, მედიცინა განვითარდა და უკვე ყველაფერი შესაძლებელია. რწმენა არ დაკარგონ, იმედი არ მოიკვეთონ, იბრძოლონ და ჩაიხუტონ ნანატრი შვილი გულში".

გურამ და ნათელა ლაზიშვილებს პატარა გიორგი სამი დღის წინ საკეისრო კვეთით გაუჩნდათ. ნათელა ლაზიშვილი 59 წლისაა, ხოლო მისი მეუღლე გურამ ლაზიშვილი 61-ის. ისინი ქობულეთის სოფელ წყავროკაში ცხოვრობენ.

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო: როგორ მოევლინა ქობულეთელი წყვილის ნანატრი შვილი 33-წლიანი ლოდინის შემდეგ - ექსკლუზიური კადრები სამშობიაროდან

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი მძიმე პაციენტია საქართველოში და რამდენი იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 17 ადამიანი - როგორია მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით

"თქვენ გჭირდებათ აპოკალიფსი, რომ მოსახლეობა აამხედროთ ქვეყნის ხელმძღვანელობის და ექიმების წინააღმდეგ" - თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს