"52 წლის კაცს ჯვარი უნდა დაეწერა 16 წლის ქალზე. ახალგაზრდა ქალმა ტირილი მორთო..." - საინტერესო ამბები საუკუნის წინანდელი პრესიდან

"52 წლის კაცს ჯვარი უნდა დაეწერა 16 წლის ქალზე. ახალგაზრდა ქალმა ტირილი მორთო..." - საინტერესო ამბები საუკუნის წინანდელი პრესიდან

რა ხდებოდა საუკუნის წინანდელ საქართველოში, როგორი იყო პოლიტიკური და სოციალური ვითარება, ყოველდღიური ცხოვრება... ვაგრელებთ რუბრიკას "საუკუნის წინანდელი პრესა" და გთავაზობთ ამონარიდებს ეროვნული ბიბლითეკის არქივში დაცული სხვადასხვა გაზეთებიდან - აი, რას წერდნენ XX საუკუნის ქართულ პრესაში:

"ცნობის ფურცელი" - 1899 წელი. 11 იანვარი

ჯვარის წერის დაშლა პატარძლისა უარის გამო:

გაზ. "მშაკს" სიღნაღიდან აუწყებენ შემდეგს შემთხვევას, რომელიც მომხდარა ადგილობრივ სომეხთა ეკლესიაში 28 დეკემბერს. 52 წლის კაცს ჯვარი უნდა დაეწერა 16 წლის ქალზე. ახალგაზრდა ქალმა, როგორც კი თავმოყრილ საზოგადოებას თვალი გადაავლო, ტირილი მორთო. ვიღაცა დამსწრეთაგანმა წარმოსთქო, სარძლოს მისი სურვილის წინააღმდეგ ათხოვებენო. ამ სიტყვებმა ხალხში ლაპარაკი გამოიწვია. ატყდა ხმაურობა და წინააღმდეგობა: სარძლო ხმამაღლა აქვითინდა, ერთი დამსწრეთაგანის თხოვნით, მღვდელი დაეკითხა ქალს, - თანახმა ხარ თუ არა, სასიძოს ცოლად გაჰყვეო. სარძლომ უარი განაცხადა და მღვდელმა ქალი მაშინვე გაისტუმრა.

გუდაუთი (აფხაზეთი)

ახალი წელი და ახალი ამბები: ახლად შემოღებულმა წარმოდგენამ დიდი ყურადღება მიიპყრო. არტისტებმა წინდაწინვე გამოაცხადეს, რომ იანრვის ექვს, წარმოდგენა გვექნება და ბილეთები გაგვისაღეთო. მართლაც დანიშნულ დღეს, მივიდნენ მსურველნი სასტ. "კავკაზში, სადაც წარმოდგენა იყო დანიშნული, მაგრამ საუბედუროდ, მაყურებლებს არ ღებულობდნენ, რადგან "სეკრეტნი" წარმოდგენა გვაქვსო. აბა რას იზამდნენ, გულ-ხელ დაკრეფილი უკან გამობრუნდნენ.

წაიკითხეთ: როგორ მოკლა ქალმა საყვარლის დახმარებით ქმარი აღდგომის ღამეს - რა იწერებოდა 20-იანი წლების ქართულ პრესაში

ერთათ-ერთი მამა-პაპური რამ დარჩენილა - ახალ წელს მეზობლების ერთმანეთში მილოცვა. ის ერთი წესი შეასრულეს, მაგრამ ამასაც არ ჰქონდა ძველი ფერი, "ვიზიტით" მოსიარულენი ერთობ განსაცდელში ჩავარდნენ აფხაზებისგან. ყმაწვილები მწკრივ-მწკრივად ქიჩებზე მწობრად მიმოდიოდნენ ნელის ღიღინით, რომელსაც აფხაზების ურემი ბანს აძლევდა. ბოლოს როდესაც მოთმინებიდან გამოვიდნენ "მოვიზიტენი, პოლიციასთან დააბეზღეს აფხაზები. "დღეს დიდი დღეა, ახალი წელია და ესენი ურმით დადიანო". პოლიციამაც შეიპყრო რამდენიმე მათგანი და დაატუსაღა.

ამორჩეული აზრები:

ღმერთმა ქალებს წვერი იმიტომ არ მისცა, რომ მოპარსვის დროს ისინი არ დაჩუმდებოდნენ და მოპარსვა შეუძლებელი იქნებოდა.

ხნიანი გასათხოვარი ქალის არშიყობა იმ ძველ ლექსებს წააგავს, რომლებიც სამუდამოდ სტოლის უჯრაში უნდა ეწყოს.

"ჰო" - ისეთი სიტყვაა, რომელსაც ქალები თვალებით უფრო ადვილათ წარმოსთქვამენ, ვიდრე ტუჩებით..."

1906 წელი, 30 ოქტომბერი. "ივერია"

ვისი "დაპყრობა" უნდათ?

"ჩვენი ეჭვი გამართლდა. - გამართლდა ჩვენდა სასიამოვნოდ და სასიხარულოდ ის ხმები, რომ გურია აჯანყდა და ჯართან პირისპირ საბრძოლველად გამოვიდაო, არ გამართლდა - ეს ხმები ძალზე გაბერილი და გადაჭარბებული გამოდგა. ქუთაისის გურნიის მმართველი ალ. ყიფშიძე ოფიციალურად აცხადებს, რომ გურიაში არავითარი აჯანყება არ მომხდარა, - მოხდა მხოლოდ პატარა შეტაკება მოდარაჯე კაზაკების რაზმთან, რომლის მსგავსი ყოველდღე ხდება სხვაგანაც, ცხადად გამომჟღავნდა ის ამბავი, რომ ადმინისტრაციამ რწყილი აქლემად დაუსახავს და ჩვეულებრივი შეტაკება ცეცხლ-ანთებულ აჯანყებად მოსჩვენებია... ეს ასეა, მაგრამ ახკა სხვა საქმეა რა გზას დაადგება და რას მოიმოქმედებს კავკასიის უმაღლესი მთავრობა. ჯარი უკვე გაგზავნილია გურიისკენ და ახლა კიდევ გაგზავნას აპირებენ, მაგრამ ვის წინააღმდეგ ვის დასაპყრობად და დასამორჩილებლად?.. გურიას არავითარი დაპყრობა არ სჭირდება...ის არავისგან განცალკევებას არ ცდილობს.  

ახალი ამბები:

გურიიდან დეპეშით დაწვრილებით იტყობინებიან ჩოხატაურში მომხდარ ამბებს. 16 ოქტომბერს, სამასი გურული დასცემია კაზაკების პოსტს. მოუკლავთ ერთი. დაუჭრიათ ორი. წაურთმევიათ ათი ბერდანის თოფი. მეორე დღეს დაუტუსაღებიათ ბოქაული გაგუა და რამდენიმე სტრაჟნიკი. ამასთან წაურთმევიათ თოფები და პატრონები. 19 ოქტომბერს, ჩაოხატურიდან დაბრუნების დროს მაზრის უფროსს ჩასაფრებიან გზაზე და კაზაკებისთვის დაუშენიათ თოფი და ყუმბარა. დაჭრილია რამდენიმე კაზაკი, მაგრამ ექვსი გურულებს ტყვედ წაუყვანიათ.

"ხმა ქართველი ქალისა", პირველი ფემინისტური გაზეთი, 1918 წელი, ოქტომბერი" - "თანასწორობა სქესთა წინაშე კანონისა

ასჩვიდმეტი წლის მონობამ ძირიანად მოგლიჯა ის ჭეშმარიტი გრძნობა ჩვენი გულის ფიცრიდან, რომელსაც სამშობლოსადმი სიყვარული ეწოდება. ახლა კი, ჩვენმა დედებმა და დებმა უნდა განამტკიცონ და ხელიან არ გაუშვან ის სისიხლით მონაპოვი თავისუფლება. მაგრა მხოლოდ იმ ერს შეუძლია ჩაერიოს თავისუფლების ფერხულში, სადაც არ არსებობს არავითარი მონობა, ქალი როგორც ასეთი გარდაიქცა მამაკაცის საკუთრებად. ეს უკანასკნელი მას უყურებდა, როგორც ვნებათა ღელვის დასამშვიდებელ საგანს და საკმარისი იყო, რომ ქალს აღარ დაეკმაყოფილებინა მისი მხეცური ინსიქტი, რომ ქალს გარეთ გამოაგდებდნენ, როგორც როგორც უვარგისჩვარსა... თანდათან ქალი იგნებდა თავის მდგომარეობასა. ბევრი გამოჩენილი პირი იბრძოდა ქალთა უფლებების გასაუმჯობესებლად... მაშ ვინ უნდა იზრუნოს თქვენთვის საქართველოს ასულნო?.. თუ რუსეთის გათახსირებულმა პოლიტიკამ ჩაჰკლა თქვენში უნარი ბრძოლისა?.. დე, ეხლა ამ ჟამს განიღვიძოს თქვენში ძველ დედათა მიმალულმა ძლიერმა სულმა. "ჩვენც ადამიანები ვართ და უნდა მოგვეცეს ის უფლება, რითაც ყოველი თქვენგანი სარგებლობს..."

"ახალი საქართველო", 1920 წელი, 12 ივლისი"

ტრამვაის წარწერები:

ქალაქის გამგეობამ დაადგინა რომ ტრავმაის ყველა ვაგონებს ქართულად წააწერონ, ხოლო ამავე დროს რომელიმე ადგილას რუსული წარწერებითაც უნდა დაწეროს ტრავმაის მარშრუტი.

"წერილი ხევიდან:"

"სოფელ აჩხატში გარდაიცვალა ძვირფასი მამულიშვილი ვაჭარი გაბრიელ ბედოშვილი. აქ საჭიროდ მიმაჩნია ორიოდე სიტყვით დავახასიათო განსვენებულს პიროვნება, - გაბრიელი ჩამომავლობით ოსი იყო და დიდი მოსიყვარულე იყო საქართველოსი. ქართული მწიგნობრობისა, შინაურის სწავლით გამოსული, ივანე მაჩაბლისა და ილია ჭავჭავაძისა "დროებასა" და "ივერიაში" მუშაობდა. 42 წლის ვაჭრობაში სიკვდილის შემდეგ, 700-800 მანეთიც არ აღმოაჩნდა, თუმცა მას კარგი შემთხვევები ჰქონდა გამდიდრებულიყო, მაგრამ ის ამაზე სრულებით არ ზრუნავდა.

განსვენებული ამასთან დიდი მორწმუნე იყო და დიდი მცოდნე ქართული ლიტერატურისა. 1877 წლიდან უკანასკნელი ომების დაწყებამდე ამას მოეპოვებოდა ყოველგვარი წამლები და ხალხს შეძლებისდაგვარად, ბეჩავებს უფასოდ და შეძლებულებს იმ ფასად აწვდიდა წამლებს და დარიგებას, რა ფასითაც თითონ მას უჯდა. სხვაფრივაც დიდად შველოდა ხევს და მასზედ პრესაში თუ ისე, მუდმივად იმაღლებდა ხმას. მადლიერი მოხევეები არასდროს დაივიწყებენ მის კეთილ სახეს"

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი