"აუდიტორია 115"-ის გზას საბჭოთა კავშირში მივყავართ"

"აუდიტორია 115"-ის გზას საბჭოთა კავშირში მივყავართ"

ბლოგერის, პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრის, "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" აქტივისტის ცოტნე კობერიძის ბლოგი - "აუდიტორია 115"-ის გზას საბჭოთა კავშირში მივყავართ":

"არაერთი თანამედროვე მემარცხენე ინტელექტუალი ფიქრობს, რომ საბჭოთა ტირანული რეჟიმის მიზეზი მხოლოდ ამ რეჟიმის დიქტატორები და ბელადები იყვნენ, თუმცა მე ვთვლი, რომ ეს მხოლოდ კომუნისტური იდეოლოგიის გამართლების უსუსური მცდელობაა. მსგავსი არაადამიანური სისტემის ჩამოყალიბების მთავარი მიზეზი სწორედაც სოციალისტურ და მემარცხენე იდეებშია.

ინტერვენციონისტების ჯგუფი ცდილობს, სიტყვით უარყოს, როგორც კაპიტალიზმი, ასევე, სოციალიზმი. ისინი თვლიან, რომ მათ მიერ არჩეული გზა, კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის ოქროს შუალედის გამოძებნაა. მე მათ პოპულისტებს ვუწოდებ. ისინი კაპიტალისტების სიხარბის მოსათოკად სახელმწიფოს ჩარევას ითხოვენ და თვლიან, რომ სახელმწიფომ მოგება მშრომელებს უნდა გადაუნაწილოს. უნდა გაგიმხილოთ, რომ საკითხისადმი მსგავსი მიდგომა მცდარია.

"კაპიტალიზმს ამ მიზნების მიღწევა კერძო მეწარმეობითა და ინიციატივით სურს, რაც საზოგადოების მიერ ყიდვა-გაყიდვისგან თავის შეკავების შესახებ ბაზარზე მიღებული გადაწყვეტილებების უზენაესობას ექვემდებარება. სოციალისტებს ცალკეულ პიროვნებათა გეგმების ცენტრალური ხელისუფლების ყოვლისმომცველი გეგმით ჩანაცვლება სურთ" - (ლუდვიგ ფონ მიზესი, 2016 წლის გამოცემა, გვ. 253)

ეს ორი იდეა ერთმანეთთან შეუთავსებელია და შერწყმის საშუალებას არ იძლევა, რადგან ან ინდივიდებმა და ბაზარმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ გადანაწილდეს დოვლათი ან სახელმწიფომ. ეს იდეები ერთმანეთს გამორიცხავენ. მაგალითისთვის ვთქვათ, რომ ხელისუფლება თვლის, რომ მუშახელის ფასი ძალიან დაბალია, ის ბაზრის რეგულირებას იწყებს და მინიმალურ სახელფასო ზღვარს აწესებს, რომელიც საბაზრო ფასზე მაღალია. ამას შედეგად მოყვება ის, რომ მუშახელის დამსაქმებლები ზარალს განიცდიან, რამდენადაც ვერცერთი ბიზნესმენი ასე წარმოების გაგრძელებას ვერ შეძლებს. შესაბამისად, მოუწევთ, გადადგან გარკვეული ნაბიჯები, რის შედეგადაც:

ა) ადამიანთა გარკვეული რაოდენობა სრულიად დაკარგავს სამსახურს, ან

ბ) თუ მეწარმე არ გაათავისუფლებს მუშახელს, მოუწევს უფრო მეტი გადაუხადოს მათ, რის გამოც, გაიზრდება პროდუქტის ფასი და ისევ მომხმარებლები და ყველა მოქალაქე ვიზარალებთ.

აღნიშნული სიტუაცია ხელისუფლებისთვის კიდევ უფრო არასახარბიელო იქნება, ვიდრე მისი წინამორბედი. ახლა ხელისუფლება არჩევანის წინაშე დადგება: გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება ან უფრო მეტად დაარეგულიროს ბაზარი და პროდუქტზე ფასების ზედა ზღვარი დააწეროს. ის შეეცდება, პროდუქტი იმაზე იაფად გაყიდოს მეწარმემ, ვიდრე მისი საბაზრო ფასია.

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მეორე ვარიანტს აირჩევს, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება. ხელისუფლებას მოუწევს კიდევ უფრო შორს შეტოპოს და იმ საწარმოო ფაქტორებს დაუწესოს ფასები, რომლებიც თავის მხრივ, იმ ბიზნესებს ამარაგებენ პროდუქციით, რომლებსაც სახელმწიფომ უკვე დაუწესა მინიმალური ხელფასის ზღვარი.

ასე ნაბიჯ-ნაბიჯ და ეტაპობრივად ხელისუფლება სრულიად გააკონტროლებს ბაზარს და თითოეულ მუშახელსა თუ მეწარმეს დაავალდებულებს, მის მიერ შემოღებულ წესებსა და კანონებს დაემორჩილოს. და თუკი რომელიმე დარგი შეზღუდვებს მიღმა აღმოჩნდება, მაშინ მთელი კაპიტალი და მუშახელი მისკენ გადაინაცვლებს, რაც გულისხმობს იმას, რომ საერთოდ შეწყდება იმ პროდუქციის წარმოება, რომლის ხელმისაწვდომობის გაზრდის გამოც დაიწყო სახელმწიფომ რეგულაციები.

მიზეზი იმისა, თუ რამ შეიძლება, გადააქციოს დემოკრატიული სახელმწიფო ტოტალიტარულ სახელმწიფოდ, არის გეგმიური და მემარცხენე ეკონომიკა. იმისათვის, რომ სახელმწიფომ რაიმე დაგეგმოს და შემდეგ უკვე მისი განხორციელება შეძლოს, საჭიროა კონცეტრირებული ძალაუფლება. სწორედ ამიტომ, ასეთი ეკონომიკა დიდ ძალაუფლებას მოითხოვს. ძალაუფლება ხალხისგან მთავრობაში გადადის, თითოეული მოქალაქე თავის თავისუფლებასა და საკუთრებას თმობს იმისთვის, რომ სახელმწიფომ თავისი პოლიტიკის თავისუფლად გატარება შეძლოს.

როგორც ლორდ ექტონი იტყოდა, "ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად" - როდესაც ძალაუფლება ხალხშია გადანაწილებული, მაშინ მისი მასშტაბი ძალზედ მცირეა, ხოლო როცა ის ერთი ადამიანის ხელშია კონცენტრირებული, წარმოუდგენელ მასშტაბებს იძენს. ადამიანი, როგორ დემოკრატიულადაც არ უნდა იყოს ის განწყობილი, თუ გეგმიურ ეკონომიკას მიმართავს, ორი არჩევანის წინაშე დგება: შეეგუოს თავისი გეგმის სრულ კრახს ან იკადროს და გააკეთოს ყველაფერი, რათა რაც შეიძლება დიდხანს გაიხანგრძლივოს მმართველობის ლეგიტიმაცია და მიზნისკენ სწრაფვა ყოველგვარი უხეში და არაჰუმანური გზების გამოყენებითაც კი განაგრძოს.

ის, რაზეც მე გესაუბრებით, მხოლოდ თეორია და ჩემ მიერ მოგონილი ლოგიკური მონახაზი არ არის. სწორედ მსგავსი ინტერვენციონისტული პოლიტიკით დამყარდა 1931 წელს სოციალიზმი გერმანიაში, როდესაც ქვეყანამ პირველი მსოფლიო ომის დროს მომხმარებლებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საგნებზე ფასების განსაზღვრით დაიწყეს და ბაზარზე ჩავარდნამ ხელისუფლება აიძულა უფრო და უფრო შორს წასულიყო. მათ ჰინდერბურგის გეგმა შექმნეს, რომლის შინაარსიც საერთოდ აღარ ითვალისწინებდა მომხმარებლის თავისუფალ არჩევანს. ყველანაირი ეკონომიკური საქმიანობა, უფრო და უფრო, დაექვემდებარა ხელისუფლებას. ასევე არაჩვეულებრივი მაგალითია ბრიტანული სოციალიზმი - ლეიბორისტულმა პარტიამ, პროფკავშირებმა და ინტერვენციონიზმმა კლასიკური ლიბერალიზმის სამშობლო და ერთ დროს უმდიდრესი ქვეყანა, გაღატაკებულ სოციალისტურ სახელმწიფოდ გადააქცია. დადგა ისეთი პერიოდი, როდესაც ბრიტანეთში ქუჩებიც კი აღარ სუფთავდებოდა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საჯარო სექტორში იყო დასაქმებული და საოცარ გაჭირვებაში ცხოვრობდნენ მანამ, სანამ მარგარეტ ტეტჩერმა ბაზარზე სახელმწიფოს წნეხი არ შეამსუბუქა. ტეტჩერი ითვალისწინებდა ნეოლიბერალურ ხედვებს და ხშირად ციტირებდა ფრიდრიხ ფონ ჰაიეკის ტექსტებს

"სოციალისტური დაგეგმარებისა და სოციალისტური სახელმწიფოს ყველაზე ძლიერი კრიტიკული ანალიზი, რომელიც კი წამიკითხავს და შემდეგ ხშირად გადამიკითხავს, ჰაიეკის "გზა ბატონყმობისკენ" არის" - მარგარეტ ტეტჩერი

მინიმალურ სახელფასო განაკვეთებს, იქნება ეს სახელმწიფო ძალისხმევით თუ მშრომელთა კავშირების ზეწოლით, მასობრივი უმუშევრობა მოჰყვება. ყველანაირი ხელოვნური ჩარევა მხოლოდ მომენტალურ გამოცოცხლებას გამოიწვევს ბაზარზე, მაგრამ ამგვარი კეთილდღეობა ხელოვნური იქნება და აუცილებლად განწირული იქნება ეკონომიკური კრახისა და დეპრესიისთვის. ხელფასის გაზრდის ერთადერთი საშუალება თავისუფალი ბაზარი და ინვესტიციების ზრდაა.

ყველა ის ადამიანთა ჯგუფი, იქნება ეს აუდიტორია 115, სოციალ-დემოკრატები, მწვანეთა პარტია, კომუნისტები თუ ფაბიანური სოციალიზმის მომხრეები, ამოფარებულები არიან ჰუმანურობის ნიღაბს. სინამდვილეში კი მათი ქმედებები და იდეები ადამიანის კეთილდღეობის წინააღმდეგ არის მიმართული. ყოველი მათგანი ერთსა და იმავე გზას ადგას - გზას საბჭოთა კავშირისკენ. მართალია, ზოგიერთი მათგანი უფრო ნელი ნაბიჯით სიარულს გვთავაზობს, ზოგი კი - უფრო სწრაფით, თუმცა საბოლოო დანიშნულების ადგილი ერთი და იგივეა, წუმპე! სიღატაკე! ტოტალიტარიზმი!

ყოველი მცდელობა ეგალიტარული საზოგადოების მიღებისა, განწირულია. ის აპრიორი მოითხოვს ტოტალიტარული მმართველობის დამყარებას. ჩვენ მივიღებთ სისტემას, სადაც თანასწორობა უთანასწორობაზე იქნება დაფუძნებული

"ახლა კედელზე ერთადერთი მცნება ეწერა: ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორია, ვიდრე სხვები" - ჯორჯ ორუელი

ასე რომ, ჩემო მკითხველო, უარი ვთქვათ ძალადობრივ სისტემაზე, გავიაზროთ დაშვებული შეცდომები და ვიბრძოლოთ მეტი თავისუფლებისთვის"

წაიკითხეთ მეტი აქ:  Liberty Bloggers

ასევე დაგაინტერესებთ| VIDEO: "მადლობა თქვი, რომ ასე გელაპარაკები" - "აუდიტორია 115"-ის ლიდერის დაპირისპირება "ბიბლუსის" თანამშრომლებთან