პრემიერი - როცა ხდება პიროვნების დაკავება ასეთი ნივთიერებით, რომელიც მიემგზავრება პატრიარქთან, არ გვაქვს უფლება, არ დავუშვათ ყველანაირი სცენარი

პრემიერი - როცა ხდება პიროვნების დაკავება ასეთი ნივთიერებით, რომელიც მიემგზავრება პატრიარქთან, არ გვაქვს უფლება, არ დავუშვათ ყველანაირი სცენარი

როცა ხდება პიროვნების დაკავება ასეთი ნივთიერებით, რომელიც მიემგზავრება პატრიარქთან, ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ დავუშვათ ყველანაირი სცენარი, ამიტომ ჩვენ განცხადებაც გავაკეთეთ და მივიღეთ შესაბამისი პრევენციული ზომები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ხელისუფლებასა და პროკურატურას შორის არასათანადო კომუნიკაცია იმ განცხადებების გამო, რომელიც გაკეთდა პრემიერისა და პოლიტიკოსების მხრიდან, რომ პატრიარქს საფრთხე ემუქრებოდა, გიორგი კვირიკაშვილმა უპასუხა, რომ სახელმწიფო, მოქმედებს იმ საკანონმდებლო ჩარჩოში რომელიც მას გააჩნია.

"საქმე საკმაოდ რეზონანსულია და არის მგრძნობიარე საკითხი, პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ მყარი საფუძველი იმ ქმედებებისთვის, რაც მათ განახორციელეს. მხედველობაში მაქვს როგორც დაკავება, ასევე გამოძიების გაგრძელება. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ეკლესიის ერთიანობა, ჩვენ მაქსიმალურად, დღემდე ვცდილობთ თავი შევიკავოთ გამოძიების მასალების გამოქვეყნებისგან. ამას ვაკეთებთ გამოძიებისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ამის პასუხად ჩვენ, საზოგადოების მთელი რიგი წარმომადგენლების მხრიდან და რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მივიღეთ საკმაოდ უსამართლო და არადეკვატური რეაქცია. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვითხოვთ უფრო მეტ ნდომას და პატივისცემას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც პატრიარქი საქართველოში დაბრუნდება, ამ საკითხის ირგვლივ სრულ ინფორმაციას მიიღებს.

"ჩვენ, პატრიარქის ოპერაციის წინა დღეს, მაქსიმალურად გავუფრთხილდით მას, არ გვინდოდა მისი აღელვება და თავი შევიკავეთ დაკავების ინფორმაციის გამოქვენებისგან. სამწუხაროდ, ასე არ მოიქცა ერთ-ერთი მედიასაშუალება, რომელმაც გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია და ჩვენ მოგვიწია, შემდეგ მოპასუხის რეჟიმში ყოფნა. ამ პირობებშიც, ჩვენ თავი შევიკავეთ გამოძიების მასალების გამოქვეყნებისგან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ, რაც პატრიარქი დაბრუნდება საქართველოში და მიიღებს სრულ ინფორმაციას ამ საკითხის ირგვლივ, მას ექნება შესაბამისი პოზიცია ამ საკითხის თაობაზე. სახელმწიფო, რა თქმა უნდა, მოქმედებს იმ საკანონმდებლო ჩარჩოში, რომელიც მას გააჩნია და სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს.

რაც შეეხება იმას, თუ რა აღქმა შეიქმნა სხვადასხვა განცახდებების შემდეგ, ბუნებრივია, ეს იყო ძალიან მგრძნობიარე საკითხი. მე ამაზე გავაკეთე განცხადება, როცა ხდება პიროვნების დაკავება ასეთი ნივთიერებით, რომელიც მიემგზავრება პატრიარქთან, ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ დავუშვათ ყველანაირი სცენარი, ამიტომ განცხადებაც გავაკეთეთ და მივიღეთ შესაბამისი პრევენციული ზომები, იმისთვის, რომ არ მომხდარიყო დიდი უბედურება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა უნდა მივცეთ საშუალება გამოძიებას, რომ მათ წარმართონ პროცესი, რათა სრული ინფორმაცია, გახდეს ნათელი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი