"ბავშვის მშობლები ჩემგან ათი ქულის დაწერას ითხოვდნენ" - ბულინგში დადანაშაულებულ მასწავლებელს დირექციამ სასტიკი საყვედური გამოუცხადა

"ბავშვის მშობლები ჩემგან ათი ქულის დაწერას ითხოვდნენ" - ბულინგში დადანაშაულებულ მასწავლებელს დირექციამ სასტიკი საყვედური გამოუცხადა

თელავის მეოთხე სკოლაში მასწავლებლის მიერ მოსწავლეზე ზეწოლის და შესაძლო ბულინგის ფაქტზე დისციპლინარულმა კომიტეტმა იმსჯელა. როგორც კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ სკოლის დირექტორმა Ambebi.ge-სთან საუბარში განაცხადა, პედაგოგი ნინო მახარობლიძე სკოლაში რჩება, თუმცა მას სასტიკი საყვედური გამოეცხადა.

"სკოლის დისციპლინარულმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება - მასწავლებელს, რომელიც ბულინგშია დადანაშაულებული გამოეცხადოს მკაცრი საყვედური და არ დაიშვას აღნიშნულ კლასში, თუმცა კანონმდებლობის შესაბამისად ის რჩება სკოლაში და აგრძელებს პედაგოგად მუშაობას. მასთან დაკავშირებით მშობლებს, სხვა შემთხვევაშიც ჰქონდათ პრეტენზია, როდესაც მის პროფესიულ შესაძლებლობებში ეჭვი შეიტანეს. დირექციამ ამ შემთხვევაშიც მას კლასი შეუცვალა", - განაცხადა თელავის მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორმა ეკატერინე გიგიტელაშვილმა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს მოსწავლის მშობელიც. ჩვენთან საუბარში ი. ს. აცხადებს, რომ პედაგოგი მათი მეზობელია და კონფლიქტური პიროვნებაა.

"წელიწადნახევარია რაც ჩვენს შორის ეს დაპირისპირება არსებობს. მასწავლებელი ჩვენი მეზობელია და საკმაოდ კონფლიქტური პიროვნებაა. ვცადე გამერკვია რატომ გადაეკიდა ჩემს შვილს, თუმცა საუბარმა შედეგი ვერ გამოიღო და ამის შემდეგ სკოლის დირექტორს მივმართე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემი შვილი გაკვეთილზე არ შედიოდა, მე კი ვეუბნებოდი, რომ მოეთმინა და ურთიერთობა მათ შორის როგორმე დალაგდებოდა. ამის მიუხედავად, ყველა გაკვეთილი მასწავლებლის მხრიდან ჩემს შვილზე ნეგატიურ კონტექსტში საუბრით იწყებოდა. მე ვთვლი, რომ მასწავლებელი, რომლებიც ბავშვებს და მშობლებს აშანტაჟებდა, რომ აღნიშნულზე ხმა არ ამოეღოთ, სკოლაში არ უნდა მუშაობდეს" - აცხადებს მოზარდის დედა.

ბულინგსა და არასათანადო მოპყრობაში დადანაშაულებული პედაგოგი ნინო მახარობლიძე მოსწავლის ოჯახთან პირად კონფლიქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ბავშვი არაადეკვატურია და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე მაღალ ნიშანს ითხოვს.

"წელიწადნახევარია ბავშვის ოჯახის წევრები ჩემზე ზეწოლას ახორციელებენ და ათი ქულის დაწერას ითხოვენ. მე მას ცხრა ქულა დავუწერე, მაგრამ რეალურად კომისიაზე მხოლოდ ხუთი მიიღო, მას შევთავაზეთ, რომ ექსტერნად ესწავლა, რა შემთხვევაშიც საგნის ჩაბარება სხვა პედაგოგთან მოუწევდა, თუმცა მიუხედავად ამისა, პასუხად ისევ ზეწოლა მივიღე. ცილს მწამებენ თითქოს მე მათი მეზობელი ვარ, მაგრამ ის პირველად 2015 წლის სექტემბერში ვნახე. ბოლო პერიოდში ის უბრალოდ ადგებოდა და გაკვეთილიდან გადიოდა, თან მეუბნებოდა, რომ მე მას შეურაცხყოფა მივაყენე" - აცხადებს პედაგოგი.

ერეკლე ცოცანიძე

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი