"მე პატრიარქის გარდა დავალებას ვერავინ მაძლევს" - ქორეპისკოპოსი იაკობი მეუფე პეტრე ცაავასა და შორენა თეთრუაშვილზე

"მე პატრიარქის გარდა დავალებას ვერავინ მაძლევს" - ქორეპისკოპოსი იაკობი მეუფე პეტრე ცაავასა და შორენა თეთრუაშვილზე

ჩემი მისამართით რასაც ამბობს, მოვიდეს პირში მითხრას, - ასე პასუხობს ქორეპისკოპოსი იაკობი ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც მეუფე იაკობმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ბრალდებები არასერიოზულია.

"მეუფე პეტრემ თავის ნათქვამზე თვითონ უნდა გააკეთოს კომენტარები. ჩემი მისამართით რასაც ამბობს, მოვიდეს პირში მითხრას", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

იხილეთ ვიდეო| "ჩემი შიში აქვთ" - ქორეპისკოპოსი იაკობი მეუფე პეტრეს ბრალდებებზე

რაც შეეხება შეკითხვას, მართლაც აქვს თუ არა საპატრიარქოში დიდი გავლენა შორენა თეთრუაშვილს, როგორც ამას მეუფე პეტრე ცაავას ამტკიცებს, ქორეპისკოპოს იაკობის თქმით, "შეიძლება მეუფე პეტრეზე აქვს და უნდა მისი გავლენისგან გათავისუფლება".

"შეიძლება მეუფე პეტრეზე აქვს (გავლენა) და გათავისუფლება უნდა მისი გავლენისგან. ჩვენზე რა გავლენა უნდა ჰქონდეს? ეს არის არასერიოზული რაღაც", - აღნიშნა ქორეპისკოპოსმა იაკობმა.

"პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი მისი გარემოცვის წევრებს, რამდენიმე სასულიერო პირს, მისი დავალებების კარგად შემსრულებლებს " ოქროს თევზს" ეძახის, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ გადაცემაში "არჩევანი" განაცხადა.

მან ისაუბრა ასევე მეუფე იაკობზე და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ის "უნებლიე თანამონაწილეა შორენა თეთრუაშვილის ინტრიგების".

"შორენა თეთრუაშვილი მისი გარემოცვის წევრებს, რამდენიმე სასულიერო პირს, მისი დავალებების კარგად შემსრულებლებს ეძახის "ოქროს თევზს". ეს არის პროტოპროსვიტერი გიორგი, ქორეპისკოპოსი თეოდორე პირველ რიგში, რომელიც ფინანსურ საკითხებში არის ყველაზე მეტად ჩართული.

რაც შეეხება მეუფე იაკობს, ის არის ძალიან პატრიოტი ადამიანი. მე ვფიქრობ, რომ შეცდომაშია შესული, რაღაც პიროვნული დაპირისპირებით, ჩართულია სამწუხაროდ ამ ქალბატონის მიერ დაწყებულ ინტრიგებში, უნებლიეთ არის თანამონაწილე. ჩემი პირადი აზრია, რამეთუ ვიცი მისი გულისხმიერება და სიყვარული სამშობლოს და ეკლესიის მიმართ", - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.

ქორეპისკოპოსი იაკობი მეუფე პეტრე ცაავას პასუხობს და განმარტავს, რომ ერთადერთი, ვის მითითებებსაც ემორჩილება, პატრიარქია, ხოლო პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი "თავის საქმეს აკეთებს".

"როგორ დავახასიათებ? - ჩვეულებრივად, თავის საქმეს აკეთებს. მე პატრიარქის გარდა დავალებას ვერავინ მაძლევს. სამარცხვინოა ამაზე საუბარი. "ოქროს თევზებს" რაც შეეხება - პირველად გუშინ გავიგე მეუფე პეტრესგან. არასერიოზულია უბრალოდ. მეუფეს უნდა შერცხვეს. როგორ უნდა შემხვდეს, არ ვიცი. დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. ჩემგან თანადგომის მეტი არაფერი უნახავს და ასეთ სამარცხვინო რაღაცას ჩემზე რომ ამბობს, თვითონ მაინც იცის, რომ იტყუება ჩემი მისამართით. პატრიარქის გარდა სინოდში არ არსებობს არც ერთი მიტროპოლიტი, მთავარეპისკოპოსი თუ ეპისკოპოსი, მე ბრძანებას მაძლევდეს, თუმცა უწმინდესი კიდევაც მიბრძანებს, კიდევაც დამავალებს...

თუ უწმინდესი დაავალებს ქალბატონ შორენას რამეს და თუ ის გადასცემს რამეს, მაშინ ყველა ვალდებულია, ეს გააკეთოს", - განაცხადა ქორეპისკოპოსმა იაკობმა.

რაც შეეხება შეკითხვას, რატომ არის ის გაჟღერებული ბრალდებების ერთ-ერთი მთავარი ადრესატი, ქორეპისკოპოს იაკობის თქმით, იმიტომ, რომ მისი ეშინიათ.

"ჩემი შიში აქვთ. რატომ ეშინიათ და იმიტომ, რომ მაპატიეთ და მაიმუნობის საშუალებას არ ვაძლევ არავის, რომ აკეთოს და მაგიტომ - ვინც არ უნდა იყოს ის", - აღნიშნა ქორეპისკოპოსმა იაკობმა.

მეუფე პეტრე ცაავას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას ქორეპისკოპოსმა იაკობმა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებთაც ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, ხშირად სხვების განცხადებების გამო რცხვენია.

"არ მინდა დაჭერილ ადამიანზე რამე ვილპარაკო. ჩვენზე ძალიან იმას არასდროს არ შეტკიოდა გული - რა თქმა უნდა, მამალაძეს ვგულისხმობ და მამალაძის კეთილსინდისიერებაზე პირველად მეუფე პეტრესგან მოვისმინე. ვიცნობ მაგ ადამიანს და პირველად მოვისმინე კეთილსინდისიერიაო რომ თქვეს. არასერიოზულია ასეთი განცხადებები. თავისთვის (პეტრესთვის) არის უკეთესი. საზოგადოებაში თუ უნდა რომ ავტორიტეტი ჰქონდეს და პატივისცემა, მასეთი რაღაცეებით ხომ... ხშირად მრცხვენია ხოლმე სხვების მიერ გაკეთებული განცხადებების გამო", - განაცხადა ქორეპისკოპოსმა იაკობმა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა ხელისუფლებას მიმართავს, დეკანოზი გიორგი მამალაძე თავდებით გაათავისუფლონ. მისივე თქმით, ეს იქნება ჰუმანური და ქრისტიანული გადაწყვეტილება.

"მე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ჩემი თამამი აზრი გამოვთქვა. მე არ ვიცი, რამდენად უწყობს კანონი ხელს და რამდენად შესაძლებელია ეს ამ მძიმე ბრალდებიდან გამომდინარე, მაგრამ მე მიაჩნია, რომ გონიერება უნდა აღმოაჩნდეს ხელისუფლებას, რომ დეკანოზი გიორგი, ამ მძიმე ბრალდებით დაკავებული, თავდებით უნდა გათავისუფლდეს. რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა გაგრძელდეს მაღალპროფესიონალურად. რა თქმა უნდა, მას არ უნდა მიეცეს საქართველოს დატოვების უფლება. ის, რომ მამა გიორგის გარეთ ყოფნა რაიმე საფრთხეს წამოადგენდეს, ამას გამოვრიცხავ.

ეს იქნება ძალიან დიდსულოვანი, ძალიან ჰუმანური, ძალიან ადამიანური და ქრისტიანული გადაწყვეტილება, თუ, რა თქმა უნდა, ჩემს ამ თამამ აზრს და რჩევას გაითვალისწინებენ", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - "ციანიდის" მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი